Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ დავინახეთ ხარვეზები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია, რაც მმართველ გუნდს შემდგომი არჩევნებისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება. "ჩვენ დავინახეთ ხარვეზები, რომლებიც მომავალში აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, მაგრამ მთლიანობაში არჩევნები ჩატარდა ძალიან კარგად, დემოკრატიულად და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მადლობა არჩევნების კარგად ორგანიზებისთვის გადაუხადა ცესკოს და წესრიგის და უსაფრთხოების დაცვისთვის შსს-ს. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა უცხოელ პარტნიორებსაც არჩევნების ობიექტურად შეფასებისთვის და განაცხადა, რომ ხელისუფლება ყოველთვის გრძნობს და აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას. რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" პრაქტიკულად ყველგან გაიმარჯვა და ყველა საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა. ღარიბაშვილის თქმით, პროპორციული სისტემით გამარჯვების გარდა კოალიციის კანდიდატებმა მოიპოვეს მაჟორიტარული მანდატების დაახლოებით 77,4%-იც. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მეორე ადგილის პრეტენზიის მქონე ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებული მაჟორიტარების რაოდენობა 6,1%-ია, რაც ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ამ პარტიის რეალური რეიტინგია. 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველი კოალიციის მერობის კანდიდატებმა პირველ ტურში გამარჯვება ვერ შეძლეს 12-დან 8 თვითმმართველ ქალაქში და გამგებლობის კანდიდატებმა 59-დან 13 თვითმმართველ თემში.
XS
SM
MD
LG