Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 17 ივნისი


„ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები წაართვა“ - ამ სათაურის სტატიით გამოეხმაურა გაზეთი „იზვესტია“ საქართველოში 15 ივნისს გამართულ ადგილობრივ არჩევნებს, რომლის შედეგებმა, რუსული გამოცემის მიხედვით, აჩვენა, რომ მმართველმა კოალიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. გაზეთი შეახსენებს მკითხველს, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხოლოდ თბილისის მერიასა და სხვა ადგილობრივ ორგანოებში შეინარჩუნა გავლენა: „ახლა კი საჭიროა უკანასკნელი ძალისხმევა, რათა აღებული იქნეს ეს ბასტიონიც. სავარაუდოდ, თბილისში მერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება, რადგანაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა კანონით დაწესებული 50-პროცენტიანი ბარიერი“. სტატიის მიხედვით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ გამოიჩინა „არნახული ლიბერალიზმი“ და უმკაცრესად აკრძალა მცირედი ფალსიფიკაციაც კი. სტატია სრულდება საქართველოს-პრემიერ მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით გაკეთებული პროგნოზით, რომ მეორე ტურში სახელისუფლებო კოალიციის გამარჯვების შემდეგ სააკაშვილი საბოლოოდ დაკარგავს კონტროლს საქართველოს დედაქალაქზე.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი რუსეთში ორმაგი მოქალაქეობის გამო სასჯელის გამკაცრების შესახებ წერს. თანაც, ირკვევა, რომ კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ გაამკაცრეს უფრო სწრაფად, ვიდრე შექმნეს მისი რეალიზაციის პროცედურა. კანონი ავალდებულებს რუსეთის მოქალაქეს, 2014 წლის 1 აგვისტომდე აცნობოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შესახებ მიგრაციის ფედერალურ სამსახურს. კანონის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 200 ათასი რუბლის ოდენობით ან 400-საათიან სავალდებულო სამუშაოს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს ანდრეი ლუგავოის „ნეზავისიმაია გაზეტასთვის“ უთქვამს, რომ კანონში შეტანილი ცვლილების მიზანია შეიქმნას ეროვნული ორიენტაციის ელიტა, რომელზეც სხვა სახელმწიფოები გავლენას ვერ მოახდენენ. თუმცა პარტია „იაბლოკოს“ თავმჯდომარის მოადგილე გალინა მიხეევა შიშობს, რომ ელიტის შექმნის მორიგი მცდელობა შესაძლოა იქცეს კიდევ ერთ ნაბიჯად „რკინის ფარდისკენ“ მიმავალ გზაზე. „ნეზავისიმაია გაზეტას“ რედაქციაც შენიშნავს, რომ ცვლილების ამოქმედების მოკლე ვადა - ორი თვე - პრობლემებს შეუქმნის ორმაგი მოქალაქეობის მქონე მილიონობით რუსეთის მოქალაქეს, რომელთა შორის, მაღალი ალბათობით, რამდენიმე ათეული ათასი საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირიც იქნება.

„უმრავლესობის აზრით, რუსეთის დიდება განისაზღვრება მეზობლების მიმართ აგრესიული დამოკიდებულებით“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის - ВЦИОМ-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები. ირკვევა, რომ რუსეთის ყოველ მეორე მოქალაქეს სჯერა, რომ მისი სამშობლო უახლოეს 15 წელიწადში ძლევამოსილ სახელმწიფოდ იქცევა, ხოლო ყოველი მეხუთე უკვე დარწმუნებულია, რომ რუსეთი დღესაც ასეთი ქვეყანაა. სტატიის მიხედვით, წლიდან წლამდე ამგვარად განწყობილი მოქალაქეების რიცხვი განუხრელად იზრდება. ექვსი წლის წინ, 2008 წელს, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთი ზესახელმწიფოა, ორჯერ ნაკლები იყო, ხოლო რუსეთის დიდ მომავალს მხოლოდ ყოველი მეათე ჭვრეტდა. სტატიის ავტორი, ეკონომისტი სერგეი ალეკსაშენკო მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებას მარტივი ახსნა მოეძებნება: ყოველი პატარა, მაგრამ გამარჯვებით დასრულებული ომი (ჯერ საქართველოსთან, შემდეგ კი უკრაინასთან), მოწონებული სახელმწიფო პროპაგანდის აქტიური მუშაობით, სულ უფრო და უფრო მეტ რუსს უმტკიცებს რწმენას საეჭვო სენტენციის ჭეშმარიტებაში: ეშინიათ, ესე იგი პატივს გვცემენ.

„კომერსანტში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ ზესახელმწიფოს სტატუსის მოსაპოვებლად საკმარისია რუსეთს ჰყავდეს ძლიერი ჯარი. ეს მაჩვენებელი, 2007 წელთან შედარებით, თითქმის ორჯერაა გაზრდილი, მაშინ როცა რუსეთის იმ მოქალაქეების წილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს ძლიერების მთავარი კრიტერიუმი მისი მოქალაქეების კეთილდღეობის მაღალი დონეა, 37-დან 25 პროცენტამდე შემცირდა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG