Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის ენერგოგიგანტები რუსეთთან თანამშრომლობას არ თმობენ


ენერგეტიკის გიგანტი კომპანიები BP და ExxonMobil-ი აცხადებენ, რომ დასავლეთის ენერგეტიკული მოთხოვნის დაკმაყოფილებაში რუსეთი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ამ განცხადებების ფონია რუსეთის ენერგიის მიწოდებაში შეფერხების საფრთხე, რომელიც ევროპას უკრაინის კრიზისის გამო ემუქრება.

როგორც სააგენტოები „ფრანს-პრესი“ და „როიტერსი“ იუწყებიან, ეს განცხადებები გაკეთდა მოსკოვში ორშაბათს გამართულ მასშტაბურ კონფერენციაზე, რომელიც ენერგიის საკითხებს მიეძღვნა. საუბარია „პეტროლეუმის“ მსოფლიო კონგრესზე, რომელიც ენერგეტიკის სექტორის კალენდარში ერთ-ერთ მთავარ ფორუმად ითვლება.

„ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ევროპა დამოკიდებულია რუსეთის გაზზე, რუსეთი კი - ევროპისგან მიღებულ მოგებაზე, მნიშვნელოვან კავშირს ქმნის. ჩემი რწმენით, ენერგეტიკას ხიდის ფუნქციის შესრულება შეუძლია“, - უთქვამს BP-ს მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელს, ბობ დადლის, მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე.

„მიმწოდებლის და მომხმარებლის ურთიერთდამოკიდებულება სტაბილურობის წყაროა ძალიან მღელვარე მსოფლიოშიო“, დასძინა მან.
მოსკოვში გამართული კონფერენციის ფონია რუსეთის მიერ უკრაინისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა მას შემდეგ, რაც 16 ივნისს ამოიწურა ვალის გასტუმრების ვადა. მოსკოვი ევროპას აფრთხილებს, რომ შესაძლოა მას გაზის მიწოდებაში შეფერხებები შეექმნას, თუკი კიევი დასავლეთისთვის განკუთვნილი გაზის თავისთვის „გადაქაჩვას“ დაიწყებს, როგორც ეს 2006 და 2009 წლების უთანხმოებების დროს მოხდა.

უკრაინა მოხმარებული გაზის ნახევარს რუსეთისგან იღებს და თავის ტერიტორიაზე გაატარებს ევროპაში მოხმარებული გაზის, დაახლოებით, 15 პროცენტს. ამ გარემოების გამო რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის უთანხმოების გადაჭრას ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი გიუნტერ ოტინგერიც ცდილობს.

დასავლეთის მთავრობები გლობალურ ფირმებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ რუსეთში მაღალი პროფილის ღონისძიებებზე გამოჩენისგან, იმ ფონზე, როცა დასავლეთი რუსეთის ბიზნესის ლიდერებს სანქციებს უწესებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებისა და აღმოსავლეთ უკრაინაში გადადგმული ნაბიჯების გამო - უკრაინაში, სადაც პრორუსულად განწყობილ შეიარაღებულ მეამბოხეებს სეპარატიზმი ამოძრავებთ.

თუმცა მოსკოვში ენერგეტიკის ფორუმი მაინც ხმამაღალი განცხადებების თანხლებით გაიმართა. მაისში კი დასავლეთის რამდენიმე ენერგეტიკული კომპანიის ლიდერებმა მიიღეს მონაწილეობა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც ჩაშლა ემუქრებოდა იმის გამო, რომ ბანკებისა და სხვა ფირმების ხელმძღვანელებმა მონაწილეობაზე უარი თქვეს.

BP აცხადებს, რომ ერთგული რჩება რუსეთის სახელმწიფო ნავთობგიგანტის, „როსნეფტის“ მიმართ, იმის მიუხედავად, რომ ამ კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმღვანელი, იგორ სეჩინი, იმ ოფიციალური პირების სიაში მოხვდა, რომლებსაც უკრაინაში რუსეთის მოქმედებების გამო აშშ-ის სანქციები შეეხო. ამჟამად BP „როსნეფტში“ თითქმის 20-პროცენტიან წილს ფლობს.

ორშაბათს დადლიმ, სეჩინმა და ExxonMobil-ის შეფმა, რექს ტილერსონმა ერთად მიმართეს „პეტროლეუმის“ მსოფლიო კონგრესს.
„ExxonMobil-ი ოპტიმისტურად უყურებს პოტენციური განვითარების არეალებს აზიაში, ლათინურ ამერიკაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპის ნაწილსა და აქ, რუსეთშიო“, - „ფრანს-პრესის“ ცნობით, ასე მიმართა ტილერსონმა დელეგატებს.

„როსნეფტს“ ენერგიის წარმოების სფეროში რამდენიმე შეთანხმება აქვს დადებული ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა ამერიკული ExxonMobil-ი, ნორვეგიის Statoil-ი და იტალიის ENI.

დასავლეთის კომპანიები რუსეთს განიხილავენ ნავთობისა და გაზის წყაროდ, რომელმაც მზარდი გლობალური მოთხოვნის დაკმაყოფილებაში უნდა შეიტანოს წვლილი. რუსეთის ფირმებს კი დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში ეხმარება - განსაკუთრებით ფიქლის გაზის მოპოვების სფეროში.

პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ რამდენიმე დასავლური ფირმა გადახედავს რუსეთთან თავის კავშირებს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და ბრიუსელმა კრემლს სანქციები დაუწესეს და ადგილობრივ ეკონომიკაში გაუარესების პროცესები დაიწყო.
XS
SM
MD
LG