Accessibility links

logo-print

დემოკრატიული არჩევანი - პროტესტი არჩევნებს!


ავტორი: სოფო მაისურაძე

ვწერ ამ პოსტს და თან ვუსმენ პრემიერ-მინისტრის სატელევიზიო მიმართვას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი მადლიერი უნდა ვიყოთ არჩევნების მეორე ტურისთვის, არადა ეს ხალხის ყველაზე დიდი მონაპოვარია.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მეტ-ნაკლებად დასრულდა. შედეგი, რაც მოსახლეობამ არჩევნებზე წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებს შესთავაზა, მოულოდნელი იყო. საქართველოს რესპუბლიკის ისტორიაში, ჩატარდა ისეთი არჩევნები, სადაც არ არსებობს უპირობო ლიდერი, რაც თავისთავად ბადებს მართებულ ვარაუდს, რომ არჩევნები არ არის გაყალბებული. რა თქვა საზოგადოებამ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე? ვინ რა სარგებელი მიიღო და რას შეიძლება ველოდოთ მეორე ტურისგან?
საქართველოს მოსახლეობის 43%-იანი აქტივობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელზეც უნდა აგვერჩია ქალაქის მერი, საკრებულოები, გამგებლები, რომლებიც შემდგომი 4 წლის განმავლობაში განსაზღვრავდნენ მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებას, პროტესტი გამოვუცხადეთ. მოსახლეობის 60%-მა უარი თქვა, როგორც საარჩევნო კანდიდატებზე, ასევე მათ პოლიტიკურ პლატფორმებზე. საზოგადოების უმრავლესობამ უთხრა: 1.ხელისუფლებას, რომ ის უკმაყოფილოა ქვეყანაში არსებული სიტუაციით; 2.პოლიტიკურ პარტიებს, რომ მათ არ ენდობიან. ეს არის ღიად გაცხადებული დემოკრატიული პროტესტი, რომლის მსგავსიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში არ ყოფილა. არჩევნების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მივიღეთ მრავალპარტიულობა, რაც ისევ და ისევ მოსახლეობისთვის იქნება სასიკეთო.
უპირველესად, მიღებული შედეგით ხელისუფლებამ უნდა ისარგებლოს და სათბურის პირობებიდან მკაცრ გარემოში გადაინაცვლოს. ნირვანაში ყოფნის თითქმის 2-წლიანი პერიოდი „ქართულმა ოცნებამ“ 15 ივნისს დაასრულა სწორედ იმ წამს, როდესაც შამპანურის ჭიქებით ხელში, ერთმანეთს გამარჯვება მიულოცეს ირაკლი ღარიბაშვილმა, კახა კალაძემ, დავით ნარმანიამ და დავით საგანელიძემ. მათი ნაადრევი სიხარული და არჩევნების რეზულტატი იყო იმ ორი ატომის შეჯახება, რომლის შედეგადაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიღვიძა და დადგა რეალობის წინაშე, რომელსაც ხალხის უკმაყოფილება და უნდობლობა ჰქვია. გარდა ამისა, ქართულმა ოცნებამ დაინახა, რომ მის ყველაზე დიდ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, საზოგადოებაში არც თუ ისე დაბალი მხარდაჭერა აქვს და ეს მისთვის სიგნალი უნდა იყოს სამომავლო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 2 წელიწადში გაიმართება.
თუ კი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ „ენმ“-ის მერობის კანდიდატი საარჩევნო პლაკატებზე გიგი უგულავასთან ერთად გამოჩნდა, რათა ხალხს მისი ნაციონალურ მოძრაობასთან იდენტიფიცირება შესძლებოდა, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი მიიღო. ეს ერთის მხრივ, იმის დამსახურებაც არის, რომ ნიკა მელია ყველა გამოსვლაში აკრიტიკებდა ენმ-ის წარსულ პოლიტიკურ საქმიანობას. მეორეს მხრივ კი, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წინასაარჩევნოდ ჰქონდა კარგად მოფიქრებული პიარ-სტრატეგია, გათვლილი ყველა ძირითადი დეტალითა და წარმოსათქმელი სიტყვით (თუ კი დააკვირდებით წინასაარჩევნო პერიოდს, საინფორმაციო ფონს ენმ-ის მიერ გაკეთებული განცხადებები თუ ექსპერიმენტები ქმნიდა, ხელისუფლებას კი მუდმივად თავისმართლების რეჟიმში აყენებდა). 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კლინიკური სიკვდილიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადავიდა, თან უკვე ფხიზელ მდგომარეობაში.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რისი გათვალისწინებაც, ვფიქრობ აუციელებლია, იმ პოლიტიკური ძალების მიერ ბარიერის საკმაოდ წარმატებით გადალახვაა, რომელიც გაცხადებულად არის ყველა ფობიის მქონე, რაც დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის გზაზე დამღუპველია. „ნინო ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას“ მოცემული მომენტისთვის, ხმების 10, 27% ერგო.
თუმცა ცხადია, როგორც რეგიონულ დონეზე, ასევე დედაქალაქში, ძალიან მალე საინტერესო პოლიტიკური ცხოვრება დაიწყება: საკრებულოებში მივიღეთ სოციალ-დემოკრატიული იდეების, დასავლური ლიბერალური მიდგომებისა და მემარჯვენე ექსტრემისტების იდეოლოგიური შეჯახება. თუ რას უნდა ველოდოთ ასეთი შენაერთისგან, საკრებულოს პირველივე სხდომაზე ვნახავთ .
დაბოლოს, არჩევნების მეორე ტური რომ უთუოდ გაიმართება, ამაზე აღარავინ დავობს. მთავარია, მოსახლეობამ არ დაიზაროს საარჩევნო ყუთებამდე მისვლა და აზრის დაფიქსირება. ერთია, რომ პროტესტი გამოუცხადო არჩევნებს, და მეორეა, რომ ხელი შეუწყო ქვეყნის პოლიტიკურ და სოციო-ეკონომიკურ არასტაბილურობას მუდმივი საარჩევნო გარემოს არსებობით. ამიტომ აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს საკუთარი ვალდებულება, აიღოს პასუხისმგებლობა, დააფიქსიროს საკუთარი ხმა და შემდეგ მოსთხოვოს არჩეულ მერსა და საკრებულოს დანაპირების შესრულება და მის სოფელზე, ქუჩასა და ქალაქზე ზრუნვა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG