Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაივიწყეთ, ქალბატონო!


ავტორი: სალომე გაბლიანი

პრობლემების ჩამონათვალი , რაზეც დღეს მინდოდა მესაუბრა, გრძელი და მრავალგვარია. რა დალევს სათქმელს ქალაქში თითქმის მთელი დღის მანძილზე მოხეტიალე სტუდენტისთვის, რომელიც ტრანსპორტს დღეში 6-ჯერ იცვლის, სტაჟიორისათვის, რომელიც გადაცემის ჩაწერაზე დასწრების ნაცვლად ყავას ადუღებს, მგზავრისთვის, რომელსაც ურნაში ბილეთის ჩასატენი ადგილი არ ხვდება, ახალგაზრდისთვის, რომლის გათხოვებასაც ფუმფულა მეზობლები გულით ელოდებიან . თუმცა, ამ გრძელ სიას ერთი კონკრეტული სახელი აქვს, რომელსაც მოგვიანებით გავამხელ.
თქვენი აზრით, რა განასხვავებს ქართველებს სხვა დანარჩენი სამყაროსგან? მაგალითს მოვიყვან: ჩემი ერთი მეგობარი ბელგიაში იმყოფება. რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე ასეთი სტატუსი დადო: ლამის 2 ქუჩა მოვიარე ურნის ძებნაში, რომ ქაღალდი ჩამეგდო. ვერ დაიჯერებთ და ამის მიუხედავად, ასფალტს შეჭამ, ისეთი სისუფთავეა აქ. გადმოვიტანოთ ეს რეალობა საქართველოში: რას იზამს ტიპური ქართველი? თუ მაგარი ხარ, შენიშვნა მიეცი გარემოს დაბინძურებისთვის. ქორის მზერით განგგმირავს და ქოქოლასაც მოგაყრის, რკინისმკვნეტელ არგუმენტსაც მოგიყვანს: ურნა არ არის და აბა რა მექნაო?! ახლა აფრინე ეგ ქართველი იმავე ბელგიაში, დასვი იმავე ქუჩაზე, სადაც ჩემი მეგობარი ურნას ეძებდა. მე შენ გეტყვი და გაბედავს და ისევე მოიქცევა, როგორც მანამდე? ეჭვი მეპარება. თუ მოიქცევა, იცის, რომ ამისთვის პასუხს მოსთხოვენ. იცის, რომ იქ ასე არავინ იქცევა და თვითონ ვისზე რითია ნაკლები? ის ხომ მიმბაძველია. აქაც სხვას ბაძავს. ამიტომაც უწევს ხოლმე, რომ ხშირად მჭიდროდ მოკუჭული პაწაწინა ქაღალდი ურნას ფარში ნასროლი ბურთივით ააცილოს. თან ამ თამაშს ისეთი ენთუზიაზმით ეწევა, რომ ძნელია, დაუშალო.
რატომ სძულთ ქართველ გოგონებს ჯერაც უცნობი, ყურმოკვრით გაგონილი, რამდენიმე კადრით დასკვნაგამოტანილი ზეტრესპუბლიკის - კაზანტიპის ჯერარჩატარებული ფესტივალი? იმიტომ, რომ ეს სიახლეა, რომელიც ასეთი რთული გადასახარშია ჩვენს რეალობაში. სინამდვილეში პრობლემას ის კი არ წარმოადგენს , რომ რომელიღაც უკრაინელი გრძელფეხება მკერდს მოიშიშვლებს და უი, რა ამორალური ვინმეა, ასე თუ გამოვეკიდებით, ნუდისტურ პლაჟებს დავერიოთ და ვაჩვენოთ სეირი მაგ უსირცხვილოებს. სინამდვილეში ეს არის შიში სხვა ნაციის მიმართ, უფრო სწორად, მის მიმართ, ვისთვისაც თავისუფლება უპირველესი მიდრეკილებაა და იმ უკრაინელისთვის კი ესაა ამ თავისუფლების ფორმა. ჩვენ ხომ იმ საყაროს დანატოვარი ვართ, სადაც წითელი ფარდა ერჩიათ წითელ კოლას. ჰოდა ამ არასრულფასოვნების კოპლექსს ადამიანები მიმზიდველად და კოხტად ფუთავენ მორალისა და რელიგიის ბრჭყვიალა ქაღალდში, ცუდად იყიდება თუ?
ცოტა მამაკაცებზეც. რა მოლოდინი აქვთ მამაკაცებს კაზანტიპისგან? ეს ფესტივალი მათი დიდი ნაწილისთვის ელექტრონული მუსიკის ზეიმი სულაც არ არის. მათი დიდი ნაწილი, ვისი აზრიც ამ ფესტივალზე მსმენია, ვნებების დაცხრომის საშუალებაა, ეს არის გართობის ძირითადი ამომავალი წერტილი. მუსიკა არა ის... და კიდევ იცით რა ? პოლემიკას შევესწარი, ქართველი, აი ისეთი, ბრგე -ახოვანი, როგორ უთითებდა ‘’ქალს კუხნისკენ’’: გოგოებს რა გინდათ მანდ? იქ ბიჭები უნდა წავიდეთ და მოვუგვაროთ უკრაინელ ... (უხერხული ჩახველება) გოგოებსო. მეტი რაღა ვთქვა? ბევრი რამ აკლია ქართველობას. ძალიან დიდაქტიკა რომ არ გამომივიდეს, ასე სჯობს: ბევრი რამ გვაკლია ქართველობას. პირველ რიგში კი გულწრფელი ურთიერთობები. ეს ურთიერთობები მაინცდამაინც სექსი არ უნდა იყოს, ეს უკანასკნელი -სიახლე, სიახლეს კიდევ საშიშროებად არ უნდა აღვიქვამდეთ.
გუშინ, ბედნიერი იმით, რომ ბოლოსდაბოლოს შინ ვბრუნდებოდი, მძღოლმა დამფერთხა, ავტობუსი გაფუჭდაო. გადაგვიტრიალდა ურემი, ხვნეშით ჩამოვბობღდით, თითქოს რაც ნელა ვიმოძრვებდით, მით მალე ეშველებოდა. ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა ტაქსი გააჩერა და რამდენიმე მგზავრი დაგვპატიჟა. ჩავსხედით თუ არა, ჯიბეზე ვიკარით ხელი, გვინდოდა სანახევროდ გადაგვეხადა ყველას. მაგრამ ჩვენმა მასპინძელმა ბიჭმა არ დაგვანება, მე გეპატიჟებითო. უცებ გვერდზე მჯდომმა ფუმფულა ქალბატონმა ხმა აიმაღლა: ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია, აი ეს არის ქართული მენტალიტეტი... და ხურდა ჯიბეში ჩაიჩხრიალა. გამეღიმა. ეგ თავაზიანობაა , ქალბატონო , მენტალიტეტი რას მიქვია, რატომ კადრულობთ?! დაივიწყეთ, ქალბატონო!
ეს ჩანაწერი ღამით დაიწერა. მაშინ, როცა , თუ რემარკს დავუჯერებთ, ყველაფერი იაფფასიანი სასოწარკვეთილების კაბას იცვამს. დილას კი ყველაფერი ადგილზეა ახალი დღისთვის. იმედია , რემარკი მართალია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG