Accessibility links

logo-print

„სასტავი გრიბოედოვში, ანუ ვისთვის დაწერა იმ კაცმა „მაკბეტი“?


ავტორი: მარიტა გრიგალაშვილი

პარტერი...ლოჟა...პარტერი? თუ ლოჟა...არა, პარტერი...მაგრამ ლოჟა რომ უფრო პრესტიჟულია? ლოჟიდან ყველაფერი ჩანს. მთელს დარბაზს უყურებ. წარმოდგენა თუ არ მოგეწონება, შენც არ მომიკვდე, იმაზე უკეთ გაატარებ დროს ლოჟაზე, ვიდრე ჩვეულებრივი, პარტერში მსხომი მაყურებელი. რა მნიშვნელობა აქვს რა სპექტაკლია! შექსპირს „მაკბეტი“ შენთვის კი არ დაუწერია. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ვაი-ფაის დაიჭერ, გრიბოედოვის თეატრიდან დაჩექინდები ზუკასთან ერთად და ზუკას ყოფილი შეყვარებულის გულის გასახეთქად მიაწერ, რომ მაკბეტს უყურებ. აი, ასე მაღალმატერიალურად ატარებ დროს თბილისში, ერთ ჩვეულებრივ, მოსაწყენ საღამოს.
პარტერი...
არა, ლოჟა...
თიკუნა და ნინი პარტერში სხდებიან...
ზუკა ლოჟაში გექაჩება...
ლოჟა გადაწყდა! ჩემდა საუბედუროდ , ლოჟა გადაწყვიტა ამ თავცარიელმა...
ქალაქ ქუთაისის მესხიშვილის სახელობის ეროვნული თეატრი სპეციალური მოწვევით თბილისშია და გრიბოედოვის თეატრში „მაკბეტის“ ტრაგედია უნდა გათამაშდეს. სპექტაკლმა პირველი წარმოდგენისთანავე ისეთი ხმაური და ემოციები გამოიწვია, რთულად რომ ეღირსებათ ხოლმე ქართულ თეატრალურ დასებს, ჰოდა თბილისური ელიტამ დასი თბილისში მოიწვია წარმოდგენის გასამართად. გრიბოედოვის თეატრი იშვიათად იტევს ამდენ ხალხს. რაღაც ძალიან მაგარი უნდა გაითამაშო, ასე რომ მოიზიდო მაყურებელი. მისაღები, კიბეები, დარბაზის ტერიტორია სავსეა. ანშლაგი გარდაუვალია. ყველა აქაა, ვისთვისაც ოდესმე მოგიკრავს თვალი დიდი ტელეეკრანებიდან. ყველა, ვისაც მსახიობს ვუწოდებთ და ყველა, ვინც საკუთარ თავს მსახიობს უწოდებს. ნახონ ერთი, რა არის ასეთი ეს პროვინციული დასი, პირველივე წარმოდგენაზე მთელი დასავლეთ საქართველო რომ აალაპარაკა.
სპექტაკლი, რაღა გასაკვირია, რომ 40 წუთის დაგვიანებით იწყება. დარბაზი სრულიადაა გადატენილი. მე ლოჟის ბილეთები მაქვს. ზუკა და მისი თეატრის დიდი მოყვარული სატრფო გვერდით მისხედან. დავიტანჯე, მაგრამ რა დავიტანჯე.
-ხო გეუბნებოდი, ლოჟაში სჯობს-მეთქი,-ამაყად ეუბნება ერთი მეორეს და იწყება. იწყება გაუთავებელი ლაპარაკი. იწყება მსჯელობა ყველასა და ყველაფერზე. ის რაც მიუწვდომელია პარტერში მსხომთა თვალთათვის, სრულიად ხილულია ლოჟაში მსხდომთათვის და აღარ ჩუმდებიან. სულ ვამბობდი, ამგვარ ადგილებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს-მეთქი და მაგრამ ვინ დამიჯერებდა, ჩემთვის ვამბობდი გულში. ორივე ყველგან პოსტავს, სადაც შეიძლება. მათს კომპიუტერის ეკრანივით დიდ სმარტფონებში რამდენიმე ფანჯარა ერთადაა გახსნილი და ორივე ყველგან „იჩეკინებს“ თავს, ნიშნავენ ერთმანეთს, მერე პოსტებს ულაიქებენ, უკომენტარებენ და პირველი მოქმედება, რომელიც 1 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, მიილია. სპექტაკლი 3-მოქმედებიანიაო წაიკითხა ერთ-ერთმა სპეციალურად დარიგებულ ბუკლეტზე და ვგრძნობ, როგორ შეუღონდა გული. ადრე ვერ წავა. პარტერში თიკუნა და ნინი სხედან. მთელს სასტავს მოსდებენ, რომ ადრე გაიპარა, იტყვიან, როგორი დაბალი დონისაა, რომ „მაკბეტს“ ბოლომდე არ უყურა. რა უნდა ქნას? დრო რამენაირად უნდა მოკლას! ყველაფერი ითამაშა, რაც კი ტელეფონში აქვს ჩაწერილი. მერე ნინისთან მესიჯობა დაიწყო. ამას თვითონ მივხვდი. შევამჩნიე, სახეგაბრწყინებული, როგორ ჩახედავდა ხოლმე პარტერში მჯდომ დაქალს. ორივეს ტელეფონი სიბნელეში მფრინავი ციცინათელასავით ანათებდა. მერე ზუკას მიადო თავი. ცოტა ხნით გაყუჩდა. მეგონა, ჩაეძინა და მეშველა-მეთქი, მაგრამ უიღბლოდ რომ დაიბადები...
მესამე მოქმედებაც, პირველი მოქმედების მსგავსად „გაიწელა“. აქ , მისმა მოთმინების ფიალამ თავი ამოწურა, ასე მტერი დაგეცალოთო, ბოლო წვეთები დაითვალა, გადატრიალდა და ორივე დარბაზიდან გავიდა. მე დავისვენე და ბოლომდე შევირგე „მაკბეტის“ ტრაგედია, რომელიც შექსპირს ჩვენთვის სულაც არ დაუწერია...
დამთავრდა და ხელების დასაბანად ჩამოსულს ისიც იქ დამხვდა, ამჯერად დაქალებითურთ.
-ღადაობ?მესამე მოქმედებას არ დასწრებიხარ, ანუ?,-თიკუნა აღშფოთებას ვერ მალავს
-ყველაზე მაგარი იყო მესამე. აი, გიორგი ზანგური ისეთი სიმპატიური იყო, გავაფრინე, გოგო. ეგ არ უნდა გამოგეტოვებინა,-კაკანებს ნინი
-გოგო, არ გამოვიდოდი, ჩემს გვერდით მსხდომებს ძაან რო არ შევეწუხებინე. ენა არ გაუჩერებიათ, დედას გეფიცები. ნახევარზე მეტი სპექტაკლი გავმაზე, არაფერი მესმოდა. ბოლოს ყელში ამომივიდა, შენიშვნა მივეცი და გამოვედით, რა. ბოლოჯერ ხო არაა, მეორედაც წამოვალ და აი, სადმე ისეთ ადგილას დავჯდები, ეგეთი შეუგნებელი ხალხი რომ არ ზის. შე იდიოტო, სპექტაკლის ყურება თუ არ გინდა, რაღას მოდიხარ,პროსტა, აი რააა...
მართლა არ დაუწერია შექსპირს ჩვენთვის „მაკბეტი“. ყოველ შემთხვევაში, მათთვის ნამდვილად არ დაუწერია !

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG