Accessibility links

logo-print

ვამბობ, არ მინდა ცელოფანი


ავტორი: მარგო ჯაფარიძე

„გაგარინის მოედანზე“ სალაროს რიგში ვდგავარ და სანამ ფულს მოვძებნი, მაღაზიის კონსულტანტი შენაძენს მაწვდის: ცელოფანში სამი ცელოფანი დევს, თითოეულში ცალ-ცალკე პური, მინერალური წყალი და „სნიკერსი“. რაღაცის თქმა მინდოდა კონსულტანტისთვის, მაგრამ ვხვდები, რომ დამაგვიანდა.
პოლონეთის ზღვისპირა, მწვანე, პატარა ქალაქია სოპოტი. ქალაქ გდანსკიდან გდინიაში მატარებლით თუ მიდიხართ, აუცილებლად ჩაუვლით სოპოტს. მატარებლის ლიანდაგები ქალაქებს შორის ტყეს სერავს და სამსართულიან თეთრ სახლთან გადის, სწორედ იმ სახლთან, რომელშიც ჩემს მეგობრებთან ერთად დროებით, რამდენიმე თვით ვცხოვრობდი. ამ მატარებლით ერთხელ მაინც თუ იმგზავრეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სახლს მაშინ ჩაუქროლეთ, როცა მისი მეპატრონე, მაღალი და გამხდარი, ქერა და ოდნავ მელოტი 30 წლის ბიჭი, კოჭებამდე ატლასის შავი ხალათით, გულზე ნაქარგი წითელი დრაკონით, სამზარეულოში ტრიალებდა და საკვების ნარჩენებს თავ-თავიანთ ურნაში ახარისხებდა. თითოეულ ურნას სხვადასხვა წარწერა ჰქონდა: Glass, Paper, Plastic, Other. ყოველ დღე ვუყურებდი ამ “რიტუალს”, მეღიმებოდა და ვფიქრობდი: შესაძლებელია, ეს ტიპი არ შეგიყვარდეს-მეთქი?! მერე რომ ვნახე, სოპოტელი ბიჭის მთელი არმია მისნაირად იქცეოდა, მივხვდი, ამდენ სიყვარულს ჩემი გული ვერ დაიტევდა. მაღაზიიდან რომ გამოვდიოდით, მე და ჩემი მასინძელი მისივე ინიციატივით სურსათს ზურგჩანთაში ვიყრიდით, ვერ ვატევდი ხოლმე და ხშირად იღლიაში ტუალეტისქაღალდებამოჩრილს მთელი ქუჩა გამივლია სახლამდე. მივყვებოდი უკან, ჩემი სახე რომ არ დაენახა და ეგრძნო, როგორ მინდოდა „პარკის ძუნწი“ ქაღალდებიანად იქვე თოვლში ჩამეგუდა. ნელ-ნელა გაბრაზება გამინელდა და იმასაც მივეჩვიე, ნაჭრის ჩანთა თან მეტარებინა. იმდენი დამიგროვდა, ახლა მობეზრებულებს დედაჩემთნ ვამისამართებ ხოლმე.
კანდელაკის ქუჩის კუთხეში მაღაზიის გამყიდველი მაინც ცდილობს, ყველაფერი ცელოფანში ჩამიწყოს, შიშით, რომ თუ დღის ბოლოს სალაროსთან ბევრი ცელოფანი დარჩება, სავარაუდოდ, უფროსი შენიშვნას მისცემს, კლიენტებს უგულოდ ემსახურებიო.
ამასწინათ სამარშრუტო ტაქსით მეგობართან მივდიოდი თეთრიწყაროს რაიონში. გზად შემოღობილ ნაგავსაყრელს ჩავუარეთ. ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მხოლოდ პოლიეთილენის პარკები მოძრაობდნენ და კიდევ უპატრონო ძაღლები. ნაგვის გროვაში მარტო ცელოფნებს გაარჩევდით: ფერადები, გამჭვირვალეები, პატარები, დიდები, საშუალოები. დადიოდნენ, დაფრინავდნენ, დარბოდნენ.
ჰოდა, არ გვჭირდება ამდენი, ხომ ისედაც ვთანხმდებით, მაგრამ არ მინდა-მეთქი „პარკი“, მშიერი და გაღიზიანებული ვეუბნები, გამყიდველი კი მიბრუნდება: „მე მაინც უნდა შეგიფუთოთ და მერე თქვენ, რაც გინდათ, ის უქენით.“
უფროსებო, ადამიანებო, არ უნდა ერთ ცალ „სნიკერსს“ ცელოფანი!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG