Accessibility links

logo-print
8 ივნისი, კვირა
მთელი დღე ვგეგმავდი, სად წავსულიყავი და როგორ გამეტარებინა ჩემი ერთადერთი უქმე დღე ბოლო ერთი თვის განმავლობაში. მივხვდი, რომ ყველაზე მეტად სახლში ყოფნა მომნატრებია. გუშინ დავბრუნდი ბათუმიდან. ორი დღით ვიყავი წასული - ქუთაისში და, შემდგომ, ბათუმში ტრენინგები ჩავუტარეთ ჩვენი ორგანიზაციის ოლქის დამკვირვებლებს და მობილურ ჯგუფებს.

ბოლო რამდენიმე თვეა, ცენტრალური ოფისი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს და არჩევნების დღისთვის ვემზადებით. „განსაკუთრებულ რეჟიმზე“ მე და თითქმის ყველა თანამშრომელს გვეცინება. ორი წელია, „სამართლიან არჩევნებში“ ვმუშაობ და ჩვენთვის სულ განსაკუთრებული რეჟიმია!

საბოლოოდ, დღეს მთელი დღე სახლში აღმოვჩნდი, თუმცა საღამოს ვერ მოვისვენე და სარბენად გავედი. გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებ სპორტულ ცენტრებში სიარულს, აქ კი შეზღუდული არ ვარ: როცა და რამდენი ხნითაც მომინდება, მაშინ დავრბივარ.

9 ივნისი, ორშაბათი
დილა საელჩოში ვიზიტით დაიწყო. ვიზის პასუხი ერთ კვირაში იქნება და მეცოდინება, წავალ თუ არა ვილნიუსში ტრენინგზე, რომელსაც ევროპის საბჭო აწყობს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის და ანგარიშების წერას შეეხება. ანგარიშების წერას აქაც ვერ გავექეცი!

ვილნიუსში პირველად ნოემბერში ვიყავი. ის დღეები არასდროს დამავიწყდება. აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმს ვესწრებოდი. ქალაქში იმ დროს ვიყავი, როცა საქართველომ და ევროკავშირმა პარაფირება გაუკეთეს ასოცირების ხელშეკრულებას, რითაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის კუთხით. მიხარია, რომ საქართველოს მთავრობისა თუ მოსახლეობის უმრავლესობის აზრი ამ საკითხთან მიმართებაში ერთნაირია და, უკრაინის მსგავსად, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე არ აღმოვჩნდით.

საელჩოდან ოფისში მოვედი. მაგიდაზე ჩვენი მესამე შუალედური ანგარიში დამხვდა. მასზე წინა კვირის განმავლობაში ვმუშაობდით, თუმცა, რომ შევხედე და ასე მრავალგვერდიანი და სქელი ანგარიში რომ დავინახე, გული დამწყდა. ანგარიში სქელია, ანუ დარღვევების რიცხვმა იმატა.
ანგარიშის წერაზე ჯერ არ უ­ნდა ვიფიქრო, რადგან სამკვირიანი შუალედით ვაქვეყნებთ ხოლმე. ცესკოს კალენდარს შევხედე. „არჩევნებამდე დარჩა 6 დღე“, გამოდის, საბოლოო ანგარიში სასწრაფოდ დასაწერია.

ნინო ლომჯარია მეძახის. ბათუმის ინციდენტზე განცხადება დაწერე, სასწრაფოდ უნდა გავავრცელოთო. დავურეკე კოორდინატორს ბათუმში, გავარკვიე დეტალები. განცხადებაც დავასრულე და გადავუგზავნე.

9 საათი დაიწყო. რეგიონებიდან კოორდინატორების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს ვკითხულობ. ქვედა სართულიდან კამათის ხმა მომესმა. ჩვენი იურისტი დაბრუნდა სასამართლო პროცესიდან, სადაც განიხილებოდა გამგებლობის ერთ-ერთი კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი. მაინტერესებს, რა მოხდა. მივატოვე კითხვა და შევუერთდი სამზარეულოში გამართულ კამათს.

10 საათი ხდება. ცაგერში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. მეზობელი ოთახიდან მესმის, როგორ ურეკავს ჩვენი იურისტი კოორდინატორს და დეტალებს არკვევს. თან იმავე ინფორმაციას მესიჯებით ატყობინებს ნინოს, რომ ტელევიზიებისთვის კომენტარის მიცემა შეძლოს.

წინ ბართო მიზის. ეს დღეები 1100 დამკვირვებლისთვის სპეციალურ ფორმებს ალაგებს, ინდივიდუალურ კოდს ანიჭებს და თან ბაზაში ამოწმებს. ერთი ციფრიც რომ შეეშალოს... არა ასეთი რამ არ მოხდება!

ფერად სტიკერებზე ჩამოწერილი მაქვს, როდის რა იგეგმება, რა მაქვს გასაკეთებელი. დღის ბოლოს მაგიდა მოფენილია ასეთი სტიკერებით.

10 ივნისი, სამშაბათი
დილას ჩემმა დისშვილმა, მაშომ გამაღვიძა. ჩვეულებისამებრ შემოირბინა ოთახში და ამბობს: „გაჯობეე, გაჯობეეე!“ მართლაც მაჯობა, ჩემზე ადრე ადგა.

დღეს ISFED-ში დიდი დღეა! არჩევნების სიმულაციას ვატარებთ. დღეს უნდა მოხდეს ყველაფრის შემოწმება, რომ 15-ში არანაირი ხარვეზი და პრობლემა არ შეექმნას ჩვენს ქსელს.

შეხვედრაზე ვიყავი ამერიკის საელჩოში. სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, წინასაარჩევნო დარღვევებზე გვქონდა საუბარი, არჩევნების დღეს სად რამდენი დამკვირვებელი გვეყოლება და ა.შ.

ოფისში დავბრუნდი და საბოლოო ანგარიშის გეგმა გადავინაწილეთ. ანგარიში კვლავ სასწრაფოა და ერთ დღეში მზად უნდა იყოს.

7 საათი ხდება. მივხვდი, რომ მთელი დღეა, არ მიჭამია. იგივე მდგომარეობაში არიან სხვებიც.

თუთა რეკავს. უკვე ვიცი, რაც უნდა. „სად მივდივარ?“ - ვეკითხები. „რადიო თავისუფლებაში წინასაარჩევნო გარემო უნდა შეაფასო.“ თათია მამხნევებს: „ყველაფერი იცი. ბოლო ტენდენციებზე ისაუბრე. არ ინერვიულო!“ ერთმანეთს ყველაზე მეტად ვაკრიტიკებთ და ვამხნევებთ ხოლმე ეთერების დროს.

რეგიონალურ კოორდინატორებთან იმეილი გავაგზავნე. ამ კვირას ბოლო ინფორმაციები ექნებათ მოსაწოდებელი.

10 საათი ხდება. ამჯერად დედა რეკავს. იცის, მაგრამ მაინც მეკითხება: „სად ხარ?“

თათია და ნინო კიბეზე ჩადიან. მათი საუბარი მესმის: „არ მჯერა, რომ ასე ადრე მივდივარ სახლში.“

11 ივნისი, ოთხშაბათი
ქუჩაში გამოვედი. სადაც უნდა გაიხედო, საარჩევნო პლაკატებია გაკრული. ბევრი ყურადღებას არ აქცევს, ან მხოლოდ სურათს და საარჩევნო ნომერს უყურებს. ვაკვირდები, პლაკატები ჩამოხეული ან დაზიანებული ხომ არაა? აქვს თუ არა ყველა მათგანს კანონმდებლობით გათვალისწინებული წარწერა ტირაჟის, დამკვეთის, თარიღის შესახებ? ბოლო ანგარიშში მსგავსი რამდენიმე ფაქტი მოხვდა და ინსტინქტურად ვაკვირდები.

ოფისში უკვე ბევრი ხალხია. PVT ცენტრის ოპერატორები დილიდან დამკვირვებლებთან რეკავენ და მათ ზეპირ ტესტირებას უტარებენ. ბართო ღამე ოფისში დარჩენილა. ფორმების ბეჭდვისას ქსეროქსის აპარატი გაჰფუჭებია, მარტოს დაუშლია და შეუკეთებია.

რადიოში წასასვლელად ვემზადები. ამოვბეჭდე განცხადებები, რომლებიც ბოლო კვირის განმავლობაში გამოვაქვეყნეთ. ყველა მათგანი ერთნაირად მთავრდება: „მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან; მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, უარი თქვას პროტესტის ძალადობრივი ფორმებით გამოხატვაზე“. იმედია, როდისმე მაინც შევიძენთ პოლიტიკურ კულტურას და ვისწავლით განსხვავებული აზრის პატივისცემას.

რადიოდან დავბრუნდი, მაგრამ ისევ შეხვედრაზე მივდივარ. გზაში საცობია. მე და ნუცის სალაპარაკო დროც მოგვეცა. საცობები ცუდად მხდის და მაღიზიანებს. მძღოლები მოძრაობის ელემენტარულ წესებსაც არ იცავენ. ტროტუარებზე ხომ საერთოდ ვერ გაივლი. იმედია, ამ პრობლემას როდისმე მაინც ეშველება.

გოგოები მთელი დღეა, მესიჯებს მწერენ. იციან, წარმოუდგენელს მთხოვენ - საღამოს შევიკრიბოთო. ზუსტ პასუხს ვერ ვეუბნები. თეონა მირეკავს: სიახლეები მაქვსო. აი, აქ კი იციან, რომ აუცილებლად მოვიცლი.

ღამით ავუყევი სახლისკენ მიმავალ მთაწმინდის აღმართს. გვიანია, მაგრამ მაინც გადავწყვიტე მამადავითზე ასვლა. შემიძლია, საათობით ვიდგე და იქიდან ვუყურო ღამის თბილისს.

12 ივნისი, ხუთშაბათი
დილა ისევ დისშვილებით დაიწყო. ანი სკოლაში მიდის. მაშო ბაღში წასასვლელად გამოიპრანჭა და მეკითხება: „ლამაზი ვარ?“

ოფისში მოვედი. კომპიუტერი ჩავრთე. ახალ ამბებს უნდა გადავავლო თვალი, თუმცა მეშინია, პირველ ნიუსად არ დამხვდეს, რომ ქმარმა ფეხმძიმე ცოლი მოკლა, ან ბიჭმა შეყვარებული დაასახიჩრა. ბოლო თვის მანძილზე მსგავსი ინფორმაციები შემაშფოთებლად ბევრი იყო. სამწუხაროდ, საზოგადოებაც თითქოსდა ინდიფერენტულია ამ პრობლემისადმი.

ნინო დღეს, ფაქტობრივად, ვერც ვნახეთ. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა დელეგაციასთან აქვს წინასაარჩევნო გარემოზე შეხვედრები. საღამოს კი ტელევიზიებში ისევ იმავე თემაზე უნდა ისაუბროს. გვიან ღამით ჩვენი ანგარიშის ჩასწორება მოუწევს. მიკვირს როგორ ახერხებს ამდენს.

არასამთავრობოების ერთობლივი განცხადებისთვის ფიზიკური ანგარიშსწორებისა და კამპანიის ხელისშეშლის ფაქტებზე უნდა დავწერო. ძნელია, ეს ყველაფერი ნახევარ გვერდში ჩაატიო.

ელენემ ინციდენტების ცენტრის დათვალიერება მთხოვა. არჩევნების დღეს იურისტებთან ერთად მომიწევს ყოფნა და მთელი დღის განმავლობაში ჩვენი 1100-ზე მეტი დამკვირვებლისთვის კონსულტაციების გაწევა. გარდა ამისა, მომიწევს „არჩევნების პორტალის“ გაკონტროლება, რომ მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ინფორმაცია დროულად აიტვირთოს.

საბა და მარიამი თავისუფალი უნივერსიტეტიდან დაბრუნდნენ, სადაც „არჩევნების პორტალის“ პრეზენტაცია გამართეს. „არჩევნების პორტალი“ ISFED-თან და, ზოგადად, არჩევნებთან ჩემს პირველ ნაბიჯებთან ასოცირდება. მუშაობა თავდაპირველად სწორედ პორტალის ასისტენტად დავიწყე.

წელს ზაფხული ორმაგად ცხელია. არჩევნების ციებ-ცხელებას საფეხბურთო ციებ-ცხელებაც ემატება. მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ გახსნას ვუყურე, თუმცა უფრო შთამბეჭდავი სანახაობის იმედი მქონდა. სანახაობით, იმედია, ფეხბურთელები გაგვაოცებენ.

ტრადიციას არ ვუღალატე და ძილის წინ ცოტა წავიკითხე.

13 ივნისი, პარასკევი
12 საათზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის პრეზენტაციაზე ვიყავი. თემა, რა თქმა უნდა, არჩევნებს უკავშირდება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება. ოფისში დაბრუნებისთანავე იურისტების ტრენინგს შევუერთდი. ბოლო ინსტრუქციები მივეცით ინციდენტების ცენტრის იურისტებს: რა დარღვევაზე რა რეაგირება უნდა მოვახდინოთ, როგორ დავაწერინოთ საჩივრები დამკვირვებლებს და ა.შ. პატარა სიმულაციაც ჩავატარეთ და კვირამდე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

პროფესიის არჩევისას, ზუსტად ვიცოდი, რომ იურიდიულზე ჩაბარება არ მინდოდა. ISFED-ში კი სულ იურიდიულ საკითხებთან მიწევს შეხება. ოფისში მეუბნებიან, იურისტის დიპლომი უნდა გადმოგცეთო.

დღეს კიდევ ორ სხვა ტრენინგს ატარებს „სამართლიანი არჩევნები“. პირველს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რომლებიც არჩევნებს ჩვენი ორგანიზაციის ეგიდით დააკვირდებიან. მეორე ტრენინგი ტარდება ერთ-ერთი საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვების მეთოდოლოგიით არიან დაინტერესებულნი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პირველად შარშან ჩავრთეთ არჩევნებში და წელსაც შევთავაზეთ თანამშრომლობა.

ჟურნალისტმა დამირეკა. ინტერვიუ მთხოვა. თემა იგივეა - წინასაარჩევნო გარემო.

ერთობლივი განცხადების საბოლოო ტექსტს ვამუშავებთ ხვალინდელი პრესკონფერენციისთვის. ოფისში საერთაშორისო ექსპერტიც შემოგვიერთდა. PVT მეთოდოლოგიაზე მსჯელობენ და ბოლო დეტალებს ათანხმებენ.

საბამ მესიჯი მომწერა აივნიდან გადმომხედეო. გავედი და ქვემოთ ვიყურები, რომ დავინახო. ხმა მესმის: „ხითარ, აქ ვართ!“ საბა და დაჩი გარე განათების ბოძზე ინტერნეტის კაბელებს ამაგრებენ. ამას ჰქვია „არჩევნებამდე დარჩა ორი დღე!“ ექსტრემალურ პირობებში ვმუშაობთ...

10 საათია. ვფიქრობ სახლში წასვლას, მაგრამ კიდევ მინდა რაღაცების მოსწრება ხვალისთვის. ტელეფონის ზარები არ წყდება - რეგიონებიდან ბოლო ინფორმაციებს მაწვდიან.

14 ივნისი, შაბათი
ხვალ არჩევნებია. დღე, რომლისთვისაც დიდი ხანია ვემზადებით. დილის 6 საათზე უკვე ოფისში უნდა ვიყო, ღამის თეთრად გათენება რომ ნამდვილად მოგვიწევს, ვიცი.

ხვალინდელი დღე და მერე მორჩა - დავისვენებთ, მაგრამ მეორე წამს მახსენდება, რომ ჯერ კიდევ ვერ დავისვენებთ. არჩევნების შემდგომ არანაკლები სამუშაო გვაქვს: საჩივრები, საბოლოო ანგარიში... შესაძლოა, მეორე ტურიც დაინიშნოს და მერე კი ისევ თავიდან დაიწყება ყველაფერი.

თვისობრივად ძალიან საინტერესო არჩევნები გველის. პირველად ვირჩევთ პირდაპირი წესით გამგებლებსა და მერებს თვითმმართველ ქალაქებში. ამიტომ ვიმედოვნებ, მოსახლეობა იაქტიურებს და მივა არჩევნებზე.

იმედია, ხვალინდელი დღე მშვიდობიანად, სამართლიანად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩაივლის, რითაც კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით.
XS
SM
MD
LG