Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა კონგრესის ლიდერებთან ერთად იმსჯელებს ერაყში კრიზისზე


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 18 ივნისს თეთრ სახლში შეხვდება კონგრესის ლიდერებს და ერაყში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს. პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: სენატის უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი, სენატის უმრავლესობის ლიდერი ჰარი რიდი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბონერი და წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი ნენსი პელოსი. 12 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებმა ერაყზე დახურული მოსმენა გამართეს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტისთვის. ერაყში შექმნილი ვითარების გამო ირანთან მოლაპარაკების გამართვაზე რესპულიკელი სენატორების აზრი იყოფა. სენატორი ლინდსი გრეჰემი მხარს უჭერს ამ იდეას. მან 17 ივნისს განაცხადა: „ირანელებს აქვთ გავლენა ერაყში, რაც შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოკავშირეები ვართ“. ლინდსი გრეჰემი აშშ-ის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მკაცრი კრიტიკოსია და ირანის მიმართაც აგრესიული დამოკიდებულება აქვს. თუმცა, გრეჰემი თვლის, რომ თუკი ობამა გადაწყვეტს ირანელებთან დიალოგს, ეს ხელს შეუწყობს აშშ-ის ინტერესებისა და ამერიკელების დაცვას. სენატორი ჯონ მაკკეინი არ ეთანხმება ირანთან მოლაპარაკების იდეას და თვლის, რომ ირანელები მტრები არიან. ერაყში კრიზისის შესახებ წინასწარი შეხვედრა ირანთან აშშ-მა 16 ივნისს გამართა ვენაში, ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების ფარგლებში.
XS
SM
MD
LG