Accessibility links

logo-print

წინა სიუჟეტი კუბელ კლარნეტისტსა და საქსოფონისტს პაკიტო დე რივერას დაეთმო. დღესაც „თავისუფლების კუნძულზე“ ვიტრიალებ და ლეგენდარული ბენდის - „ირაკერეს“ - ამბის თხრობას დავიწყებ.

მუსიკათმცოდნეთა აზრით, კუბური და ამერიკული ჯაზი დაახლოებით ერთ დროს გაჩნდნენ და ორივეს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ასეა თუ ისე, კულტურათა დიალოგი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისშივე შედგა, როცა ჰავანელი შემსრულებლები ახალი ორლეანისა თუ ნიუ-იორკული სცენების ხშირი სტუმრები ბრძანდებოდნენ. 40-იან წლებში კი მესაყვირე დიზი გილესპიმ ლათინური ელემენტები რევოლუციურ „ბიბოპში“ შეიტანა და კუბური ცეცხლოვანი რიტმიკით გააჯერა. პერკუსიასა და კონგაზე დამკვრელად ჩანო პოზო მიიწვია, რომელთა მიერ 1947 წელს გაკეთებული ისტორიული მნიშვნელობის ჩანაწერი „Manteca“ „აფრო-კუბური ჯაზის“ დაბადებად მოინათლა.


ჩანო პოზოს სხვებიც მოჰყვნენ: მონგო სანტამარიამ, ტიტო პუენტემ, კაჩაომ და მრავალმა სხვა კუბელმა ამერიკულ სცენაზე თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა, ბიბოპის ურთულესი სტრუქტურული ფორმულები მშობლიური მხარის ეგზოტიკით დააცხრო და ყურისთვის სასმენად უფრო საამო გახადა. იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა - ამერიკელებისა და კუბელების დაახლოებას 1959 წლის 1 იანვრის მოვლენებმა დაუსვა წერტილი. რევოლუციას საზღვრების ჩაკეტვა და კუნძულის ეკონომიკური ბლოკადა მოჰყვა. ბევრმა მუსიკოსმა გაქცევა მოასწრო, ხოლო ვინც „ტყვეობაში“ დარჩა, სახელმწიფომ მათზე ზრუნვა დაიწყო. ფიდელ კასტრო სახელოვნებო განათლების სფეროს გამორჩეულ ყურადღებას უთმობდა, კლასიკური და თანამედროვე მუსიკალური ფორმების წახალისებას ახდენდა.

ჰოდა, სწორედ ჰავანის კონსერვატორიის კურსდამთავრებული ხესუს დიონისიო -იგივე ჩუჩო ვალდესი - გახლდათ „ირაკერეს“ მომავალი სულისჩამდგმელი, რომელსაც ჯერ კიდევ 23 წლის ასაკში კუბელ „დიუკ ელინგტონად“ იხსენიებდნენ. „ირაკერემდე“ კი მთავრობამ თანამედროვე კუბური მუსიკის სახელმწიფო ორკესტრის თავკაცობა ანდო. 26 წლის ახალგაზრდისთვის ეს, პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობა გახლდათ და, რა თქმა უნდა, ნიჭის აღიარება და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებაც. ორკესტრი, რომელიც 30 კაცისგან შედგებოდა, ტრადიციული ჯაზური ბიგ-ბენდისა და კლასიკური სიმფონიური ორკესტრის ერთგვარი ჰიბრიდი გახლდათ, რეპერტუარში კი, მეტწილად, თანამედროვე კუბელი კომპოზიტორების ნაწარმოებები ეგულებოდათ. ეს ის პერიოდი იყო, როცა ამერიკულ სცენაზე როკი ბობოქრობდა, მაილს დევისი ჯაზ-როკულ ექსპერიმენტებში ტრიალებდა, ხოლო ფიუჟენი ძალას იკრებდა. როგორც თავად ვალდესი იხსენებდა, ამ პროცესების შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით იცოდნენ. ფირფიტების ჩამოტანისა და მასალის გაცნობის საშუალება, გასაგები მიზეზების გამო, არ გააჩნდათ. ამგვარი იზოლაცია კი შემოქმედებით ზრდასა და განვითარებას აფერხებდა.

თუმცა პიანისტი ამერიკისკენ მიმავალ გზებს თავად მუსიკაშივე ეძებდა - იცოდა, რომ რიტმიკის თვალსაზრისით, ჯაზი აფრიკული წარმომავლობის გახლდათ და თუ აქამდე მისი ორკესტრის მუსიკა კუბურ ტრადიციულ რიტმიკას ეფუძნებოდა, გეზი შეცვალა და კარკასად აფრიკული გამოიყენა - ის პერკუსიული ფორმულები, რომლებიც კუბელთა გენეტიკურ მახსოვრობაში ჯერ კიდევ აფრიკული ყოფის პერიოდში დალექილიყო. ჩუჩო ვალდესის ექსპერიმენტმა გაამართლა და ანსამბლი „ირაკერეც“ დააარსა. ნოვაციური მიდგომა მრავალფეროვანი არანჟირების საშუალებას იძლეოდა, კომპოზიციები ფანკურ, ჯაზურ, როკისა და ხალხური მუსიკის აქცენტებით აამეტყველა.

თუ როგორ განვითარდა „ირაკერეს“ გზა, შემდეგ სიუჟეტში მოგახსენებთ, მანამდე კი ვალდესის ორკესტრის მიერ მოცარტის ნაწარმოების ჯაზურ ინტერპრეტაციას მოვუსმინოთ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG