Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აწარმოე საქართველოში“ - პროგრამის პრეზენტაცია გორში


პროგრამის პრეზენტაცია გორში
პროგრამის პრეზენტაცია გორში
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია სახელმწიფო პროგრამისა „აწარმოე საქართველოში“ რეგიონებში გორიდან დაიწყეს. გორის უნივერსიტეტში შეკრებილ მეწარმეეებსა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების ხელმძღვანელები ახალი პროგრამის დეტალებზე ესაუბრნენ და დისკუსია გამართეს. სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 1 ივნისიდან ამოქმედდა. მისი მიზანია კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების სტიმულირება, განვითარება და ხელშეწყობა. სახელმწიფო დაინტერესებულ მეწარმეს ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ და საკონსულტაციო მხარდაჭერას სთავაზობს. პროგრამა გათვლილია მხოლოდ ახალი საწარმოების შექმნის მხარდაჭერაზე. ყველა მეწარმეს, ვინც დაინტერესებულია საწარმოს შექმნით, შეუძლია რომელიმე ბანკში წარადგინოს პროექტი და აიღოს შეღავათიანი სესხი, ასევე სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიიღოს უძრავი ქონება მასში საწარმოს ამოქმედების პირობით.

ადგილობრივ მეწარმეებს აინტერესებდათ რა მიმართულების განვითარებას ეხმარება სახელმწიფო. დარბაზში ერთ-ერთ მეწარმესა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შორის დისკუსიაც გაიმართა. გიორგი ორთანეზაშვილს აინტერესებდა, რატომ არ ზრუნავს სახელმწიფო ხორბლის გადამამუშავებელი საწარმოების განვითარებაზე და ამით ხელს ხომ არ უწყობს მონოპოლისტი კომპანიების კიდევ უფრო გაძლიერებას. შალვა ფიფიამ ბიზნესმენს საუბარი შეაწყვეტინა, ეს თემა ამ დარბაზში განსახილველი არ არისო. მისი თქმით, სახელმწიფო ხორბლისა და ღვინის ბიზნესის მიმართულებით არანაირ აქტივობას არ გეგმავს, რადგან ეს მიმართულებები ისედაც განვითარებულია.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შექმნილი საწარმო უნდა ახორციელებდეს ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებას, ან უნდა აწარმოებდეს პროდუქციას იმ სექტორების მიხედვით, რომლებიც პროგრამით არის განსაზღვრული - მაგალითად, სამშენებლო მასალების წარმოება, ქიმიური წარმოება, რეზინის და პლასტმასის წარმოება, მანქანათმშენებლობა და ასე შემდეგ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ მეწარმეების მხრიდან გამოხმაურება აქტიურად დაიწყო და ორი საწარმოს ამოქმედებას უკვე ჩაეყარა საფუძველი.

ადგილობრივი მეწარმეები ყურადღებით ისმენდნენ ახალი სახელმწიფო პროგრამის პირობებს. გორელი ბიზნესმენი გიორგი თათრიშვილი საკუთარი პროექტით აპირებს პროგრამაში ჩართვას.

კიდევ ერთი მეწარმე, გიორგი მჭედლიშვილი, მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროგრამაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა.

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია. აქედან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე დაიხარჯება 30 მილიონი ლარი, ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე კი - 16 მილიონი ლარი. ადგილობრივ ბიზნესმენებს დღესვე მიეცათ შესაძლებლობა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან სესხების თაობაზე კონსულტაციები დაეწყოთ.
XS
SM
MD
LG