Accessibility links

logo-print

სომხეთი და საქართველო გზაგასაყართან


სერჟ სარგსიანი, გიორგი მარგველაშვილი

სერჟ სარგსიანი, გიორგი მარგველაშვილი

სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ვიზიტი საქართველოში განიხილება ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანის კონტექსტში. მაშინ, როცა სომხეთი რუსეთის მიერ შექმნილ საბაჟო კავშირში აპირებს გაწევრიანებას, ხოლო საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას აწერს ხელს, სამხრეთკავკასიელი მეზობლები საერთო მომავლის განჭვრეტას ცდილობენ.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულმა სომხეთმა უკვე საკმაოდ დიდი ხანია აზრი და მიმართულება შეიცვალა და, საქართველოსგან განსხვავებით, ბრიუსელის ნაცვლად მოსკოვისკენ დაიწყო სვლა. სომხეთმა არჩევანი რუსეთის საბაჟო კავშირის სასარგებლოდ გააკეთა, რაც პრაქტიკულად შეუთავსებელია ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეში ინტეგრაციასთან.
სომხეთის წევრობა საბაჟო კავშირში იქნება პერსპექტივა იმ ქართველი მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ ინვესტიციები განახორციელონ სასომხეთში და გავიდნენ ახალ ბაზრებზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში და მთლიანად ამ რეგიონში...

დროის ამ მონაკვეთში, როცა ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური გზები სხვადასხვა მიმართულებით მიდის, საქართველოს პრეზიდენტი უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ახლო თანამშრომლობის ხაზგასმას პარტნიორ ქვეყანასთან. 18 ივნისს, როცა თავის სასახლეში სომეხ კოლეგას მასპინძლობდა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თქვა, რომ სამომავლო თანამშრომლობის რესურსი დიდია და რომ იმას, რაც ხდება, სამომავლოდ ”ექნება მხოლოდ პოზიტიური შედეგი” ორივე ქვეყნისთვის:

”სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც საქართველოს აქვს სომხეთთან, - და ამ მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა და ზრდის დინამიკა, - კიდევ უფრო მეტი იმპულსი მიეცემა მომავალში ამ ურთიერთობებს”.

მომავალს იმედიანად უყურებს სომხეთის პრეზიდენტიც. როგორც სერჟ სარგსიანმა განაცხადა 18 ივნისს თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, სომხეთი და საქართველო ყოველთვის აძლიერებდნენ ერთმანეთს და სწორედ ამ ორი ქვეყნის ძმობა და კეთილმეზობლობა ინარჩუნებდა მოწყვლად სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში. პრეზიდენტ სარგსიანს გეგმები ახალი საგარეო პოლიტიკური რეალობის ფონზეც აქვს. ის თვლის, რომ მეზობელმა ქვეყნებმა ერთმანეთის შანსებიც უნდა გამოიყენონ:

”მჯერა, ღრმად მწამს, რომ საქართველო, რომელიც 27 ივნისს ხელს მოაწერს ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან და შეუერთდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს, ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა მათ შორის ჩვენი ქვეყნის მეწარმეებისათვის, რომ გაიზარდოს ინვესტიციები. მეორე მხრივ, სომხეთის წევრობა საბაჟო კავშირში იქნება პერსპექტივა იმ ქართველი მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ ინვესტიციები განახორციელონ სასომხეთში და გავიდნენ ახალ ბაზრებზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში და მთლიანად ამ რეგიონში”.


ასეთ გეგმას არარეალისტურად მიიჩნევს და მხოლოდ კეთილი სურვილების დონეზე აღიქვამს ექსპერტების ერთი ნაწილი. მაგალითად, აკადემიკოსი რევაზ გაჩეჩილაძე მოელის, რომ საბაჟო კავშირში შესვლის შემდეგ სომხეთი შეზღუდვებს დაუწესებს საქართველოს. ამ კონტექსტში ანალიტიკოსი ჩვენთან საუბრისას იხსენებს, მაგალითად, საბაჟო კავშირის წევრის, ყაზახეთის მიერ თავისი ბაზრის დახურვას ავტომობილების რეექსპორტისთვის საქართველოდან.

სომხეთის ლიდერი ახლა იმაში დარწმუნებას ცდილობს, რომ სამომავლოდ არაფერი დაემუქრება სომხეთის ეკონომიკურ კეთილდღეობას და რომ ყველაფერი ძველებურად დარჩება, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე:

ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძე

”ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის საქართველოზე გამავალი სავაჭრო გზა რუსეთთან და ასევე ის ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც სომხეთსა და საქართველოს აკავშირებთ, კერძოდ, სხვადასხვა საქონლის იმპორტ-ექსპორტი. იმ პროცესების მიხედვით, რაც ვითარდება, - ანუ ჩვენ ხელს ვაწერთ ევროკავშირთან ასოცირებას, სომხეთი კი შედის საბაჟო კავშირში, - მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური საკითხები დგას დღის წესრიგში. ასევე დღის წესრიგში დგას პოლიტიკური საკითხები, რადგან ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ხელმოწერა, ეს არის გარკვეული პოლიტიკური არჩევანი”.

ლევან ცუცქირიძე არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ შესაძლოა სომხეთის პრეზიდენტმა თბილისში გარკვეული მესიჯები მოსკოვის სახელითაც ჩამოიტანა. მას არ ჰგონია, რომ სომხეთი ამ ეტაპზე შუამავლის როლს ასრულებდეს, სამხრეთ კავკასიაში არსებული დინამიკიდან გამომდინარე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტ სარგსიანის ორდღიანი ვიზიტი პრეზიდენტ მარგველაშვილის სომხეთში ვიზიტის საპასუხოა. 18-19 ივნისს სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების სხვა უმაღლეს პირებსაც შეხვდება. დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG