Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა გიგაური: გამყალბებლები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ


ცენტრალური საარჩევნო კომისია იწყებს რეაგირებას არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებსა და ხმების დაჯამების დროს დაშვებულ შეცდომებზე. პირველ რიგში ლაპარაკია მარნეულის საარჩევნო ოლქში აღრიცხულ დარღვევებზე - ბიულეტენების ჩაყრასა და უბნებზე არაუფლებამოსილი პირების შეღწევაზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი უზუსტობა აღმოაჩინა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, რომლის წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოს პროპორციული და მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები ცესკოს ვებსაიტზე შეტანილ ინფორმაციას შეადარეს.

თბილისის საკრებულოს პროპორციული და მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმებისა და ცესკოს ვებსაიტზე გამოტანილი ინფორმაციის შედარებისას აღმოჩენილი უზუსტობის გამო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჩივარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა. როგორც მეორე ტურში გასულმა თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „რუსთავი ორს“ განუცხადა, გარდა იმისა, რომ რამდენიმე უბანზე მიღებული ხმების შესაბამის რიცხვებს ასეულების აღმნიშვნელი ციფრები წაუშალეს, ასევე საეჭვოდ დიდია გაუქმებული ბიულეტენების რაოდენობაც:

„აი, მაგალითად, ნაცვლად 138 ხმისა, წაშალეს 1-იანი და დაწერეს 38. ცესკომ ოფიციალურ წყაროდ მიიჩნია გადახაზული 1-იანი და ატვირთა თავის ვებსაიტზე. ჩვენ გავასაჩივრეთ და იმედი გვაქვს, რომ ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. გარდა ამისა, ძალიან დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ უპრეცედენტო რაოდენობა ბიულეტენებისა არის ბათილად ცნობილი. უმრავლეს მათგანში შემოხაზული არის ჩემი გვარი“.
ასეთი რამ მოხდა არამარტო ნიკა მელიას შემთხვევაში. სხვა კანდიდატების შემთხვევაშიც შესაძლებელია არსებობდეს ასეთი მექანიკური შეცდომები. ცესკოს ოპერატორები უკვე ამოწმებენ, ესა თუ ის ოქმი რამდენად სწორად არის შეყვანილი საერთო მონაცემებში და, რა თქმა უნდა, საბოლოო მონაცემებში არც ერთი ასეთი ხარვეზი არ იქნება...
თამარ ჟვანია

ასეულების აღმნიშვნელი ციფრების დანაკლისი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აღმოაჩინა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, სულ ლაპარაკია ოთხ-ხუთ უზუსტობაზე, რომელმაც, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა ოპოზიციური პარტიებიც დააზარალა.

„ალბათ, ეს ტექნიკური შეცდომები უნდა შეისწავლოს ცესკომ და შესაბამისი შესწორებებიც შეიტანოს საერთო რიცხვებში. არ ვიცი, რა ხდება რეგიონებში. ჩვენ ვცდილობთ გადავხედოთ ცესკოს მიერ ატვირთულ ოქმებს და შევადაროთ რიცხვები ერთმანეთს. მაგალითად, გუშინ აცხადებდნენ, რომ რეგიონებში ბევრი არის შემთხვევა, როცა არჩევნებში მონაწილეთა რაიოდენობა და ბიულეტენთა რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა, ანუ დათვლილი ხმების რაოდენობა უფრო მეტია“, უთხრა ეკა გიგაურმა რადიო თავისუფლებას.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების კრიტიკის პასუხად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ კომისიას ადეკვატური რეაქცია ექნება ყველა დარღვევასა და საჩივარზე:

„ამ კონკრეტულ შემთხვევებში მოხდა მექანიკური შეცდომა. 1-იანი იყო დაკლებული, რაც ოპერატორს შეეშალა ორ შემთხვევაში. ერთხელ კი, როდესაც ოქმი შეიტანა, არ იყო გათვალისწინებული შესწორების ოქმი, რომლითაც სწორდებოდა ზუსტად ეს რიცხვი... ასეთი რამ მოხდა არამარტო ნიკა მელიას შემთხვევაში. სხვა კანდიდატების შემთხვევაშიც შესაძლებელია არსებობდეს ასეთი მექანიკური შეცდომები. ცესკოს ოპერატორები უკვე ამოწმებენ, ესა თუ ის ოქმი რამდენად სწორად არის შეყვანილი საერთო მონაცემებში და, რა თქმა უნდა, საბოლოო მონაცემებში არც ერთი ასეთი ხარვეზი არ იქნება“.

თუმცა შეცდომის მექანიკურ ხასიათზე ლაპარაკი უჭირს ცესკოს ყოფილ თავმჯდომარეს. ზურაბ ხარატიშვილის თქმით, მონაცემები ორ ოპერატორს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეაქვს და მხოლოდ რიცხვების დამთხვევის შემთხვევაში იტვირთება საიტზე.

„იმის ალბათობა, რომ ორი ოპერატორი ერთი და იგივე რიცხვში დაუშვებს შეცდომას, პრაქტიკულად ძალიან დაბალია. თუ პროცედურა არ შეცვალა ცესკომ 2012 წლის მერე, მაშინ ასეთი ე.წ. მექანიკური შეცდომა არ უნდა ხდებოდეს“, უთხრა ზურაბ ხარატიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ეკა გიგაური
ეკა გიგაური
არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ხარვეზებისა და დარღვევების გამო, რომელთაც ადგილი ჰქონდა არჩევნების დღეს მარნეულის რაიონში. ეკა გიგაურის თქმით, უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება:

„საქართველოში გაყალბებისა და მსგავსი ტიპის დანაშაულისთვის ადამიანები უნდა დაისაჯონ. ანუ ეს პრეცედენტი ჩვენ უნდა დავუშვათ. იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები როცა გამოიძიებენ და დაადგენენ სიმართლეს, თუ ვინ იყვნენ ის პირები და ვისი დავალებით მოქმედებდნენ ისინი და მათ რომ დასჯიან, მაშინ ყველა, მათ შორის ცესკოშიც მიხვდებიან, რომ ეს არის დასჯადი და ეს იქნება ერთგვარი პრევენციაც“.

ეკა გიგაურის თქმით, ტექნიკური ხარვეზების გამოსარიცხად კი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთავრობამ უნდა იზრუნონ საუბნო და საოლქო კომისიების ტექნიკურ გადაიარაღებაზე. პირველ რიგში საუბარია საკმარისი რაოდენობის სკანერების შეძენაზე, რათა სიზუსტე არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ოპერატორების ყურადღებასა და პატიოსნებაზე.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG