Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში ახალი მეფის კურთხევის ცერემონია გაიმართა


ესპანეთში ოფიციალურად აკურთხეს ახალი მეფე, ფელიპე VI, მას შემდეგ რაც მისი მამა, ხუან კარლოსი ტახტიდან გადადგა. 46 წლის ფელიპემ პარლამენტში გამართულ, მოკრძალებულ ცერემონიაზე ფიცი დადო, რომ უერთგულებს კონსტიტუციას. თავის გამოსვლაში ახალმა მეფემ ისაუბრა ესპანეთის მიმართ თავის სიყვარულზე და ქვეყნის ერთიანობის რწმენაზე, იმ ფონზე, როცა ჩრდილოაღმოსავლეთის მდიდარ რეგიონს, კატალონიას, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის გამართვა სურს. ცერემონიის შემდეგ მეფე მანქანით გაატარეს მადრიდის ქუჩებში. მას ათასობით მოქალაქე ესპანეთის დროშების ფრიალით შეეგება. მეფედ კურთხევა არ აღინიშნება სახელმწიფო ბანკეტით, უცხო ქვეყნების მონარქთა სტუმრობით და საზეიმო აღლუმით. როგორც ვარაუდობენ, ახალ მეფეს სურს აჩვენოს, რომ მას თავისი ქვეშევრდომების პრობლემები ესმის, ესპანეთის ფინანსური სირთულეების ფონზე. ფელიპეს მამამ, 76 წლის ხუან კარლოსმა თითქმის 40 წელი დაჰყო სამეფო ტახტზე და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1970-იან წლებში ესპანეთის დემოკრატიზაციის პროცესში, ფრანკოს დიქტატურის დასრულების შემდეგ, მაგრამ ბოლოხანს დაკარგა მოსახლეობის მხარდაჭერა მისი ქალიშვილის, კრისტინას სახელთან დაკავშირებული კორუფციის სკანდალის გამო.
XS
SM
MD
LG