Accessibility links

logo-print

ენერგოდამოუკიდებლობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება


ფარვანის მშენებარე ჰიდროელექტროსადგური

ფარვანის მშენებარე ჰიდროელექტროსადგური

საქართველოში ბოლო დროს სულ უფრო იშვიათად ახსენდებათ ენერგოდამოუკიდებლობის თემა. ეს საკითხი ძირითადად მსხვილი ჰესების მშენებლობის დროს ხდება ხოლმე აქტუალური, უპირატესად - ეკოლოგიურ კონტექსტში. როგორ შეძლო შედარებითი ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა ქვეყანამ და რა არის დღეს მთავარი და მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ მიმართულებით? - ამაზე პასუხის გასაცემად საჭირო იქნება საქართველოს ენერგოწარმოებისა და ენერგომოწოდების დღევანდელ წყაროებს გადავხედოთ.

ექსპერტების მონაცემებით, დღეს ელექტროენერგიის გენერაციის მთლიანი დადგმული სიმძლავრე საქართველოში 3500 მგვტ-ს შეადგენს. ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 85 პროცენტი ჰიდროენერგეტიკაზე მოდის. ელექტროენერგიის წლიური წარმოება თითქმის სრულიად საკმარისია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სხვადასხვა შეფასებით, საქართველოს ჰიდროენერგიის სრული პოტენციალიდან დღემდე ტექნიკურად მიზანშეწონილი პოტენციალის მხოლოდ, დაახლოებით, 11-დან 18 პროცენტამდეა ათვისებული. საქართველოში, დაახლოებით, 47 მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგური და 6 მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია. ყველა ისინი, მცირე გამონაკლისის გარდა (ენგური, ვარდნილის კასკადი), პრივატიზებულია. შესაბამისად, ასათვისებელი რესურსი საკმაოდ დიდია.
ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უდავოდ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასთანაცაა დაკავშირებული, რისთვისაც საქართველოს დამატებითი რესურსები ესაჭიროება. გარდა ამისა, ელექტროენერგიის წარმოება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პოტენციალად განიხილება.

სწორედ ამიტომ, საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებენ ხუდონჰესზე. ხუდონჰესის გამომუშავება 1 მილიარდ 500 მლნ. კვტ.სთ იქნება. მემორანდუმით მას აღებული აქვს ვალდებულება ზამთრის 4 თვის განმავლობაში საქართველოს ენერგოსისტემას 133 მლნ. კვტ.სთ მისცეს 5,84 ცენტად. ხუდონჰესის გარდა, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს დადგენილებით, ყველა მშენებარე ელექტროსადგურმა თავისი გამომუშავებული ელექტროენერგიის 20% სახელმწიფოს უნდა მიჰყიდოს. შესაბამისად, ყველა ახალი რეალიზებული პროექტი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის ახალი შენაძენია.

თუმცა ყველა ახალი მშენებლობა დაკავშირებულია როგორც სოციალურ, ისე გარემოსდაცვით გამოწვევებთან. ხუდონჰესის შემთხვევამ კი აჩვენა, რომ ხელისუფლებები ყოველთვის მზად არ არიან ამ გამოწვევებზე პირდაპირი და კონკრეტული პასუხის გასაცემად.

რაც შეეხება ქვეყნის გაზმომარაგებას, საქართველოში ოთხი სხვადასხვა წყაროსა და სხვადასხვა ფასის გაზი შემოდი, მათ შორის ორი წყარო არის შაჰდენიზის და ის ლიმიტირებულია. იმავდროულად, ქვეყანა იღებს გაზს რუსეთ-სომხეთის ტრანზიტისგან, დარჩენილ ბუნებრივ აირს კი - კვლავ აზერბაიჯანიდან. ყველა კონტრაქტის ფასი სხვადასხვაა, თუმცა ფასზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ, გაზმომარაგების თვალსაზრისით, საქართველო მნიშვნელოვნად გახდა დამოკიდებული ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა ამ დამოკიდებულების „გადაზღვევა“ დღეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის კიდევ ერთი, ჯერჯერობით უპასუხო, გამოწვევაა.

საბოლოო ჯამში, ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის მიღწევიდან 20 წლის თავზე საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა შეძლო ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით, თუმცა გამოწვევები რჩება და მათზე სწორი პასუხის გაცემა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყნის სამომავლო -არამხოლოდ ეკონომიკური - განვითარების პერსპექტივას.
XS
SM
MD
LG