Accessibility links

„იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძნელია მდიდრისათვის ცათა სამეფოში შესვლა. კიდევ გეუბნებით თქვენ: უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში“ (მათე 19, 23-24).

კაპიტალიზმი, როგორც რელიგია, მართლმადიდებლობა, როგორც კაპიტალიზმი

მართლმადიდებლობა საქართველოში კაპიტალიზმის ბოლო და ყველაზე მეტად ამაღლებული სტადიაა. ბოლოობაში იგულისხმება არა კაპიტალიზმის საბოლოო სტადია, რომლის იქით აღარაფერი უნდა იყოს, არამედ მისი აქამდე უცნობი და ახალი გამოვლინება. კაპიტალიზმის ამაღლებულობა კი ნიშნავს მის რელიგიად შენიღბვას, ყოფითი კეთილდღეობისა და ქონების დაგროვების პროფანული ლტოლვების რელიგიურ კატეგორიებში გამოსახვას, სუბლიმაციას. კაპიტალიზმი საქართველოში მართლმადიდებლობად მოინათლა და რელიგიური საბურველით შემოსილი გამოჩნდა ისტორიის ასპარეზზე. მიუხედავად მისი ამაღლებული მჭევრმეტყველებისა, კაპიტალიზმის ღირებულებათა სისტემა და ძირითადი პრინციპები საქართველოშიც ისეთივე მატერიალისტური და სამომხმარებლო შინაარსისაა, ისევე ემსახურება გამდიდრების, მომხვეჭელობისა და სხვათა ექსპლუატაციის ინსტინქტების დაკმაყოფილებას, როგორც მისი სხვა, არამართლმადიდებლური და კლასიკური ვარიანტები.

თითქმის ერთი საუკუნის წინ გერმანელმა თეორეტიკოსმა ვალტერ ბენიამინმა პირველმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კაპიტალიზმი არათუ წააგავს რელიგიებს გარკვეული ნიშნებით, არამედ თავადაა რელიგია, რომელსაც არანაირი თეოლოგია და დოგმატიკა არ გააჩნია და მთლიანად შედგება კულტისგან, რომლის მსახურებაც უწყვეტი და ტოტალურია. თუკი რელიგიები, ჩვეულებრივ, ცოდვა-ბრალეულობისგან გამოსყიდვას ემსახურებოდნენ, კაპიტალიზმის, როგორც რელიგიის, ისტორიული სიახლე, ბენიამინის თანახმად, მისი უსაშველო დამვალიანებლობაა: რაც შეიძლება მეტი ვალის აღება, მეტი საქონლის შეძენა და მოხმარება. კაპიტალიზმის ღმერთი არც ტრანსცენდენტულია და არც მკვდარი - ის ადამიანის ცხოვრებაშია ჩართული და საკუთარ სახეს საქონელბრუნვაში, მოხმარებაში, დაგროვებასა და დავალიანებაში აჩენს. ფულის კუპიურებს და სამომხმარებლო საგნებს მასში იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც რელიგიაში რელიკვიებს. არსობრივი პრინციპი, რომლის საფუძველზეც კაპიტალიზმის რელიგიად განხილვაა შესაძლებელი, მისი ის ფუნქციაა, რომელიც აქამდე მხოლოდ რელიგიების პრეროგატივა იყო: კაპიტალიზმი იმავე საზრუნავის, თავსატეხისა და საშფოთველის დაკმაყოფილებას ემსახურება, რაზეც აქამდე მხოლოდ რელიგიები იძლეოდნენ პასუხს.

თანამედროვე ქართულ მართლმადიდებლობაშიც შესაძლებელია კაპიტალიზმის ნაირსახეობის დანახვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მართლმადიდებლობა საქართველოში იმავე საზრუნავის, მოთხოვნილებებისა და საზოგადოებრივ-ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება, რომელთა რეალიზების სფეროდ, ჩვეულებისამებრ, ეგრეთ წოდებული კაპიტალიზმი მიიჩნევა. შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებლობა თანამედროვე საქართველოში არა იმდენად სარწმუნოებაა, რამდენადაც კაპიტალიზმის ქართული ნაირსახეობა; ან, თუ ბენიამინის თეორიულ ხაზს გავყვებით, იმდენადაა რელიგია, რამდენადაც ის კაპიტალიზმია. მართლმადიდებლობა გამოხატავს თანამედროვე ქართველის არა სულიერ სწრაფვებსა და საზრუნავებს, არამედ მის სრულიად მატერიალურსა და უტილიტარულ მოთხოვნილებებს. თანამედროვე ქართულ მართლმადიდებლობას არ გააჩნია არც თეოლოგია, და არც ტრანსცენდეტული, ზეგრძნობითი და გონებით მიუღწეველი განზომილება. თავად ისეთი წარმოდგენაც კი, როგორიცაა 25 წლის წინ გამოგონილი „ზეციური საქართველო“, სრულიად მატერიალისტური ფანტაზიაა: ზეციურ საქართველოში დაჰქრიან ჯიპები, ყველა მართლმორწმუნეს თავისი ჯიპი ჰყავს, აი ისეთი, მიწიერ საქართველოში მათი მოძღვარი-მამაოები რომ „დააგელვებენ“. ეკლესია და სამღვდელოება მრევლის სახე და ნიმუშია, მისი ოცნებებისა და ფიქრების განსხეულება. სამღვდელოება თავისი მატერიალური კეთილდღეობითა და სიმდიდრით, ძვირფასი ავტომანქანებითა და ბინა-სახლებით, ოქრო-ვერცხლითა და პომპეზურობით, უმეცრებისა და უსწავლელობის მიუხედავად, მაღალი ავტორიტეტისა და სოციალური სტატუსისა საშუალო ქართველის ოცნების ხორცშესხმაა. იოლი გზით გამდიდრება და წარმატებულობა, სახელმწიფოსგან მინიჭებული უსასრულო პრივილეგიები, გადასახადებისგან და სამართლებრივი კონტროლისგან თავისუფლება - ყველაფერი, რითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს, საშუალო ქართველის სურვილებსა და იდეალებს განასახიერებს.

თანამედროვე საქართველო იმითაა გამორჩეული და განსაკუთრებული, რომ მასში სულიერების ნიშნებიც კი ძნელად მოიძებნება და თვით მისი რელიგიაც კი მატერიალისტური შინაარსისაა. ესაა ტოტალურად მატერიალურ ღირებულებებსა და სოციალურ სტატუსებზე (რომლებსაც ასევე მატერიალური საგნები განსაზღვრავენ) დაფუძნებული რწმენა-წარმოდგენები, რომელთა რელიგიური შემადგენელი იმდენსვე იწონის, რამდენსაც, მაგალითად, ნაყოფიერების კულტსა თუ პრიმიტიულ ჯადოქრობაში. სულიერების ერთადერთი ფორმა, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია სულიერებად ასაღებს, სრულიად მატერიალური ფორმის ქმედებებია: მარხვა, ანუ საკვების მიღება-არმიღება, სანთლების შეძენა და დანთება, საკუთარი სექსუალური ცხოვრების მოძღვრისგან დაპროგრამება, ეკლესიაში სიარული და ფულის შეწირვა „სულის“ სახსნელად...

საყოფაცხოვრებო საგნების კურთხევა მათი ფლობის დაკანონებაა, ანუ ერთგვარი გარანტია იმისა, რომ ნაკურთხი ავტომანქანის, ბინის, ავეჯისა თუ სარეცხი მანქანის მესაკუთრეობაში მფლობელს ვეღარავინ შეეცილება. ეკლესიის მხრიდან უტილიტარული საგნების კურთხევა არის ის პარადოქსი, რომელსაც შეუძლია, ეჭვქვეშ დააყენოს ქართული მართლმადიდებლობის რელიგიურობა. ყველა სახის რელიგია, მათ შორის, ქრისტიანობაც, ემყარება საკრალური (ღვთაებრივი) და პროფანული (ყოფითი) სფეროების პრინციპულ გამიჯვნას. საკრალური, ანუ წმინდა (სიტყვა-სიტყვით ნაკურთხი) ნიშნავს საგნის ყოფითი, სამომხმარებლო სფეროდან ამოღებას. საგანი, ადგილი, ცხოველი თუ ადამიანი, რომელიც ნაკურთხია, აღარ ექვემდებარება მოხმარება-გამოყენებას, აღარ მონაწილეობს „ამა სოფლის“ ცხოვრებაში. ნაკურთხი ღვთაების საკუთრებაა და მისი მოხმარება არ შეიძლება. საკრალური საგნების სიმბოლური მნიშვნელობა ტრანსცენდეტული, ყოფითს მიღმა მყოფ სამყაროს რეპრეზენტაციაა, არახილვადის სიმბოლური წარმომადგენლობაა საგანთა სამყაროში.

ყოფითი საგნების კურთხევით ეკლესია ერთმანეთში ურევს საკრალურსა და პროფანულ სფეროებს და ამით ავლენს საკუთარ პროფანულ, მატერიალურ-სამომხმარებლო შინაარსს, რომლის მიზან-მიმართულებაც გამორჩენასა და ხეირზე აგებული საბაზრო წესრიგია. ყოფით საგანთა კურთხევით ეკლესია სხვისი მოგებისა და ბიზნესის მეწილე ხდება და, თითქოს სადაზღვევო კომპანია იყოს, ღვთაებრივ მხარდაჭერას ჰპირდება ბიზნესს. კურთხევის „სადაზღვევო ბიზნესი“ იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ 2014 წელს ეკლესიამ საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ბიზნეს-ოპერაცია ჩაატარა: ჯერ იანვარში მცხეთის სამთავროს მონასტერმა გამოაცხადა, რომ წმინდანად შერაცხული ბერი გაბრიელი, რომლის ნეშტიც სამთავროს მონასტრის ეზოშია დაკრძალული, ორ სურვილს აუსრულებს ყველას, ვინც მის საფლავს შობამდე მოინახულებს. რამდენადაც ოთხდღიანმა ექსპერიმენტმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მონასტრის სალაროს ურიცხვი ლარი შემატა, მალე სასწაულმოქმედად გამოცხადებული ბერის ნეშტი საეკლესიო ბიზნესის „საექსპორტო“ პროდუქტად იქცა: თებერვალ-მარტში გაბრიელ ბერის ნეშტმა „მოგზაურობა“ დაიწყო და ბოლოს სამი კვირის მანძილზე თბილისის წმიდა სამების ტაძარში ესვენა. ამ დღეებში, როგორც ვარაუდობენ, ეკლესიამ უფრო მეტი სანთელი, ბერ გაბრიელის ფოტო, ხატი თუ სხვა მსგავსი რელიკვია გაყიდა, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში. ეს იყო ეკლესიის სუფთა მოგება, რომელიც, როგორც დაუბეგრავი ფული, მოხმარდება არა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებას, არამედ ეკლესიის გამდიდრებას.

მართლმადიდებლობის ეს მესაკუთრული თუ დამსაკუთრებელი სწრაფვა გამოიხატება მოპოვებული ნადავლის სხვისგან, უცხოსგან, კონკურენტისგან შეცილებისა თუ დაკარგვის შიშში. თავად ისეთი ფორმულა, როგორიცაა ქართველი მართლმადიდებლების აღშფოთების გამოხატულება - „სარწმუნოებას გვართმევენ!“ - მიუთითებს იმაზე, რომ სარწმუნოება მათ წარმოუდგენიათ მატერიალურ საგნად, რომელიც წართმევას ან გაცვლას შეიძლება ექვემდებარებოდეს. ამ პანიკური ფრაზით ქართველი მართლმადიდებელი გამოთქვამს იმ მატერიალური კეთილდღეობის დაკარგვის შიშს, რომელიც მას, თავისივე წარმოდგენით, სარწმუნოების მადლით აქვს მოპოვებული. ეს ერთობ კაპიტალისტური კონკურენციის შიში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქცევს ტოტალური ქსენოფობიის იდეოლოგად, რომელიც სხვა რელიგიებსა თუ მისდამი არაკონტროლირებად მოსახლეობაში ხედავს კლიენტურის, ანუ შემოსავლის წყაროების დაკარგვის საფრთხეს. რამდენადაც მართლმადიდებელ ეკლესიას არანაირი სულიერება და სულისმიერი თვითგამოხატვის ფორმები არ გააჩნია, ძალადობა და წამქეზებლობა მისი ერთადერთი სალაპარაკო ენაა. შესაბამისად, სრულიად ლოგიკური იყო ეკლესიის აგრესია ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმართ: დისკრიმინაცია ეკლესიის „სულიერების“ ერთადერთი გამომხატველიღაა, წმიდათაწმიდა უფლებაა, რომელიც მის დაუსჯელობასა და ზეკანონიერებას განაპირობებს. ეკლესიის ეს პრივილეგია, რაც უნდა ეწინააღმდეგებოდეს საბაზრო თავისუფლების პირობებს, სრულ ჰარმონიაშია კაპიტალისტური ექსპლუატაციის ამოსავალ პრინციპთან, რომელიც მეწარმეს უფლებას უნდა აძლევდეს საკუთარი სურვილისამებრ დაითხოვოს სამსახურიდან დაქირავებული მუშახელი; და თუ ასეთ დროს არსებობს ანტიდისკრიმინაციული კანონი, მას ეზღუდება ექსპლუატაციის უფლება. ინტერესთა ამგვარი ალიანსით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კაპიტალიზმის ქართული ვერსიის რელიგიურად შეფერილი დამცავი თუ სადაზღვევო სისტემაცაა და მისი სარეკლამო სამსახურიც, რომელიც ექსპლუატატორებისთვის მუშახელის დისკრიმინაციის წმიდა უფლებას იცავს, ხოლო ექსპლუატირებულებს, შემოწირული ფულისა თუ სხვა საჩუქრების სანაცვლოდ, ზეციერ საქართველოში გამდიდრების იმედს უსახავს.


მართლმადიდებლური კაპიტალიზმის გენეალოგია

1995 წელს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთი ღირსშესანიშნავი და უჩვეულო ამბავი მოხდა: თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე, გაიხსნა პირველი სუპერმარკეტი „ბაბილონი“, რომელიც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკვე ჩართული იყო პროფანულ ღონისძიებებში (მაგალითად, 1991 წელს ილია მეორემ მაშინდელ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან ერთად გახსნა საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში), სუპერმარკეტის კურთხევამ იმ დროს ჯერ კიდევ ცალსახად სეკულარულ საქართველოში უხერხული ასოციაციები აღძრა სახარებაწაკითხულ ადამიანებში, რომლებსაც იერუსალიმის ტაძრის ტერიტორიიდან იესო ქრისტეს მიერ მოვაჭრეების გამორეკვა გაახსენდათ. რამდენიმე წელიწადში სახელმწიფოსგან დაუბეგრავი და საბიუჯეტო დოტაციაზე მყოფი ეკლესია თავად იწყებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაღაზიათა ქსელების აგებას. თბილისის წმიდა სამების ტაძრის ტერიტორიაზე კი იხსნება თავისი ისტორიული ადგილიდან - რუსთაველის პროსპექტიდან - განდევნილი „ლაღიძის წყლები“. დროის უმოკლეს მონაკვეთში საპატრიარქო საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მეწარმედ და კაპიტალისტად იქცა.

შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ კაპიტალიზმისა და მართლმადიდებლობის თანამედროვე ვერსიის დაბადება ერთდროულად მოხდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, როდესაც 1987 წელს, „პერესტროიკის“ პოლიტიკის სახელითა და სოციალისტური და ათეისტური სახელმწიფოს ხელმძღვანელთა ნებართვით, გაჩნდა რელიგიური და საბაზრო-სავაჭრო თავისუფლების პირველი ნიშნები. შეიძლება არც ის ყოფილა შემთხვევითი, რომ ამ წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ყველაზე ცნობილი ქართველი ბანკირი - ილია ჭავჭავაძე - წმინდანად შერაცხა, თუმცა არა როგორც ბანკირი, არამედ როგორც პოეტი და ეროვნული მოღვაწე. საქართველო, რომელმაც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ვერ მოასწრო კაპიტალისტურ ურთიერთობებზე გადასვლა, ფეოდალიზმიდან პირდაპირ სოციალისტურ წყობილებაში აღმოჩნდა და ამ წყობილების ნგრევის ფაზაში შეუდგა ახალი საზოგადოებრივ-ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის გამოგონებას. სწორედ ამ ახალი ეპოქის ჩასახვის მომენტში მოხდა მუტაცია: კაპიტალიზმი მოინათლა მართლმადიდებლობად, ხოლო მართლმადიდებლობა ეროვნულობასთან გაიგივდა და ეთნიკურობასთან, ანუ „გენეტიკურ“ ერთობასთან ერთად, ახალი ეროვნული თვითშეგნების მთავარ ფაქტორად იქცა.

მართლმადიდებლობის იგივეობა ეროვნულობასთან ამ სარწმუნოების ოფიციალური, დეკლარირებული მხარეა, რომლის ინსცენირებას ის იმდენად წარმატებულად ახერხებს, რომ რელიგიისა და ეროვნულობის სინთეზის ფაქტი ეჭვსაც აღარ იწვევს, ანუ „გენეტიკურად ქართველი“ „გენეტიკურად მართლმადიდებელიცაა“. ის, რაც ამ ფასადსა და ცერემონიებს მიღმა იმალება, არის კაპიტალიზმი, რომელიც მართლმადიდებლობისა და, შესაბამისად, ქართული ეროვნული თვითშეგნების ერთგვარი არაცნობიერია. ცნობიერი ნაწილი, ანუ რაც გარედან ჩანს, წმინდანების ხატებით და ეროვნული გმირების პორტრეტებითაა შემოსილი, პათეტიკური და ლამის ლიტურგიული რიტორიკაა, რომლის მეშვეობითაც ეროვნულ-მართლმადიდებლური ცნობიერი საკუთარ თავს გამოსახავს. ის, რაც ამ „ამაღლებული“ სპექტაკლის კულისებში თამაშდება და რის გამოსახვას და დეკლარირებასაც ეროვნულ-მართლმადიდებლური ცნობიერი ერიდება და მალავს, არის კაპიტალიზმის ქართული ნაირსახეობა, თავისი ექსპლუატატორებითა და ექსპლუატირებულებით, მოგებითა და წაგებით, სიმდიდრითა და სიღატაკით და, რაც მთავარია, გამდიდრებისა და მოხვეჭის მართლაც დაუოკებელი ჟინით. კაპიტალიზმის ეს ქართული ვერსია, რომელიც, მისი დასავლური პროტოტიპისგან განსხვავებით, პროტესტანტული ეთიკიდან კი არ ამოიზარდა (როგორც ეს სოციოლოგ მაქს ვებერისგან მომავალ ტრადიციაშია), არამედ თავისი უშუალო წინამორბედის - საბჭოთა ყაიდის კორუფციისა და კორუმპირებული მორალისგან.

გვიანდელი ხანის (სტალინის შემდგომ) საბჭოთა საქართველოში კორუფცია არათუ არ ყოფილა საძრახისი და საზოგადოებრივ მორალთან შეუთავსებელი, არამედ პირიქით, რაც უფრო მეტად კორუმპირებული და, შესაბამისად, მდიდარი იყო ადამიანი, მით უფრო მაღალი და საპატიო ადგილი ეკავა საზოგადოებრივ იერარქიაში. სწორედ კორუმპირებული პირები წარმოადგენდნენ საზოგადოების ელიტას, სოციალურად და მატერიალურად პრივილეგირებულ ფენას. „უბრალო“ ხალხი კი მათ სახელებს იცნობდა, მათ ჰბაძავდა, მათი მდგომარეობისაკენ ისწრაფოდა. არაკორუმპირებულობას და „პატიოსნებას“ დამაკნინებელი შინაარსები მიეცა: „პატიოსანი“ ბევრისთვის „უუნაროს“, „ბრიყვის“, „არაფრისმაქნისის“ სინონიმად იყო ქცეული... „მატერიალიზმმა“ - მატერიალურ ღირებულებათა პრიმატმა - საბჭოთა კავშირში გაიმარჯვა არა ტერორითა და იდეოლოგიური ზეწოლით, არამედ კორუფციით. საბჭოთა კავშირში კორუფციამ შეცვალა იდეოლოგიური ფანატიზმი და მისი ტირანია. ხელისუფლების ყველა შტოს ტოტალური კორუმპირებულობის გამო კორუფცია გაიგივდა ძალაუფლებასთან და კეთილდღეობასთან. ამან საბჭოთა საზოგადოება არა მხოლოდ მორალურად გადააგვარა, არამედ სახელმწიფოს დაუნგრია ეკონომიკური საფუძვლები, რაც ბოლოს მთელი სისტემის კრახით დამთავრდა.

პოსტსოციალისტურ პოლიტიკურ სივრცეში 90-იანი წლების დასაწყისშივე გამოჩნდნენ პოლიტიკური თუ რელიგიური ფანატიკოსები, რომლებმაც „გამოაღვიძეს“ ერთ დროს კორუმპირებულ სიმშვიდეში მცხოვრები ხალხები და მათ სისხლისღვრისა და სისასტიკისაკენ უბიძგეს. 2000-იანი წლების დასაწყისში რელიგიური ფანატიზმი იქცა „საერთაშორისო ტერორიზმად“, რომლის წინააღმდეგ ომი დღესაც გრძელდება. ამ დროს გერმანელმა ფილოსოფოსმა და ვალტერ ბენიამინის მკვლევარმა ნორბერტ ბოლცმა გამოთქვა მემარცხენე ტრადიციისათვის უცნაური მოსაზრება, რომ კონსუმიზმი და კაპიტალისტური სამომხმარებლო მატერიალისტური ცნობიერება ერთადერთი რეალური იარაღი შეიძლება იყოს რელიგიური ფანატიზმის წინააღმდეგ, რადგან ფანატიკოსი არაკორუმპირებადია, მას არ აინტერესებს მატერიალური სამყაროს სიკეთეები და კაპიტალიზმს მისი ყიდვა არ შეუძლია. კორუმპირებული და მატერიალური სიკეთის მფლობელი კი ვერასოდეს გახდება ფანატიკოსი, ან მორწმუნე, რადგანაც იცის, რომ „სასუფევლის“ კარიბჭე მისთვის დახშულია, რომ მდიდარი ვერ შევა ღვთის საუფლოში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თანამედროვე ქართული მართლმადიდებლობის კორუმპირებულობა და მატერიალიზმი, სულიერებისა და არამატერიალური ღირებულებებისგან მისი დაცლილობა საქართველოსთვის შანსია, არ გადაიქცეს რელიგიური ფანატიზმისა და ექსტრემიზმის კერად. მართლმადიდებლობა, რომელიც კაპიტალიზმის ქართული ნაირსახეობაა, საკუთარი ნებით არასოდეს დათმობს მოხვეჭილ სიკეთეებს. იმ ბიზნესმენთა აპოკალიფსური განცხადებები და მუქარები კი, რომელთათვისაც სიმდიდრე და ქონება საკუთარი რაინდობის ინსცენირების საშუალებად ქცეულა, სხვა არაფერია, თუ არა კაპიტალისტური სარეკლამო ინდუსტრიის უგემოვნო პერფორმანსები, რომელთა მიღმა მოგებისა და „პროფიტის“ კაპიტალისტური კულტმსახურება დგას. ხოლო კორუფციასა და უსაშველო მომხვეჭელობას, საბოლოო ჯამში, სისტემა თვითლიკვიდაციამდე მიჰყავს, რასაც ვერავითარი შელოცვა-კურთხევები ვეღარ შეაჩერებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG