Accessibility links

logo-print

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის კანდიდატურებს


პეტრო პოროშენკო

პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პარლამენტის მხარდაჭერა მოიპოვა რამდენიმე მნიშვნელოვან სამთავრობო პოსტზე მის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნის პროცესში.

19 ივნისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პოროშენკოს კანდიდატურებს საგარეო საქმეთა მინისტრის, გენერალური პროკურორისა და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობებზე. სამივე კანდიდატმა პარლამენტის ხმების ორ მესამედზე მეტი მიიღო.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაამტკიცეს 46 წლის პავლო კლიმკინი, რომელიც გერმანიაში იყო უკრაინის ელჩი.

კლიმკინმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროკავშირთან მოლაპარაკებაში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე. როგორც პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 19 ივნისს განაცხადა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ და სავაჭრო ნაწილს ის ბრიუსელში 27 ივნისს მოაწერს ხელს.

ამასთან, კლიმკინი პოროშენკოს წარმომადგენელია რუსეთთან ეუთოს შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებაში, რომელიც კიევში დაიწყო.
პარლამენტის წინაშე გამოსვლისას კლიმკინმა შემდეგი განცხადება გააკეთა „შევეცდები ყველაფერი გავაკეთო საიმისოდ, რომ უკრაინის საგარეო პოლიტიკა იყოს მიზანმიმართული, ერთიანი და პროაქტიული და ემსახურებოდეს უკრაინის ეროვნული ინტერესების დაცვის მიზანს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გამოცხადებული ნდობისთვის“.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია“ ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის სიტყვებს - „ახალ მინისტრს წარმატებას ვუსურვებთ და მზად ვართ მასთან ურთიერთობისთვისო“.
მაქსიმალურ ძალისხმევას მოვახმარ უკრაინაში მშვიდობისა და სიმშვიდის დამყარებას და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე კანონის უზენაესობის განუხრელ მოქმედებას...



ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად დაინიშნა ვალერია ჰონტარევა, ინვესტორი ბანკირი, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში მუშაობის თითქმის ორი ათეული წლის გამოცდილება აქვს.
გენერალური პროკურორი კი ხდება ვიტალი იარემა, რომელიც ამ დრომდე პირველი ვიცე-პრემიერი იყო.

იარემას კანდიდატურის წარდგენისას პოროშენკომ თქვა, რომ ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თავად იარემამ პარლამენტს ასეთი განცხადებით მიმართა: „მაქსიმალურ ძალისხმევას მოვახმარ უკრაინაში მშვიდობისა და სიმშვიდის დამყარებას და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე კანონის უზენაესობის განუხრელ მოქმედებას. რაც კი შესაძლებელი იქნება, ყველაფერს გავაკეთებ ადამიანების დასაცავად მათ წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებებისგან“.

პოროშენკომ ჯერ კიდევ უნდა დაასახელოს კანდიდატები თავდაცვის მინისტრისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტებზე. ეს თანამდებობები უმნიშვნელოვანესია პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან დაპირისპირებაში, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარეობს.

19 ივნისს გავრცელებული ცნობებით, უკრაინის სამთავრობო ძალები განაგრძობენ ბრძოლას პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ კრასნი ლიმანთან ახლოს. თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, ვლადისლავ სელეზნიოვის თქმით, ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სეპარატისტებმა უარყვეს მოწოდება განიარაღების თაობაზე.

სელეზნიოვის თქმით, არის ცნობები მსხვერპლის შესახებ სამთავრობო ძალებს შორის, ხოლო სეპარატისტებმა „მნიშვნელოვანი დანაკარგი“ განიცადეს.
ორთვიანი ბრძოლის დასრულების მიზნით შემუშავებული გეგმის თანახმად, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 18 ივნისს გამოვიდა ცალმხრივი ზავის წინადადებით და პირობით, რომ პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს უსაფრთხო დერეფნის გზით ტერიტორიის დატოვების საშუალებას შეუქმნის.
აღმოსავლეთ უკრაინაში მომუშავე გაეროს დამკვირვებლები აცხადებენ, რომ აღრიცხეს პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ მკვლელობების, წამებისა და ადამიანთა გატაცების შემთხვევების სისტემატური მატება. „აღმოსავლეთში უკანონობის ატმოსფეროა გამეფებულიო“, აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე ადამიანის უფლებების საკითხებში, ივან სიმონოვიჩი.

ახალი ანგარიშის თანახმად, გასულ თვეში დაიღუპა, სულ მცირე, 356 ადამიანი, მათ შორის უკრაინის არმიის 86 სამხედრო.

ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ნავი პილაი აცხადებს, რომ არასტაბილურობისა და შიშის კლიმატის გამო 34,000 ადამიანს მოუწია საცხოვრებელი სახლის დატოვება. პილაი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მოქმედ პრორუსულად განწყობილ შეიარაღებულ ჯგუფებს მოუწოდებს „შეწყვიტონ საკუთარი თავისა და რეგიონის მოსახლეობის ამ ჩიხისკენ ტარება“.

ასეთ ფონზე, 19 ივნისს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან რუსეთის კიდევ რამდენიმე ათასი სამხედრო განათავსეს.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, რასმუსენმა 19 ივნისს ლონდონში განაცხადა, რომ ეს ქმედება „უკან გადადგმული, ძალიან სამწუხარო ნაბიჯია“. რასმუსენის შეფასებით, როგორც ჩანს, რუსეთი „ღიად ტოვებს უკრაინაში კიდევ უფრო მეტი ინტერვენციის შესაძლებლობას“.

აქამდე ნატო აცხადებდა, რომ რუსეთმა გაიყვანა იმ 40,000 სამხედროს, დაახლოებით, ორი მესამედი, რომელიც, როგორც ცხადდებოდა, მოსაზღვრე რეგიონში იყო დისლოცირებული. რასმუსენმა დასძინა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ „მტკიცე პასუხი“ უნდა გასცეს რუსეთის მხრიდან უკრაინაში კიდევ უფრო მეტ ინტერვენციას, თუ ასეთი რამ მოხდა.

ლონდონის ჩეთემ ჰაუსში გამოსვლისას რასმუსენმა აღნიშნა, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთმა თავდაცვის სფეროში გაწეული ხარჯები, დაახლოებით, 50 პროცენტით გაზარდა, მაშინ როცა ნატოელმა მოკავშირეებმა ეს ხარჯები, საშუალოდ, 20 პროცენტით შეამცირეს. „ეს სხვაობა ყურადღებას საჭიროებსო“, დასძინა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
XS
SM
MD
LG