Accessibility links

logo-print
ერაყში გრძელდება ბრძოლა ქვეყნის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე კონტროლის დასამყარებლად. ერთმანეთს უპირისპირდებიან ერაყის შეიარაღებული ძალები და სუნიტი მეამბოხეები, რომელთა გაერთიანებაც ცნობილია როგორც „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“. ამ მეამბოხეებმა ბოლოხანს არაერთ სამხედრო წარმატებას მიაღწიეს: აიღეს ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული და ქალაქი თიქრითი. მათ შესაჩერებლად ბაღდადი უკვე უცხოეთს სთხოვს დახმარებას - კერძოდ, შეერთებულ შტატებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის მთავრობის ერთგული ძალები ინარჩუნებენ კონტროლს ბაღდადის ჩრდილოეთით, 200-მდე კილომეტრში მდებარე ბაიჯის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე, თუმცა გრძელდება შეტაკებები მეამბოხეებთან.

განსხვავებულ სურათს ასახავს ვიდეოკადრები, რომლებიც არაბულენოვანმა ტელეკომპანია „ალ-არაბიამ“ აჩვენა: საწარმოდან ამოდის კვამლი და ერთ-ერთ შენობაზე აღმართულია შავი დროშა - სიმბოლო, რომელსაც იყენებენ ალ ყაიდის მოკავშირე ჯგუფ „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ წევრები. ამ მეამბოხეებს სუნიტებად მოიხსენიებენ, მაშინ როცა ერაყის მოსახლეობის უმრავლესობაში შიიტი მუსლიმები არიან და ასევე შიიტები დომინირებენ მთავრობაში.

ბაღდადი ახლა ელოდება აშშ-ის პასუხს თხოვნაზე, საჰაერო დარტყმები განახორციელოს ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებმაც გასულ კვირაში ერაყის ორი ქალაქი აიღეს და დაპყრობილი ტერიტორიების კიდევ უფრო გაფართოებას ცდილობენ.

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯეი კარნი 18 ივნისის ბრიფინგზე ზოგად განცხადებას დასჯერდა: „ჩვენ კვლავინდებურად გვაქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მომცველი ურთიერთობა ერაყთან და, როგორც ყოველთვის, ასეთ ვითარებაში ფოკუსირებული ვართ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე, ჩვენი ხალხისა და ჩვენი მოკავშირეების ინტერესებზე. მაგრამ, საბოლოოდ, ერაყელმა ხალხმა უნდა განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ჩვენ გვერდში ვუდგავართ, როგორც პარტნიორი და მეგობარი, მაგრამ გადაწყვეტილებები მათ უნდა მიიღონ“.

18 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეხვდა კონგრესმენებს ერაყში შესაძლო სამხედრო ოპერაციაზე მოსალაპარაკებლად. ნათელი არ არის, დასჭირდება თუ არა პრეზიდენტს კონგრესის მხარდაჭერა, თუ საჭიროდ მიიჩნია ერაყში ექსტრემისტების წინააღმდეგ მოქმედება. ცნობების თანახმად, ობამა საათზე მეტხანს ესაუბრა კონგრესის წარმომადგენლებს, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, რესპუბლიკელ ჯონ ბეინერსა და უმცირესობის ლიდერს, დემოკრატ ნენსი პელოზის. შეხვედრის შემდეგ ნენსი პელოზიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტს არ სჭირდება კონგრესის მხარდაჭერა ერაყისათვის უსაფრთხოების კუთხით დახმარების გასაწევად. თუმცა გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იუწყება, ოფიციალური პირებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ პრეზიდენტი ობამა არ გამორიცხავს საკითხის კონგრესში კენჭისყრაზე გატანას.

ცნობების თანახმად, ვაშინგტონი განიხილავს საჰაერო დარტყმების შესაძლებლობას ერაყისაგან დახმარების თხოვნის საპასუხოდ და გამორიცხავს ერაყში საბრძოლო შენაერთების გაგზავნის შესაძლებლობას. თუმცა ცნობილია პრეზიდენტის განცხადება, რომ 275 ამერიკელ ჯარისკაცს გზავნის ბაღდადში შეერთებული შტატების საელჩოს დასაცავად.

18 ივნისს, სენატში გამოსვლისას, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა მხარი დაუჭირა ერაყში საჰაერო დარტყმების განხორციელებას: „აუცილებელია დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ. აუცილებელია დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ! რაც მეტი დღე გადის, სულ უფრო იმატებს რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალადობა, სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“.

„არსებობს ამჟამად კარგი არჩევანი ერაყისათვის? არა. კარგი არჩევანი არ არსებობს. ყველაზე ცუდი არჩევანი კი უმოქმედობაა“... ამბობს ჯონ მაკკეინი.

19 ივნისს გავრცელდა ცნობა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებაზე, რომ ვაშინგტონი დაინტერესებულია ირანთან კომუნიკაციით, ერაყში მოქმედ ექსტრემისტებზე ინფორმაციის გასაცვლელად. თუმცა ამერიკულ ტელეარხ NBC-თან საუბარში კერიმ ისიც თქვა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს ირანთან ერთად მუშაობას ერაყში კრიზისის მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG