Accessibility links

logo-print
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მითითებით, ზუგდიდის საოლქო კომისია შეისწავლის სოფელ კოკის 97-ე უბანზე გამოვლენილი დარღვევის ფაქტს, რომელშიც თბილისის მერობის კანდიდატის, დავით ნარმანიას დედა მონაწილეობდა. ლაპარაკია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე, რაც, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულია. 20 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა კიდევ ერთი სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც, ბიულეტენების მასობრივი ჩაყრის სახით, ადგილი ჰქონდა მარნეულის 57-ე და 25-ე საარჩევნო უბნებზე.

15 ივნისს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის საარჩევნო უბანზე მომხდარი კანონდარღვევის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა. კადრში კარგად ჩანს და ისმის, თუ როგორ ახდენს კომისიის წევრი ქალი ამომრჩეველზე ზეწოლას (მხარზე ხელს ადებს და თითს უქნევს) და აიძულებს აჩვენოს ბიულეტენი, რათა დარწმუნდეს, რომ მისთვის სასურველი ნომერია შემოხაზული.

„კაი ახლა, ნორა!“ - ამ სიტყვების ადრესატი საუბნო კომისიის წევრი ნორა ნარმანიაა - თბილისის მერობის კანდიდატის დედა. კომისის ერთ-ერთი წევრი სწორედ მას მიმართავს, როცა ეუბნება, რასაც აკეთებთ, კანონის დარღვევააო. კანონის დარღვევაზე ლაპარაკობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარიაც.

„კენჭისყრის ფარულობის პრინციპი არის არჩევნების ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი კომპონენტი და ეს განსაზღვრულია საარჩევნო კოდექსის მესამე მუხლით, რომ კენჭისყრა აუცილებლად უნდა იყოს ფარული. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა უბრალოდ დარღვევა კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულია და გათვალისწინებულია შესაბამისი სანქცია“, უთხრა ნინო ლომჯარიამ რადიო თავისუფლებას.
ხმების განზრახ არასწორად დათვლა, არჩევნების შედეგების განზრახ არასწორად შეჯამება ანდა რეფერენდუმის ან პლებისციტის შედეგების განზრახ არასწორად დადგენა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე...


ნინო ლომჯარიას თქმით, იკვეთება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ნიშნები. ფრაგმენტი სისხლის სამართლის კოდექსიდან:

„არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილის ხმის მიცემის
ფარულობის დარღვევა, საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის წევრის ან ასეთ კომისიაში რწმუნებულად ან მეთვალყურედ დანიშნულის მიერ საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო დოკუმენტის გაყალბება, ხმების განზრახ არასწორად დათვლა, არჩევნების შედეგების განზრახ არასწორად შეჯამება ანდა რეფერენდუმის ან პლებისციტის შედეგების განზრახ არასწორად დადგენა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.

ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის 97-ე უბანზე მომხდარ დარღვევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ:

„მე რაც ვნახე, იქ არის ნამდვილად იმის საფუძველი, რომ საოლქო კომისამ შეისწალოს საუბნო კომისიის წევრთა ქმედებები, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ქმედებები არსებით გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე“.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდნენ 57-ე და 25-ე საარჩევნო საუბნო კომისიის შენობებში მყოფი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები, რომელთა უმრავლესობასაც ერთმანეთთან აკავშირებთ ნათესაური და ახლო მეგობრული ურთიერთობები...


თამარ ჟვანიას ამ განცხადებას არაკომპეტენტურობისა და მიკერძოების ნიმუში უწოდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“. ხათუნა გოგორიშვილის თქმით, 97-ე უბანზე დაირღვა როგორც საარჩევნო, ასევე სისხლის სამართლის კოდექსი.

სამართალდამცავ ორგანოებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“, თუმცა მმართველი კოალიციის წარმომადგენელი, დეპუტატი თამარ კორძაია მათ ამ პოზიციას არ იზიარებს:

„ამ კადრებში დანაშაულის ნიშნები ნამდვილად არ ჩანს, იმიტომ რომ შეიძლება ერთგულების დადასტურების მიზნით ერთმა ადამიანმა თვითონ მიუტანოს მეორე ადამიანს და აჩვენოს ბიულეტენი. თან ეს არ ყოფილა საჯაროდ, რომ ვინმეს აგიტაციაში ჩაეთვალა. ძალიან ბევრი ადამიანი დღემდე მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ მე მომცეს ხმა“.

სხვაგვარი რეაქცია ჰქონდა მმართველ უმრავლესობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონში ორ უბანზე მომხდარ სამართალდარღვევებზე. სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ მარნეულის 57-ე და 25-ე საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების მასობრივი ჩაყრის გამო ბრალი 13 პირს წარედგინა:

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდნენ 57-ე და 25-ე საარჩევნო საუბნო კომისიის შენობებში მყოფი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები, რომელთა უმრავლესობასაც ერთმანეთთან აკავშირებთ ნათესაური და ახლო მეგობრული ურთიერთობები. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული კომისიის წევრთა უმრავლესობა საარჩევნო სისტემაში მუშაობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ზოგიერთ მათგანს აქვს საარჩევნო კომისიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

გამოძიებით დადგენილია, რომ N57 საარჩევნო უბანზე საუბნო კომისიის წევრებთან და სხვა დამკვირვებლებთან ერთად გაყალბებას აწარმოებდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დამკვირვებელი ტალეხ ბინატოვი და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ვუგარ გოჯაევი“.

ბიულეტენების მასობრივად ჩაყრის ამსახველი ვიდეომასალა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალის ზონის“ წარმომადგენელმა გადაიღო, საჯარო კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გახადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით..
XS
SM
MD
LG