Accessibility links

logo-print
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო საჩივრის შეტანის წესებს ამკაცრებს. რატომ გახდა საჭირო საჩივრის წარდგენის ვადის შემცირება და რას უნდა ელოდეს საქართველო ამ ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ? - ამ საკითხების გარკვევას იურისტებთან შევეცადეთ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანის წესები მკაცრდება. საქმე ეხება ევროკონვენციის მე-15 ოქმს, რომლის მიხედვითაც, საჩივრის წარდგენის ვადა 6-დან 4 თვემდე უნდა შემცირდეს, ანუ მას შემდეგ, რაც რომელიმე ქვეყნის სასამართლოს ბოლო ინსტანცია მომჩივანისთვის არადამაკმაყოფილებელ განაჩენს გამოიტანს, მას ევროსასამართლოში სარჩელის შეტანისთვის 4 თვე აქვს. იურისტი ლია მუხაშავრია განმარტავს:

„ოთხთვიანი გასაჩივრების ვადაც, ჩემი აზრით, არ არის მცირე ვადა. უფრო მეტად პრობლემურია ის საკითხი, რა უნდა ჩაითვალოს ბოლო ინსტანციად და სამართლებრივი საშუალებების ამოწურვად, როდესაც საკითხი ეხება არგამოძიებას, გამოძიების არასწორ მიმდინარეობას ან საქმის გამოძიებაშივე დასრულებას“.
ევროსაბჭოს მიერ მეთხუთმეტე ოქმის მიღება მიზნად ისახავს პრინციპის დამკვიდრებას, რომლის თანახმადაც, ადამიანის უფლებების დარღვევები წევრ სახელმწიფოშივე უნდა აღმოიფხვრას და სტრასბურგის სასამართლოში მხოლოდ კომპლექსური საქმეები უკიდურეს შემთხვევებში უნდა ხვდებოდეს...


ევროსასამართლოში რეფორმები რამდენიმე წელია დაიწყო. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ სასამართლო განსახილველი საქმეებით ძალიანაა გადატვირთული. გარდა გასაჩივრების ვადებისა, შეიცვალა საჩივრის შეტანის ფორმაც. ლია მუხაშავრიას თქმით:

„თუ ადრე იყო შესაძლებელი, რომ, უბრალოდ, წერილით მიემართა ადამიანს ევროსასამართლოსთვის და ამის შემდეგ საჩივრის ფორმასა და ინსტრუქციას უგზავნიდნენ, რომელსაც შეავსებდა და გაუგზავნიდა, ახლა ეს ფორმა უნდა შეავსოს - უბრალოდ, წერილის ფორმით ვეღარ მიმართავს - და უნდა დაიცვას, მათ შორის, ოთხთვიანი ვადა“.

ევროკონვენციის მე-15 ოქმს ხელი 20 ივნისს, საქართველოს სახელით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოაწერა. როგორც სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ: „ევროსაბჭოს მიერ მეთხუთმეტე ოქმის მიღება მიზნად ისახავს პრინციპის დამკვიდრებას, რომლის თანახმადაც, ადამიანის უფლებების დარღვევები წევრ სახელმწიფოშივე უნდა აღმოიფხვრას და სტრასბურგის სასამართლოში მხოლოდ კომპლექსური საქმეები უკიდურეს შემთხვევებში უნდა ხვდებოდეს“.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ეს ცვლილება ევროსასამართლოში მიმართვიანობას ხელს შეუშლის, რადგან საზოგადოებას სასამართლოში საჩივრის შეტანის წესებზე მცირე ინფორმაცია აქვს:
არც ერთი უფლებადამცველი არ არის მოხარული, იძულებული იყოს ევროსაბჭოში გაასაჩივროს საქმე. რა თქმა უნდა, გაცილებით სასურველია, რომ ქვეყნის შიგნით შეიძლებოდეს დარღვეული უფლების აღდგენა...


„საქმის მომზადებას ეროვნულ დონეზე გარკვეული რესურსი, სპეციალური იურიდიული ცოდნა სჭირდება, ამიტომ ეს გარკვეულ დროს წაიღებს ხოლმე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ცვლილება ევროსასამართლოში მიმართვიანობის კუთხით გარკვეულ პრობლემებს შექმნის“.

თამთა მიქელაძე დასძენს, რომ იუსტიციის სამინისტრომ და მედიამ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ცვლილებების შესახებ.
სახელმწიფოს მეტ ჩართულობაზე საუბრობს ლია მუხაშავრიაც:

„არც ერთი უფლებადამცველი არ არის მოხარული, იძულებული იყოს ევროსაბჭოში გაასაჩივროს საქმე. რა თქმა უნდა, გაცილებით სასურველია, რომ ქვეყნის შიგნით შეიძლებოდეს დარღვეული უფლების აღდგენა. ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ნება და პოლიტიკა, რომ აქ მიმდინარეობდეს მართლმსაჯულება და პოლიტიკა იმგვარად, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს ჰქონდეს სურვილი და მოტივაცია იმისა, რომ თავისი საქმე ევროსასამართლოში გაასაჩივროს“.

ცვლილება სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის წარდგენის პროცედურების შესახებ ჯერჯერობით ძალაში არ შესულა. ევროკონვენციის მე-15 ოქმს ხელი, საქართველოს ჩათვლით, ჯერ მხოლოდ 37-მა ქვეყანამ მოაწერა. ცვლილება ძალაში ევროსაბჭოს წევრი 47-ვე ქვეყნის ხელმოწერის შემდეგ შევა.
XS
SM
MD
LG