Accessibility links

logo-print

ომბუდსმენი განცხადებით გამოეხმაურა ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს


ლტოლვილთა საერთაშორისო დღის გამო სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. "შეიარაღებული, თუ სხვა სახის დაპირისპირების შედეგად ყველაზე მეტად მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება და ხშირად ადამიანები რამდენიმე საათში კარგავენ ყველაფერს, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ქმნიდნენ” - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ აუცილებელია დაცული იყოს ამ პირთა საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით აღიარებული უფლებები. სახალხო დამცველის განცხადებითვე, იძულებით გადაადგილების თემა კარგად ნაცნობია საქართველოსთვისაც, რომლის მრავალმა ათასმა მოქალაქემ თავად გამოსცადა შეიარაღებული კონფლიქტის სიმძიმე და იძულებით დატოვა საკუთარი სახლები. უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ 2014 წლის 29 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 26-ე სესიას განსახილველად წარუდგინა წერილობითი მოსაზრება საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი განაგრძობს ლტოლვილების და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებელი პირების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას და იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოსგან გარანტირებული იქნება ამ კატეგორიის პირთა უფლებების ეფექტურად დაცვა.
XS
SM
MD
LG