Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე: სამინისტრომ ნოტა გაგზავნა აზერბაიჯანის შესაბამის უწყებაში


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის შესაბამის უწყებაში ნოტა გაგზავნა და მოითხოვა ყველა საბუთი იმისა, თუ რა მოხდა გუშინ ბაქოს აეროპორტში - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით, ფაქტია, რომ რაღაც მოხდა და პრობლემა შეიქმნა. ფანჯიკიძის ინფორმაციით, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო საკითხის გარკვევაში მედიის მხრიდან დიდი ინტერესის შემდეგ ჩაერთო. „როცა საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეს და მით უმეტეს, პარლამენტის წევრს, საკონსულო ვალდებულია საქმის ვითარება გაიგოს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. გასულ საღამოს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ დიდი რაოდენობით არადეკლარირებული თანხის გამო ბაქოს აეროპორტში რამდენიმე საათით გააჩერეს პარლამენტის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე. მათ თანხის აღმოჩენის ინფორმაცია უარყვეს და მომხდარი ბაქოდან თბილისში კოლეგებთან მიზანმიმართულად ცრუ ცნობების შემცველი სატელეფონო საუბრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პროვოკაციად შეაფასეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეში არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, მათ შორის ელჩისთვის მაღალი დონიდან დადასტურებული ცნობა, სამინისტრომ საელჩოს დაავალა ზუსტად გაერკვეს საქმის ვითარებაში. ფანჯიკიძის თქმით, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვეულია აზერბაიჯანის ელჩიც.
XS
SM
MD
LG