Accessibility links

ერაყელ შიიტთა ლიდერი მხარს უჭერს ახალი მთავრობის ფორმირებას


ერაყელ შიიტთა უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ალ სისტანი ერაყის ახალი, ეფექტური მთავრობის შექმნის მოწოდებით გამოვიდა. ამ განცხადების ფონია ბრძოლა სამთავრობო ძალებსა და ისლამისტ ექსტრემისტებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ კონტროლს რამდენიმე დიდ ქალაქსა და მნიშვნელოვან ობიექტზე.

შიიტთა სასულიერო ლიდერის მესიჯში, რომელიც მოსახლეობას მისმა წარმომადგენელმა გააცნო, ნათქვამია, რომ მომავალმა მთავრობამ „ახალი პერსპექტივები უნდა შექმნას ყველა ერაყელისათვის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად“. მანამდე ერაყში ყველა ძალის მონაწილეობით მთავრობის ფორმირების მოწოდებით გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც დაჟინებით იმეორებს, რომ სამხედრო გზით პრობლემის მოგვარება შეუძლებელია:

„ჩვენი საქმე არააა ერაყის ლიდერების დანიშვნა. რისთვისაც ჩვენი პატრიოტი სამხედროები წლების განმავლობაში იბრძოდნენ ერაყში, არის ის, რომ ერაყელებს ჰქონოდათ უფლება და შესაძლებლობა თავად აერჩიათ ღირსეული ცხოვრება და საკუთარი ლიდერები“.

ერაყის მთავრობამ, რომელიც უპირატესად შიიტი პოლიტიკოსებითაა დაკომპლექტებული, შეიარაღებული სუნიტების პოზიციებზე ვაშინგტონს საავიაციო დარტყმების განხორციელება სთხოვა მას შემდეგ, რაც მეამბოხეთა ჯგუფმა - „ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ“ - ორი კვირის განმავლობაში ხელთ იგდო ქალაქები თიქრითი და მოსული და კონტროლი დაამყარა რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე. როგორც ბარაკ ობამამ 19 ივნისს განაცხადა, ის მზად არის განიხილოს „წერტილოვანი“ დარტყმის განხორციელების შესაძლებლობა მაშინ, როცა ამის საჭიროება იქნება. ამასთან, ობამა აცხადებს, რომ არ აპირებს უკან დააბრუნოს სახმელეთო ძალები, რომლებმაც ერაყი ოთხი წლის წინ დატოვეს.

„ჩვენ მზად ვართ გავგზავნოთ დამატებით ამერიკელ სამხედრო მრჩეველთა მცირე - 300-კაციანი - ჯგუფი, რომელიც შეისწავლის, როგორ შეიძლება წვრთნები გავაუმჯობესოთ, და რომელიც ერაყის უსაფრთხოების ძალებს წინსვლაში დაეხმარება. ამერიკის სამხედრო ძალები ერაყში არ დაბრუნდებიან“.

გავრცელებული ცნობებით, ერაყში 20 ივნისსაც გრძელდება ბრძოლა უსაფრთხოების ძალებსა და სუნიტ მეამბოხეებს შორის ქვეყნის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე კონტროლის დასამყარებლად. საწარმო ბაღდადიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით, 200 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ბაჯიში მდებარეობს. მეამბოხეთა ჯგუფმა, „ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ“, ობიექტი ხელთ იგდო გასულ კვირაში.

ერაყიდან გავრცელებული ცნობების თანახმად, ობიექტის ირგვლივ კვლავ გრძელდება ბრძოლები, მიუხედავად იმისა, რომ, ოფიციალური ცნობებით, უსაფრთხოების ძალებმა ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე კონტროლი აღადგინეს.
XS
SM
MD
LG