Accessibility links

logo-print

„ევრაზიის ფონდის“ პრეზიდენტი: „ქართული ოცნებისათვის“ თაფლობის თვე დასრულდა


ქართული ოცნების მიტინგი, 2012 წლის 29 სექტემბერი, თბილისი.

ქართული ოცნების მიტინგი, 2012 წლის 29 სექტემბერი, თბილისი.

ბოლო დღეებში ჩვენს გადაცემებში დიდ ადგილს ვუთმობთ საქართველოში 15 ივნისს ჩატარებული არჩევნების - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების - თემას, ვსაუბრობთ არჩევნების პროცესზე, შედეგებზე, შეფასებებზე. „მეათე სტუდიაში“ ამ თემას ვუბრუნდებით, რათა ერთი უცხოელი ექსპერტის ხედვა გაგაცნოთ: ეს გახლავთ შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ორგანიზაცია „ევრაზიის ფონდის“ პრეზიდენტი ჰორტონ ბიბი-სენტერი. ის რადიო „ამერიკის ხმის“ ქართულმა სამსახურმა მიიწვია ვაშინგტონის სტუდიაში.

ვიდრე ჰორტონ ბიბი-სენტერის მოსაზრებებს გაგაცნობდეთ, მოკლედ „ევრაზიის ფონდის“ შესახებ: ეს არის როგორც აშშ-ის სამთავრობო უწყებების მიერ, ისე კერძოდ დაფინანსებული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, კერძო მეწარმეობის ხელშეწყობას, საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების განვითარებას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოში.

„ამერიკის ხმის“ ვაშინგტონის სტუდიაში ია მეურმიშვილთან საუბრისას „ევრაზიის ფონდის“ პრეზიდენტმა ჰორტონ ბიბი-სენტერმა მთლიანობაში დადებითად შეაფასა საქართველოში 15 ივნისს ჩატარებული არჩევნები და არამარტო ის:

„ჯერ ერთი, ეს იყო რიგით მესამე არჩევნების სერიაში, რომელიც დაიწყო 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებით, მერე იყო საპრეზიდენტო არჩევნები 2013-ში და ახლა - ადგილობრივი არჩევნები. ყველამ შედარებით ნორმალურ პირობებში ჩაიარა, რაც მიანიშნებს, რომ საქართველოში საარჩევნო პოლიტიკა და, ზოგადად, პოლიტიკა ძალიან პოზიტიური მიმართულებით ვითარდება. თუ ამ სამ წელსა და სამ არჩევნებს შევადარებთ იმას, რაც საქართველოში ამ 10 წელიწადზე მეტი ხნის წინ ხდებოდა, ძალიან მკვეთრ კონტრასტს დავინახავთ. მე ამას მივიჩნევ საქართველოსათვის ძალიან პოზიტიურ პროცესად“.

ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, „ევრაზიის ფონდის“ პრეზიდენტს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრისას არ წარმოუთქვამს სიტყვები „თავისუფალი და სამართლიანი“ - ზედსართავები, რომლებსაც, როგორც ცნობილია, იყენებენ მაღალ დონეზე ორგანიზებულ, გამჭვირვალედ და მშვიდობიანად, კანდიდატებისა და მედიისთვის თავისუფალ გარემოში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრისას.

ჰორტონ ბიბი-სენტერი როგორც აღნიშნავს, უნაკლო არჩევნები არ არსებობს - მთავარია, რამდენად ასახავს კენჭისყრა ამომრჩეველთა ნებას. საქართველოში არჩევნების შედეგები კი, მისი აზრით, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ელექტორატს მიეცა პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საუბარი შეეხო საქართველოში 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლის დაბალი აქტივობის თემასაც.

„ქვეყნების უმრავლესობაში - ამ ქვეყნის, შეერთებული შტატების, ჩათვლით - მუნიციპალურ არჩევნებში, ჩვეულებრივ, შედარებით ნაკლები ხალხი მონაწილეობს და, ჩემი აზრით, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. მონაცემები, რომლებიც მაქვს კავკასიის ბარომეტრიდან, - კავკასიაში მონაცემთა ერთ-ერთი საუკეთესო წყაროდან, - მიანიშნებს, რომ დაახლოებით 5%-ით არის შემცირებული ამ მუნიციპალურ არჩევნებში ელექტორატის აქტივობის მაჩვენებელი, თხი წლის წინანდელთან შედარებით. და მაინც - 40%-ზე მეტი არის უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყნის მუნიციპალური არჩევნების შემთხვევაში“, ამბობს „ევრაზიის ფონდის“ პრეზიდენტი, ჰორტონ ბიბი-სენტერი.

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლების 43,31%-მა - წინა თვითმმართველობის არჩევნებში, 2010 წელს, აქტივობა იყო 49%.

არსებობს აზრი, რომ ამომრჩევლის პასიურობა და თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა მმართველი კოალიციის, „ქართული ოცნების“ მიმართ ამომრჩევლებში კრიტიკული დამოკიდებულების გაძლიერებაზე მიანიშნებს. რამდენად იზიარებს ასეთ შეფასებას „ევრაზიის ფონდის“ პრეზიდენტი?

„2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, წელიწად-ნახევრის თუ ცოტა მეტი ხნის წინ, ქართულ პოლიტიკაში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება და, ჩემი აზრით, ადგილობრივი არჩევნების შედეგები - ჯერჯერობით წინასწარი შედეგები - მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნებისათვის“ თაფლობის თვე დასრულდა. და ესეც კარგია, რადგან ნიშნავს იმას, რომ ბოლო ეღება პირველ ეიფორიას, რომელიც გამოიწვია მნიშვნელოვანმა ცვლილებამ პოლიტიკურ პროცესში. ხალხი უკვე რეალისტურად უდგება საკითხებს“, - ამბობს ჰორტონ ბიბი-სენტერი, შეერთებულ შტატებში დაფუძნებული „ევრაზიის ფონდის“ პრეზიდენტი, რადიო „ამერიკის ხმის“ ვაშინგტონის სტუდიაში ია მეურმიშვილთან საუბრისას. ის დასძენს:

„ჩემი აზრით, ქართველებს თამამად შეუძლიათ იამაყონ პროცესებით, რომლებიც მათი დამსახურებაა ქვეყანაში ბოლო მრავალი წლის განმავლობაში. თუ დღევანდელ საქართველოს შეადარებთ 10 წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინანდელ პერიოდს, ეს არის უაღრესად მკვეთრი კონტრასტი“.

მასალა მოამზადა მარიამ ჭიაურელმა „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტ ია მეურმიშვილთან ჰორტონ ბიბი-სენტერის ინტერვიუს მიხედვით.
XS
SM
MD
LG