Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 21 ივნისი


სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალ-გაზეთები განვლილ კვირაში ბევრს წერდნენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, იმაზე, თუ როგორ იყენებს კრემლი უკრაინის დასამორჩილებლად ეკონომიკურსა თუ ენერგეტიკულ ბერკეტებს. აი, რას წერს, მაგალითად, გერმანიის გაზეთი „მიუნხნერ მერკური“:

„უკრაინისთვის ბრძოლაში პუტინს ორი მძლავრი იარაღი აქვს: ტანკები და გაზი. სამწუხაროდ, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ კრემლის მესვეური მზად არის, ერთიც გამოიყენოს, და მეორეც, და ამასთან, არავითარი ანგარიში არ გაუწიოს დანაკარგებს. პუტინის მოქმედება ხომ ნათლად გვიჩვენებს, რომ მისივე განცხადებები უკრაინაში ვითარების დეესკალაციისკენ მიმართული ძალისხმევის შესახებ სიცრუეა, და სხვა არაფერი.“

მიუნხენის გაზეთს სარედაქციო სტატიაში კვერს უკრავს გერმანიის კიდევ ერთი ყოველდღიური გამოცემა „ზაარბრიუკერ ცაიტუნგი“: „საქმიანი ეკონომიკური ურთიერთობის ფარგლებში მოქმედების საბაბით, მოსკოვი ცდილობს, უკრაინა კუთხეში მოიმწყვდიოს. რადგან საქმე ამ შემთხვევაში გაზი კი არა, ბრძოლის სხვა მეთოდებით გაგრძელებაა.“

პორტუგალიის „დიარიუ დი ნოტისიაში“ განიხილავს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სამშვიდობო გეგმას და მისი განხორციელების პერსპექტივას: „აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტთა ლიდერის უარი, იარაღი დაყაროს მანამ, სანამ შეიარაღებულ ძალებს რეგიონი არ დაუტოვებია, სათუოს ხდის პრეზიდენტ პოროშენკოს სამშვიდობო გეგმის შესრულებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა ახლა პუტინს აკისრია. მომავალი გვიჩვენებს, როგორი იქნება რუსეთის პრეზიდენტის რეაქცია; ან, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდის ვიხილავთ ამ რეაქციას.“

სლოვენიის გაზეთი „დელო“ უკრაინაში საზავო შეთანხმების შესრულებას არარეალისტურად მიიჩნევს: „საქმეს ვერც იმან უშველა, რომ ქვეყნის ლიდერი პოროშენკო ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. სხვა თუ არაფერი, კიევის მიერ შეთავაზებულ ზავს პუტინმა, როგორც საერთოდ სჩვევია, „არასაკმარისი“ უწოდა - მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში გათვალისწინებული იყო შეიარაღებული დაპირისპირების აღსაკვეთად აუცილებელი ყველა ასპექტი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კიევის ნებისმიერ ინიციატივას ერთი დიდი ნაკლი აქვს: ის არ ეფუძნება უკრაინის მთავრობისა და სეპარატისტების რაიმე შეთანხმებას, რადგან მხარეები ერთმანეთს არც კი ესაუბრებიან, რომ არაფერი ვთქვათ მოლაპარაკების გამართვაზე.“

უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების კონტექსტში ჰოლანდიის „ჰანდელსბლადი“ ყურადღებას იმაზე ამახვილებს, როგორი უნდა იყოს დასავლეთის რეაქცია: „ნატომ მოსკოვს უნდა გააგებინოს, რომ რადიკალურად შეცვლილი ვითარების გამო არ აპირებს, შეასრულოს დაპირება, რომ მუდმივმოქმედ სამხედრო ბაზებს არ იქონიებს ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში. გარდა ამისა, აშშ-მა და ევროპის კავშირმა რუსეთის მიმართ ახალი, უფრო მკაცრი სანქციები უნდა შემოიღონ. მართალია, ასეთ ნაბიჯს დასავლეთისთვისაც მოჰყვება გარკვეული ეკონომიკური ზარალი, მაგრამ ახლა საუბარია ევროპაში სტაბილურობასა და მშვიდობაზე, და იმაზე, რა მიმართულებით ივლის რუსეთი. ეს კი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.“

მეორე თემა, რომელიც დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა, ერაყი გახლავთ. შვეიცარიის „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“ ერაყში შექმნილი დაძაბულობისთვის მთავარ პასუხისმგებლად ვაშინგტონს მიიჩნევს. აი, რას წერს გაზეთი სარედაქციო სტატიაში: „ერაყიდან თავისი ჯარის გაყვანის შემდეგ აშშ ამ ქვეყანას ნაკლებ ყურადღებას აქცევს და არც თავის დიპლომატიურ გავლენას იყენებს საიმისოდ, რომ პრემიერ-მინისტრ მალიკის ხელი ააღებინოს სუნიტების მიმართ მტრული პოლიტიკის გატარებაზე. გონიერი დიპლომატის ნიჭით ვერც თავად მალიკი დაიკვეხნის: სულ რაღაც სამი წლის წინათ მან ქვეყანა დაატოვებინა ამერიკის ჯარს, ახლა კი ვაშინგტონს ევედრება, დამეხმარეო. მას ახლა უწევს იმ გაკვეთილის სწავლა, რომელიც არაერთ სხვა ლიდერს დიდი ხნის ათვისებული აქვს: რაოდენ სასტიკი და საშიშიც უნდა გეჩვენებოდეს შერიფი ამერიკა, მართლაც საშიშად მდგომარეობა მაშინ იქცევა, როცა ეს მსოფლიო პოლიციელი არსად ჩანს.“

დანიის გაზეთ „ილანდს-პოსტენის“ მიმომხილველი ფიქრობს, რომ ერაყში შექმნილი ვითარება დასავლეთის ბრალი არ არის: „დაძაბულობა შიგნიდან აღმოცენდა და ემყარება რელიგიურ შეუწყნარებლობას, პათოლოგიურ ანტისემიტიზმსა და ტომობრივ მენტალიტეტს, რომელიც აფერხებს ქვეყნის განვითარებას და საფრთხეს უქმნის უმცირესობებს, როგორიც არიან, მაგალითად, ქრისტიანები. კონფლიქტი მრავალია, მაგრამ ამჟამად ყურადღების ცენტრშია დაპირისპირება სუნიტებსა და შიიტებს შორის, რომელსაც კიდევ უფრო ამწვავებს გარე ძალების - საუდის არაბეთისა და ირანის ამბიციები. მხარეებისთვის იარაღის მიწოდებით ერთიცა და მეორეც დესტრუქციულ როლს ასრულებს.“
XS
SM
MD
LG