Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ტრეფიკინგის შესახებ


ჯონ კერი წარადგენს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ტრეფიკინგის შესახებ 2014 წლის ანგარიშს
ჯონ კერი წარადგენს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ტრეფიკინგის შესახებ 2014 წლის ანგარიშს
გამოქვეყნდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიში ტრეფიკინგის - ადამიანით ვაჭრობის - შესახებ. ანგარიშში ერთი თავი საქართველოსაც ეთმობა და აღნიშნულია, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით ის რჩება იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც მეორე კალათაში იმყოფებიან: საქართველო არის, ერთდროულად, წყაროც და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სატრანზიტო და მიმღები ქვეყანაც.

საქართველო, მეორე წელია, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ტრეფიკინგის შესახებ მეორე კალათაში ხვდება. ამ რიგში ხვდებიან ქვეყნები, რომლებიც სრულად ვერ აკმაყოფილებენ ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს და ვერ ახერხებენ დაიცვან ტრეფიკინგის მსხვერპლნი, თუმცა ძალისხმევას არ იშურებენ სტანდარტებთან დასაახლოებლად.
ეს საერთოდ მსოფლიო ტენდენციაა და ეს ტენდენცია ძალიან თვალნათელი გახდა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ახლა, ასე ვთქვათ, არა იმდენად სრულწლოვანთა პროსტიტუცია ხდება, რამდენადაც ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია მიდის...
ნანა ნაზაროვა

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველო გვევლინება როგორც წყაროდ, ისე ტრანზიტულ და მიმღებ ქვეყნად ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების, კაცებისა და ბავშვებისათვის. ანგარიშის თანახმად, ქალები უფრო მეტად სექსუალური, კაცები და ბავშვები კი შრომითი ექსპლუატაციის ობიექტები არიან. ქალები ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და რუსეთში. საქართველოში, კერძოდ, საქართველოს ტურისტულ რეგიონში, აჭარაში - ბათუმსა და გონიოში - უცხო ქვეყნებიდან - აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან - ჩამოსული ქალები იძულებით არიან ჩართული პროსტიტუციასა და სექსინდუსტრიაში.

ანგარიშში მოყვანილია 2013 წელს დასავლეთ საქართველოში სექსუალური ტრეფიკინგის უზბეკი მსხვერპლის მკვლელობის ფაქტი.

სახელმწიფო დეპარტამენტი ექსპერტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლად ქალები ხდებიან საუნებში, სტრიპტიზკლუბებში, კაზინოებსა და სასტუმროებში.

ქართველი ქალები და მამაკაცები იძულებითი შრომის მსხვერპლნი არიან როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში, კვიპროსში, იტალიაში, ყატარში, შვედეთსა და სხვა ქვეყნებში. მიგრანტები ძირითადად საქმდებიან სოფლის მეურნეობასა და სხვა დაბალანაზღაურებად სფეროებში. ისინი სამუშაოს იღებენ სააგენტოებთან კონტაქტით და შემდეგ მიმღებ ქვეყანაში მსხვერპლად გვევლინებიან.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები გამოიყენებიან ასევე სოფლის მეურნეობასა და სხვა სახის საოჯახო საქმიანობაში. ზოგ შემთხვევაში კი ბავშვებს აიძულებენ იმათხოვრონ და ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში.

როგორც ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების ხელმძღვანელი ნანა ნაზაროვა შენიშნავს, წელს ანგარიშში პირველად მოხვდნენ ბავშვები:

„ადრე ბავშვებზე არასოდეს საუბრობდნენ, ახლა პირველად ალაპარაკდნენ ბავშვთა ექსპლუატაციაზე, მათ ჩართვაზე პროსტიტუციაში. ეს დაკავშირებულია პედოფილიის იმ ფაქტებთან, რომლებიც გასულ წელს დაფიქსირდა. ეს საერთოდ მსოფლიო ტენდენციაა და ეს ტენდენცია ძალიან თვალნათელი გახდა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ახლა, ასე ვთქვათ, არა
ნანა ნაზაროვა
ნანა ნაზაროვა
იმდენად სრულწლოვანთა პროსტიტუცია ხდება, რამდენადაც ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია მიდის. ამის გამოვლინებები ჩვენთან მხოლოდ ახლა დაიწყო და მათ ანგარიშში მაშინვე აღიშნეს ეს ფაქტი“.

ბავშვების ტრეფიკინგში ჩართულობაზე ამახვილებს ყურადღებას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის კონსულტანტი მარკ ჰულსტი და შენიშნავს, რომ სახელმწიფო ბევრს არაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად:

„კი, ეს რთული საკითხია. საერთოდ, რთულია, ვინაიდან საუბარია მშობლების მოქმედებაზე ან ოჯახის სხვა წევრების, ნათესავების, მაგრამ არავითარი რეაგირება არ ჩანს და, მე მგონი, საჭიროა, რომ უფრო მეტად დახვეწილი ძალისხმევა განხორციელდეს, ვინაიდან ამ შემთხვევაში პასიურობა არაფრით არ შეიძლება“.

როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფონდის ხელმძღვანელი მარი მესხი ამბობს, სტატისტიკა სრულყოფილი არ არის, რამდენადაც ეს დაფარული დანაშაულია და ასეა მთელ მსოფლიოში, თუმცა იზრდება დანაშაულის გამოვლენის სტატისტიკა, რაც მსხვერპლს მეტ ნდობას უჩენს. მარი მესხი თავშესაფრისადმი მიმართვიანობის სტატისტიკაზეც საუბრობს:

„საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით, 35-მა თუ 40-მა პირმა ისარგებლა სხვადასხვა სერვისით - ფსიქოლოგიურით, სამედიცინოთი... კომპენსაცია არის გაცემული, არის ცხელი ხაზი, პირისპირ მომსახურება და ასევე სამართლებრივი მომსახურება, იმიტომ რომ როდესაც გამოძიება იწყება, ჩვენ საგამოძიებო ორგანო მაშინვე გვიკავშირდება და ჩვენი წარმომადგენელი ჩართულია, რომ განახორციელოს პირის სამართლებრივი მომსახურება“.
პროგრესია ასახული ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების კუთხით. სახელმწიფო ფონდმა გასულ წელს 42 პირს გაუწია დახმარება და ეს დახმარება არის როგორც ფინანსური სახის, ასევე ფსიქოლოგიური და იურიდიული სახის, მაშინ როცა წინა პერიოდში ეს იყო მხოლოდ 18...
ბექა ძამაშვილი

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობა, მიუხედავად იმისა, რომ სრულად ვერ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის მინიმალურ სტანდარტს, ძალისხმევას არ იშურებს. 2013 წელს 5 მსჯავრდებული იყო. საანგარიშო პერიოდში მთავრობამ გამოიძია და დამნაშავედ ცნო 2 ბრალდებული. საქმე ეხებოდა სექსუალური ტრეფიკინგის ფაქტებს.

როგორც იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა ძამაშვილი განმარტავს, უწყებათშორისი საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, მაქსიმუმს აკეთებს ტრეფიკინგის როგორც პრევენციის, ასევე მისი გამოვლენისათვის. ბექა ძამაშვილი ანგარიშში მოყვანილ მაჩვენებლებსაც ასახელებს საქართველოს პროგრესის საილუსტრაციოდ:

„გამოძიებების რაოდენობა გაზრდილია 40-50%-ით, სისხლის სამართლებრივი დევნა გაიზარდა ოთხჯერ და სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების რაოდენობა - ხუთჯერ. პროგრესია ასახული ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების კუთხით. სახელმწიფო ფონდმა გასულ წელს 42 პირს გაუწია დახმარება და ეს დახმარება არის როგორც ფინანსური სახის, ასევე ფსიქოლოგიური და იურიდიული სახის, მაშინ როცა წინა პერიოდში ეს იყო მხოლოდ 18“.

საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოზიტიურ საქმიანობასთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიგნით არ გამოვლენილა შრომითი ტრეფიკინგის არც ერთი მსხვერპლი და რომ შეშფოთებას იწვევს ბავშვებში მსხვერპლთა იდენტიფიკაციის დაბალი დონე, მაშინ როცა ბავშვები ქუჩებში ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან. ასევე ნათქვამია, რომ პოლიციელთა რეიდები ბორდელებსა თუ ბარებში მთავრდება ხოლმე ტრეფიკინგის პოტენციურ მსხვერპლთა გამოვლენის გარეშე.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG