Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების შეფასებისა და საკრებულოს პრემიების კვირა


გასულ კვირაში საბოლოოდ გაირკვა, რომ თბილისის მერობისათვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ნარმანია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებიან. მეორე ტური ჩატარდება, სავარაუდოდ, სხვა 8 თვითმმართველ ქალაქშიც. ამავე კვირის მთავარი სკანდალი აღმოჩნდა საკრებულოს ჩინოვნიკების უპრეცედენტოდ მაღალი - 350 პროცენტიანი - პრემიები.

გასულ კვირაში 15 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ითვლიდნენ და აფასებდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 ივნისის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ისტორიული უწოდა და თქვა, რომ ეს იყო საქართველოს ისტორიაში პრაქტიკულად პირველი არჩევნები, როდესაც მოქალაქეებმა თავად გადაწყვიტეს, ვინ აერჩიათ თავიანთ ქალაქში, რაიონსა თუ სოფელში:

„პირველად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმავლობაში ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ მართლაც დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი თვითმმართველობის არჩევნები - არჩევნები, რომელშიც 16 000 კანდიდატი მონაწილეობდა. ეს იყო, მართლაც, უპრეცედენტო რაოდენობა და ხალხს მიეცა საშუალება აერჩია, დაახლოებით, 2000 კანდიდატი. ყველა ამომრჩევლის ხმა იყო დაცული და საარჩევნო ადმინისტრაციები მუშაობდნენ გამართულად და ხელისუფლება არ ჩარეულა მათ მუშაობაში“.
"ქართულმა ოცნებამ’ უნდა დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ მისი რეიტინგი ნელ-ნელა მცირდება და 2016 წელს არჩევნებზე იქნება საკმაოდ რთული ვითარება, თუკი ის არ გადადგამს საკმაოდ მკვეთრ და რეალურ ნაბიჯებს...
ვახტანგ ძაბირაძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებმა პირველსავე ტურში გაიმარჯვეს 4 თვითმმართველ ქალაქში. ესენია: ქუთაისი, ზუგდიდი, ახალციხე და ამბროლაური. 12 თვითმმართველი ქალაქიდან არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, ჩატარდება დარჩენილ 8 ქალაქში: თბილისში, თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ოზურგეთში, ფოთსა და ბათუმში. აქედან 4 ქალაქში მერობისთვის ”ქართული ოცნების” კანდიდატებს, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან, ხოლო დარჩენილ ასევე 4 ქალაქში მმართველ კოალიციას სხვა ოპოზიციური პარტიები შეეჯიბრებიან.

ამ ეტაპისთვის არსებული მონაცემებით, მართალია, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, ნიკა მელიას, თითქმის 20%-ით უსწრებს, მაგრამ ”ქართული ოცნების” კანდიდატმა დავით ნარმანიამ ვერ შეძლო 50%-იანი ბარიერის გადალახვა, რაც აუცილებელი იყო გამარჯვების პირველსავე ტურში მოსაპოვებლად. თუმცა მმართველ კოალიციას ეჭვი არ ეპარება, რომ, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს, როდესაც მეორე ტური გაიმართება, დავით ნარმანია აუცილებლად გახდება დედაქალაქის მერი.

როგორც კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ”ქართულ ოცნებას” მართებს დაფიქრება, თუ რატომ არ იაქტიურა მისმა ამომრჩეველმა და რატომ ვერ იქნა მიღწეული უპირობო გამარჯვება:

„’ქართულმა ოცნებამ’ უნდა დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ მისი რეიტინგი ნელ-ნელა მცირდება და 2016 წელს არჩევნებზე იქნება საკმაოდ რთული ვითარება, თუკი ის არ გადადგამს საკმაოდ მკვეთრ და რეალურ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ქვეყანაში როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური მდგომარეობა გამოსწორდეს”.

თუმცა არჩევნებს მაინც არ ჩაუვლია უხმაუროდ. გამოვლინდა დარღვევის რამდენიმე საყურადღებო ფაქტიც.

თბილისის საკრებულოს პროპორციული და მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმებისა და ცესკოს ვებსაიტზე გამოტანილი ინფორმაციის შედარებისას აღმოჩენილი უზუსტობის გამო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჩივარი შეიტანა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. როგორც მეორე ტურში გასულმა თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, გარდა იმისა, რომ რამდენიმე უბანზე მიღებული ხმების შესაბამის რიცხვებს ასეულების აღმნიშვნელი ციფრები წაუშალეს, ასევე საეჭვოდ დიდია გაუქმებული ბიულეტენების რაოდენობაც:

„აი, მაგალითად, ნაცვლად 138 ხმისა, წაშალეს 1-იანი და დაწერეს 38. ცესკომ ოფიციალურ წყაროდ მიიჩნია გადახაზული 1-იანი და ატვირთა თავის ვებსაიტზე. ჩვენ გავასაჩივრეთ და იმედი გვაქვს, რომ ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. გარდა ამისა, ძალიან დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ უპრეცედენტო რაოდენობა ბიულეტენებისა არის ბათილად ცნობილი. უმრავლეს მათგანში შემოხაზული არის ჩემი გვარი“.

ეკა გიგაური
ეკა გიგაური
ასეულების აღმნიშვნელი ციფრების დანაკლისი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აღმოაჩინა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, სულ ლაპარაკია ოთხ-ხუთ უზუსტობაზე, რომელმაც, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა ოპოზიციური პარტიებიც დააზარალა.

„ალბათ, ეს ტექნიკური შეცდომები უნდა შეისწავლოს ცესკომ და შესაბამისი შესწორებებიც შეიტანოს საერთო რიცხვებში. არ ვიცი, რა ხდება რეგიონებში. ჩვენ ვცდილობთ გადავხედოთ ცესკოს მიერ ატვირთულ ოქმებს და შევადაროთ რიცხვები ერთმანეთს. მაგალითად, გუშინ აცხადებდნენ, რომ რეგიონებში ბევრი არის შემთხვევა, როცა არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა და ბიულეტენთა რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა, ანუ დათვლილი ხმების რაოდენობა უფრო მეტია“, უთხრა ეკა გიგაურმა რადიო თავისუფლებას.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების კრიტიკის პასუხად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ კომისიას ადეკვატური რეაქცია ექნება ყველა დარღვევასა და საჩივარზე და რომ ეს მექანიკური შეცდომა იყო.

გასულ კვირაში საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი სტუმრობდა. 18 ივნისს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სომხეთთან სამომავლო თანამშრომლობის რესურსი დიდია, რასაც სამომავლოდ ორივე ქვეყნისთვის მხოლოდ პოზიტიური შედეგი ექნება:

”სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც საქართველოს აქვს სომხეთთან, - და ამ მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა და ზრდის დინამიკა, - კიდევ უფრო მეტი იმპულსი მიეცემა მომავალში ამ ურთიერთობებს”.

მომავალს იმედიანად უყურებს სომხეთის პრეზიდენტიც. როგორც სერჟ სარგსიანმა განაცხადა 18 ივნისს თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში, გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, სომხეთი და საქართველო ყოველთვის აძლიერებდნენ ერთმანეთს და სწორედ ამ ორი ქვეყნის ძმობა და კეთილმეზობლობა ინარჩუნებდა მოწყვლად სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში. პრეზიდენტ სარგსიანს გეგმები ახალი საგარეო პოლიტიკური რეალობის ფონზეც აქვს. ის თვლის, რომ მეზობელმა ქვეყნებმა ერთმანეთის შანსებიც უნდა გამოიყენონ:

სერჟ სარგსიანი, გიორგი მარგველაშვილი
სერჟ სარგსიანი, გიორგი მარგველაშვილი
”მჯერა, ღრმად მწამს, რომ საქართველო, რომელიც 27 ივნისს ხელს მოაწერს ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან და შეუერთდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს, ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა მათ შორის ჩვენი ქვეყნის მეწარმეებისათვის, რომ გაიზარდოს ინვესტიციები. მეორე მხრივ, სომხეთის წევრობა საბაჟო კავშირში იქნება პერსპექტივა იმ ქართველი მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ ინვესტიციები განახორციელონ სასომხეთში და გავიდნენ ახალ ბაზრებზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციასა და მთლიანად ამ რეგიონში”.

საქართველოს მაჩვენებელი 28 ერთეულით გაუმჯობესდა ”2014 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსში”, – ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის ყოველწლიურ ანგარიშში, - სადაც წინა წლის მდგომარეობაა შეფასებული. ანგარიშში დასახელებულია ყველაზე მშვიდობიანი და ყველაზე არამშვიდობიანი ქვეყნები, ძალადობისა და კონფლიქტების ტენდენციები და შეჯამებულია ძალადობის ზეგავლენა ეკონომიკაზე. საქართველოს, სადაც სამშვიდობო მაჩვენებლების განსაკუთრებული გაუმჯობესება შეინიშნება, ვხვდებით ჩამონათვალში იმ ქვეყნებთან ერთად, სადაც სიტუაციის გაუარესებაა მოსალოდნელი.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ ყველაზე მასშტაბური გაუმჯობესება აჩვენა და შარშანდელი 139-ე ადგილიდან 111-ე ადგილზე დაწინაურდა.
ყველაზე ცუდ პოზიციაზე საქართველო იყო 2010 წლის ინდექსში, როცა ქვეყანამ 141-ე ადგილი დაიკავა 148-წევრიან სიაში. წელს ერთმანეთთან 162 ქვეყანაა შედარებული და ამ სიაში საკმაოდ არასახარბიელო 152-ე ადგილზეა რუსეთი. უკრაინა 142-ე ადგილზე გავიდა, აზერბაიჯანი - 123-ეზე. სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მხოლოდ სომხეთმა აჯობა და ის 97-ე ადგილზე გავიდა.

საქართველოს შემთხვევაში მშვიდობის გაუარესების რისკფაქტორებს რუსეთს უკავშირებს საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე, მიუხედავად იმისა, რომ, ანგარიშის თანახმად, საქართველომ გააუმჯობესა სამშვიდობო ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან და მათ შორის რუსეთთან:

”პირველ რიგში, ეს ეხება საგარეო ფაქტორს - რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ ოკუპაციას, რაც, შესაძლოა, ეხებოდეს საოკუპაციო ხაზის კიდევ უფრო გადმოწევას - განსაკუთრებით, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. შესაძლოა, ეს ასევე დაკავშირებული იყოს რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართულებით გაზრდილ პროვოკაციებთან. ესეც მოსალოდნელია”.

რას ვხედავდით ბოლო წლის განმავლობაში? საკრებულო იყო პოლიტიკური კინკლაობის ასპარეზი და ისე გაერთნენ ამ კინკლაობაში, რომ ორმოები უკვე რუსთაველზე გაჩნდა. არაფერი არ გააკეთეს საერთოდ და ამ არაფრის კეთებაში კიდევ პრემიებს იღებენ უსირცხვილოდ და აქეთ გვამადლიან კიდევ, რომ რაღაც ფონდში რიცხავენ...
ალეკო ელისაშვილი

გასულ კვირაში სკანდალის მიზეზი გახდა საკრებულოს მაღალჩინოსნებზე გაცემული პრემიები. თბილისის საკრებულოს ცნობით, ივნისში პრემია საკრებულოს 243-მა თანამშრომელმა აიღო. ყველაზე მაღალი პრემია საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილს ერგო - 8 496 ლარი. ყველაზე დაბალი პრემიის ოდენობა კი 800 ლარი იყო. ირაკლი შიხიაშვილმა ბრიფინგზე პრემიების გაცემის აუცილებლობა დატვირთული სამუშაო გრაფიკით ახსნა და ისიც განმარტა, რომ საკრებულოს წევრები ბოლო სახელფასო ანაზღაურებას მთლიანად ბერი ანდრიას ფონდში გადარიცხავენ.

ირაკლი შიხიაშვილის ამ განცხადებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა და პრაქტიკულად უარყო ფონდისთვის საკრებულოს წევრების დახმარების აუცილებლობა, ვინაიდან, მისი თქმით, ამ ფონდს ბიუჯეტიდანაც აქვს სოლიდური შემწეობა. დავით სერგეენკომ ზოგადად პრემიების გაცემის წესიც გააკრიტიკა:

„ჩვენ ამ ფონდთან გვაქვს ურთიერთობა. სახელმწიფო თავის მხრივ გამოყოფს მნიშვნელოვან თანხას სახელმწიფო პროექტით პალიატიურ მკურნალობაზე... მთავრობის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე გვექნება ერთიანი უნიფიცირებული სისტემა სახელმწიფო მოხელეების პრემირების შესახებ. ეს იქნება იმის ანალოგი, რაც უკვე გააკეთა ადმინისტრაციამ ავტოპარკთან მიმართებაში, როცა ძალიან დეტალურად გაიწერა პროტოკოლი“.

უზნეობად და გაუმართლებლად მიიჩნევს საკრებულოს წევრების მიერ მაღალი პრემიების აღებას საკრებულოს არჩეული დეპუტატი ალეკო ელისაშვილი:

„პრემიებთან დაკავშირებული ამბავი არის სამარცხვინო. პრემია კი არა, ჩემი ნება რომ იყოს, დავაჯარიმებდი და სახლიდან მივატანინებდი ფულს საკრებულოს, იმიტომ რომ რას ვხედავდით ბოლო წლის განმავლობაში? საკრებულო იყო პოლიტიკური კინკლაობის ასპარეზი და ისე გაერთნენ ამ კინკლაობაში, რომ ორმოები უკვე რუსთაველზე გაჩნდა. არაფერი არ გააკეთეს საერთოდ და ამ არაფრის კეთებაში კიდევ პრემიებს იღებენ უსირცხვილოდ და აქეთ გვამადლიან კიდევ, რომ რაღაც ფონდში რიცხავენ“.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ტრეფიკინგის შესახებ ანგარიში, რომელშიც საქართველოც მოხვდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დასავლეთ საქართველოში 2013 წლის მაისში სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა უზბეკი მოქალაქე. იქ წერია ასევე, რომ ქალები სექსუალური ტრეფიკინგის ობიექტები ხდებიან ძირითადად საუნებში, სასტუმროებში, კაზინოებსა და სტრიპტიზკლუბებში. ანგარიშის მიხედვით, ქართველი კაცები და ქალები იძულებითი შრომის მსხვერპლნი ხდებიან როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში, კვიპროსში, იტალიასა და შვედეთში. ანგარიშის ავტორები მიანიშნებენ ასევე იმაზე, რომ, ძალისხმევის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა სრულიად ვერ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG