Accessibility links

logo-print

15 ივნისი, კვირა

ჩანაწერი პირველი, 5:47

ბიოლოგიის სამყაროში ჩვეული მოვლენაა მიმიკრია, ანუ მიმსგავსება. ამგვარ ხრიკს ცოცხალი არსებები მიმართავენ მაშინ, როცა თავმოსაჩვენებლად, შესაბამისად, თავდასაცავად, სხვა, ბუნებრივი სამარჯვებით უკეთ დაცულ არსებებს ემსგავსებიან - მაგალითად, შეფერილობით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სხვის გარსში ეხვევიან მათი ნიშან-თვისებების მისაკუთრება-მითვისებით და საკუთარის შენიღბვით. თუ განვაზოგადებთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ჭეშმარიტება და ჭეშმარიტების იმიტაცია. ადამიანური ჭეშმარიტება კი მხოლოდ არჩევანშია.

დღეს არჩევნებია, თუმცა ჩვენ ბიულეტენები არ მიგვიღია. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აღმოვაჩინეთ, რომ ჩემს ქმარ-შვილს და მე, ზოგიერთი მოხელის დაუდევრობით და გაუმართავი კანონის წყალობით, რეგისტრაცია შეჩერებული გვაქვს. აღარც მისამართი გვაქვს და აღარც პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტები. ამიტომ, ვიდრე ჩვენი ეგზისტენციალური დილემა – ვარსებობთ თუ არ ვარსებობთ – გადაიჭრება, ყველაზე თავის-უფალი და ყველაზე უ-უფლებ-ო მოქალაქე ვარ!

ჩანაწერი მეორე, 23:17

ადამიანის ტვინი კარგია იმით, რომ ბევრს იმახსოვრებს, თუმცა ზოგჯერ იმით უფრო კარგია, რომ ბევრი რამ ავიწყდება ან, არაღიარებული ცოდვასავით, მეხსიერების საკუჭნაოში ინახავს. დღიურს ყველა აღსარება ახსოვს. ყოველი დღიურის მიღმა, მეფე მიდასის ყურებივით უსაშველოდ დიდი, კარგად შენიღბული განცდაა და დღიურიც, დიდყურა მეფის დალაქივით, ოდესღაც გაგცემს.

ქუჩიდან მკაფიოდ ისმის აფეთქების ხმა, სადღესასწაულოდ გადანათებული ცა ოთახსაც ანათებს. მე კი უცნაური განცდა მაქვს – მაქსიმალური საჯაროობისთვის განწირულ თავისუფლების დღიურებს უფლებადაკარგული მოქალაქე ვწერ. აბესალომის არ იყოს, მეც ჩემივე ხელით საიმედოდ შეწებებულ ქვევრში ვარ ისე, რომ წინასწარ არც მე შემიმოწმებია ქვევრის ყელი. რა უცნაურია! რეზო გაბრიაძის მიერ გადმოქართულებული ეს ამბავი როგორი ჩვენებური აღმოჩნდა! ბედს შეგუებული ოსტატი; გულუბრყვილო ადამიანები, ორად გაჭრილი კაცის გასამთლიანებლად ვარგისი სასწაულმოქმედი წებოსი რომ სჯერათ; ქვეყნის და ერის ბედით დამძიმებული სამჭკუაშვილი: ლავუაზიეს კანონის მცოდნე დაბალჩინოვნიკი; თანადგომის მოსურნე ხალხი, თრობითა და ნაყროვანებით რომ „კლავს დროს“...

დროის მოკვლა – არ ვიცი სხვა გამოთქმა, რომელიც ასე ზუსტად მოერგებოდა ნაცარქექიობას, ანუ დროისა და, შესაბამისად, სიცოცხლის მიმართ მფლანგველ დამოკიდებულებას.

დღიური დროის მთვლელია, ისე, როგორც თავად დღე, საათი, კალენდარი, ასაკი... დროსთან ერთად იცვლება ჭურჭელი, ჩვილი ბავშვის სხეულიდან ჯერ მოზარდის, შემდეგ ზრდასრულის, ბოლოს კი მოხუცის სხეულში გადავინაცვლებთ ისე, რომ თავში აზრად არ მოგვდის, ამას გარდა-ცვალება ვუწოდოთ.

16 ივნისი, ორშაბათი

ჩანაწერი პირველი, 24:08

ქალბატონმა ლამარამ დღეს თავისი მეუღლე, ბატონი კოტე მოიყვანა საკონსულტაციოდ. თან წინასწარ მთხოვა, დატუქსე, ძალიან ბევრს მუშაობს და თავს არ უფრთხილდებაო.

ქალბატონი ლამარა 76 წლისაა, ბატონი კოტე – 84 წლის. ცალ-ცალკე შემოდიან, ასე ისურვეს. საკუთარ ჩივილებზე, ავადმყოფობაზე, ერთმანეთის გასაგონად არ საუბრობენ, ერთმანეთს ინდობენ და ჯერ კიდევ ეპრანჭებიან. არც შვილებზე საუბრობენ ხმამაღლა. ამითაც ერთმანეთს ინდობენ. მეც არასოდეს ვეკითხები. არასოდეს ვთავაზობ კვების კითხვარების შევსებას, მათსა და ჩემს თავმოყვარეობას ვინდობ. ისინიც გვერდს უვლიან კვების თემას – ჩემს გულს ინდობენ. მერე უთქმელად ვიღებ ფურცელს და ვწერ ამქვეყნად ყველაზე უცნაურ რეცეპტს: როგორ დავანაყროთ მრავალრიცხოვანი ოჯახი მთელი დღის განმავლობაში ხუთ ლარად ისე, რომ ხურდა ორი ხანდაზმულის წამლების გრძელ ნუსხასაც ეყოს.

აკი ბრძანა ჩვენმა წინაპარმა, ტბილად დამიბერდიო. მტერ-მოყვარეს ერთნაირად უსურვა დაშაქრული სიბერე, ყინვაგამოვლილი ხილივით, ცხოვრების მწარე გაკვეთილების მერე რომ დატკბება შთამომავალთა მადლიერებით ფასდებული.

17 ივნისი, სამშაბათი

ჩანაწერი პირველი, 23:52

ისევ დოკუმენტებს ვაგროვებ. დღეს ბანკის შესასვლელთან ჩვეულზე მეტი ხალხი იდგა. არ გამკვირვებია, თუმცა ახლოს მისული მივხვდი, რომ ხალხმრავლობა აქტიურ საბანკო მუშაობას არ უკავშირდებოდა.

ზრდასრული მამაკაცი ქუჩაში მოხეტიალე ნახევრად შიშველ ჭუჭყიან შვიდი-რვა წლის ბიჭს უყვიროდა. იქვე მდგომი რამდენიმე ქალბატონი იზიარებდა მამაკაცის რისხვას. უცებ დამავიწყდა, რა საქმე მქონდა ბანკში. აღარც ის მესმოდა, რაზე ლაპარაკობდნენ ხმამაღლა ბიჭის გარშემო შეკრებილი უფროსები.

ვერ ვივიწყებ, როგორ ჭმუჭნიდა ბიჭი ცალ ხელში ცარიელ ქაღალდის ჭიქას, მეორე ხელით კი ისე მაგრად კრავდა მუშტს, რომ მეგონა ფრჩხილები ხორცს უსერავდა და სადაცაა, სისხლი დაიწყებდა დენას. სახე გაქვავებული ჰქონდა. თავს იცავდა უხმოდ, უტყვად, უცრემლოდ, თმენით. მუშტებში დაიტია მთელი რისხვა, ზიზღი, მუქარა და მე შემეშინდა მისი და მისი ტოლების გაბოროტების, დამშეული, გაყინული და უსიყვარულოდ მიტოვებული თაობის დანდობის და დაუნდობლობის, ქუჩის ბავშვების უსახლკარობის, უოჯახობის, უქალაქობის, უსამშობლობის, უთვისტომობის...

18 ივნისი, ოთხშაბათი

ჩანაწერი პირველი, 6:04

ჩვენ, მშობლებს, ჩვენი შვილები ზოგჯერ ბიოლოგიურ პროდუქტად და საკუთარი განუხორციელებელი ოცნებების ხორცშესხმის შესაძლებლობად მიგვაჩნია ისე, რომ არც კი ვითვალისწინებთ ჩვენი მოთხოვნებისა და მათი შესაძლებლობების შესაბამისობას. არც იმას ვეკითხებით, უნდათ კი შვილებს მშობლების მიერ წინასწარ დაწერილი მათი ცხოვრების კონსპექტი? ან იქნებ ჩვენი ოცნებაც ჩვენთან ერთად უკვე დაბერდა და ახლა შვილების ოცნებების დროა?

სიცოცხლის გაგრძელება ადამიანის სახეობრივი ბიოლოგიური ამოცანაა, თუმცა ადამიანი ხომ გაცილებით აღმატებულია, ვიდრე სხეული?

აქ კიდევ ერთი კანონზომიერება იკვეთება: სითხე წნევის შემცირების მიმართულებით გადაადგილდება და ეს დადგენილი ფიზიკური მოვლენაა. ჩვენც აგრესიას ყველაზე სუსტების მიმართ ვამჟღავნებთ. მაგალითად, ცხოვრებისგან დაბეჩავებული კაცები ცოლებს ურტყამენ, გალახული დედები შვილებს ჩაგრავენ, ბავშვები თანაკლასელებს და ცხოველებს ერჩიან და ასე დაემსგავსა ჩვენი საზოგადოება ბიდსტრუპის მიერ დახატულ მანკიერ წრეს. მაგრამ... მოდით, ვნახოთ ვენახი. მეეჭვება, ამ სიტყვების ავტორ ქართველებს რამე სცოდნოდათ ბიოლოგიური პირამიდის შესახებ, რომელიც სახეობათა შორის მომხმარებლურ დამოკიდებულებას გულისხმობს და კვების სისტემაში სრულიად ლოგიკურ ჯაჭვს წარმოადგენს: ყურძენი – თხა – მგელი – თოფი – ჟანგი – მიწა... მჯობნის მჯობს რა დალევს, მით უფრო, თუ საქმე ჭამაზე მიდგა.

19 ივნისი, ხუთშაბათი

ჩანაწერი პირველი, 23:09

ყოველდღიურად ვრწმუნდები: მასწავლებელი არის არა ის, ვინც გასწავლის, არამედ ის, ვისგანაც სწავლობ.

რას ვსწავლობ? მაგალითად, მწვადის ნაჭერი როგორ ვთარგმნო ამინომჟავების ენაზე, რადგან, პიკასოსი არ იყოს, ჩვენი ორგანიზმიც „ხატავს“ საგნებს არა ისე, როგორც ხედავს, არამედ ისე, როგორც იცის.

მიყვარს იმის გამეორება, რომ საკვები ინფორმაციის წყაროა, რომელიც გვაწვდის ცნობებს საკვები პროდუქტების წარმომავლობის და შემადგენლობის, კულინარიული დამუშავების წესის, ნაციონალური კვების მოდელის, ეთნო-კულტუროლოგიური თავისებურების და რელიგიური კუთვნილების შესახებაც კი.

კვება სიამოვნებაა, საკვები კი ერთადერთი ინფორმაციაა, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მატერიალური სახით ხვდება და ხუთივე გრძნობის ორგანო ერთდროულად აანალიზებს: შიშხინებს ანუ გვესმის, სუნს ვგრძნობთ ანუ ვყნოსავთ, ხარბად ვათვალიერებთ ანუ ვხედავთ, ხელით გეახლებით ანუ ვეხებით, მადიანად ვილუკმებით ანუ ვაგემოვნებთ...

20 ივნისი, პარასკევი

ჩანაწერი პირველი, 5:15

წუხანდელი გაკვეთილი: ძილის წინ საკვებზე წერა და ფიქრი შეიძლება დამთავრდეს გვიანი ვახშმით!

სა-უზმე ანუ ყველაფერი ის, რასაც მშიერ კუჭზე, ახალგაღვიძებულები ვჭამთ. სა-დილი, იგივე სა-დილა-ო, ანუ მსუყე კვება შუადღემდე. სა-მხარი ანუ კვება მაშინ, როცა მზე მხარს – მხარეს იცვლის. ვახშამი, იგივე ვახ-შხამი ანუ მეორე დილით მონანიებული დიეტური ცოდვა!

21 ივნისი, შაბათი

ჩანაწერი პირველი და უკანასკნელი, 6:28

თავისუფლების დღიურებში აღბეჭდილი ჩემი კვირეული მთავრდება, თუმცა დგება 22 ივნისი – ყველაზე მოკლე ღამე და ყველაზე გრძელი დღე, როცა, ტრადიციულად, აღინიშნება ჩვენი ასოციაციის მიერ დაარსებული „დღეგრძელობის დღე“ და იმართება მრავალჟამიერის საღამო.

ჩვენს წინაპართა შორის პირველმა დაბადებიდან 930 წელი იცოცხლა, მიუხედავად იმისა, რომ ნეკნი აკლდა და მრავალრიცხოვან შთამომავლობაზე ზრუნვით იყო აღსავსე.

ადამის დღევანდელ შთამომავლებში ჩონჩხის ეს დეფექტი რენტგენოლოგიურად არ დასტურდება, თუმცა ჩვენ გაცილებით ნაკლები დრო გვაქვს...

XS
SM
MD
LG