Accessibility links

ევროპელი მინისტრები ახალი სანქციებით ემუქრებიან რუსეთს


ევროპის ზოგი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალი სანქციებით ემუქრებიან რუსეთს, თუ ის არ გაუწევს მხარდაჭერას უკრაინის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას და გააგრძელებს ჩარევას აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებში. ამჟამად მოქმედი სანქციებით, ევროკავშირის ვიზებზე უარს ეუბნებიან და საბანკო ანგარიშებს უბლოკავენ რუსი ოფიციალური პირების ნაწილს. მაგრამ ჯერ არ დაწესებულა მასშტაბური ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. 23 ივნისს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირი შეძლებს ახალ სანქციებზე შეთანხმებას 27 ივნისის სამიტის დროს. მისი თქმით, მოსკოვს არ უნდა აეჭვებდეს, რომ ახალი სანქციების დაწესება შესაძლებელია. ხოლო შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კარლ ბილდტმა რუსეთი დაადანაშაულა პროპაგანდისტული ომის წარმოებაში და დასძინა, რომ მოსკოვს ახალ სანქციებს დაუწესებენ, თუ ის არ შეცვლის ამჟამინდელ კურსს.
XS
SM
MD
LG