Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჟვანიას განცხადებით, გიგი უგულავას მოთხოვნა საკანონმდებლო ჩარჩოებს სცილდება


ნაციონალური მოძრაობის, კერძოდ, გიგი უგულავას შეფასებები და მოთხოვნა საკანონმდებლო ჩარჩოებს სცილდება - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ. მან ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიმართა, საარჩევნო საკითხებზე მსჯელობისას მეტი კომპეტენცია და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არ შეაფასონ. „მეორე ტურის დანიშვნა არ წარმოადგენს ცესკოს თავმჯდომარის კომპეტენციას და არ არის დამოკიდებული კომისიის მოქნილობაზე“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ. მისი განმარტებით, არჩევნების მეორე ტურის თარიღი გამოცხადდება კანონმდებლობის შესაბამისად, შემაჯამებელი ოქმის მიღების და ყველა სასამართლო დავის დასრულების შემდეგ. თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ ცენტრალი საარჩევნო კომისია დამოუკიდებელი ორგანოა, კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს და შესაბამისად, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, ან მათი განცხადებები გავლენას ვერ იქონიებს.
XS
SM
MD
LG