Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 24 ივნისი


გაზეთი „არგუმენტი ი ფაქტი“ წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე აჭარაში, სოფელ კირნათთან, თურქეთს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, მიწები მიჰყიდა. გამოცემა ეყრდნობა „ვესტნიკ კავკაზას“ ინფორმაციას, თუმცა კონკრეტული წყაროები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ ასეთ გარიგებაზე, სტატიაში არ ჩანს. ვკითხულობთ, რომ სოფელ კირნათის მცხოვრებლები, რომლებიც თავიანთ მიწებზე გადავიდნენ, თურქ მესაზღვრეებს შეეჩეხნენ.

ავტორი, ალინა გარბუზნიაკი, წერს, შესაძლოა სააკაშვილზე ზეწოლა თურქეთის მხრიდან ყოფილიყოო, და განიხილავს ბერკეტებს, რომლებიც თურქეთს შეიძლებოდა გამოეყენებინა. ჟურნალისტი წერს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენზე და ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე. რკინიგზის შესახებ ის ესაუბრება სამხედრო-პოლიტიკურ მეცნიერებათა წამყვან ექსპერტს მიხაილ ალექსანდროვს, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სამხედრო მნიშვნელობაზე ლაპარაკობს.

მიზეზების შესახებ საუბარს ჟურნალისტი განაგრძობს რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საშინაო პოლიტიკის კათედრის დოცენტთან, სერგეი მარკედონოვთან, რომელიც ფიქრობს, რომ ასეთი გარიგება მართლა შეიძლებოდა შემდგარიყო იმ მიზნით, რომ სააკაშვილს კიდევ უფრო განემტკიცებინა კავშირი თურქეთთან, როგორც მოკავშირესთან, რუსეთის წინააღმდეგ.

ქართულ-რუსულ დიალოგსა და საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას ეხება „მოსკოვსკი კომსომოლეცი“. გამოცემაში ვკითხულობთ, რომ ხელმოწერის შემდეგ შედგება შეხვედრა სავაჭრო-ეკონომიკური დარგის ექსპერტებს შორის, რომლებიც შეთანხმების შესახებ კონსულტაციებს გამართავენ. გამოცემა ეყრდნობა ზურაბ აბაშიძის განცხადებას, რომელიც გრიგორი კარასინს შუა ივლისში შეხვდება.

„ინფორმაციულობის კუთხით, ძალიან საინტერესოა, თუ როგორი პოზიცია აქვს რუსეთს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ და როგორ ფიქრობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას. ალბათ, ჩვენ ვერ შევძლებთ გვერდი ავუაროთ ასეთ საკითხებს, თუმცა ეს უფრო სპეციალისტების განსახილველი თემაა, ვიდრე ასეთ შეხვედრებზე სასაუბრო“, - განაცხადა აბაშიძემ.

„როსსელხოზნადზორის“ ოთხი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოში ჩამოვიდა, რათა შეამოწმოს ბოსტნეული, მარცვლეული და ხილი, რომელიც რუსეთის ბაზარზე ექსპორტისთვისაა განკუთვნილი. სტატიას ამ თემას „როსიისკაია გაზეტა“ უძღვნის.

თვის ბოლოს ცნობილი გახდება რას დაასკვნიან ექსპერტები, რომლებმაც უნდა დაადგინონ არის თუ არა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია მზად რუსეთის ბაზარზე შესასვლელად.

ჟურნალისტი მიხეილ ვიგნანსკი ესაუბრა საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის წარმომადგენელს, გიგა აგულაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ექსპერტების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. აგულაშვილმა ილაპარაკა იმაზეც, რომ 27 ივნისს საქართველო ხელს აწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თუმცა ეს არ შეაფერხებს საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაგრძელებას.

რუსი ინსპექტორები საქართველოში მუშაობას კახეთიდან დაიწყებენ. თვის ბოლომდე ისინი სხვა რეგიონებსაც ეწვევიან.

XS
SM
MD
LG