Accessibility links

logo-print

პუტინს სურს გაუქმდეს უკრაინაში ძალის გამოყენების მანდატი


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფედერაციის საბჭოს მიმართა თხოვნით გააუქმოს უფლება, რომელიც მან რუსეთის არმიას მისცა უკრაინაში ინტერვენციაზე, რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის მიზნით. სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს რუსეთის გავლენიანი დეპუტატის სიტყვებს, რომ საბჭო ამ უფლებას 25 ივნისს გააუქმებს. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებას - რომ პრეზიდენტის თხოვნის მიზანია „ვითარების ნორმალიზაცია და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში შექმნილი ვითარების გადაჭრა“ და რომ გადაწყვეტილება ასევე უკავშირდება სამმხრივი მოლაპარაკების დაწყებას. პუტინის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს კრემლს 1 მარტს გაცემული ამ უფლების გაუქმებისკენ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ რუსეთს გაუმკაცრდება დაწესებული სანქციები, თუ მხარს არ დაუჭერს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას. პუტინმა ამ გეგმის მიმართ ფრთხილი მხარდაჭერა გამოხატა.

XS
SM
MD
LG