Accessibility links

გორის მუნიციპალიტეტში რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტების ჩამოსვლას ელოდებიან. უახლოეს დღეებში „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლები ადგილზე დაათვალიერებენ ფერმერულ სამაცივრე და სასაწყობო მეურნეობებს, ფიტოსანიტარიული თვალსაზრისით გააკონტროლებენ საექსპორტოდ გამზადებულ ხილ-ბოსტნეულს. 26 მაისიდან რუსეთში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის პროდუქტი: პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ახალი კარტოფილი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი და კენკროვანებიც დაემატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გორის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი მამუკა ლომსაძე აცხადებს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილზე უკვე დაათვალიერეს ხილის ბაღები და ფერმერული მეურნეობები. მისი თქმით, ფერმერებსა და ექსპორტიორებს ადვილად შეუძლიათ აიღონ შესაბამისობის, ხარისხისა და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატები.

ემზარ ხითარიშვილს სოფელ ვარიანში დიდი ფერმერული მეურნეობა აქვს, სადაც ათეულობით ტონა ბალი მოჰყავს. ახლა იგი სოფელში რუსეთიდან ჩამოსული სპეციალისტების სტუმრობას და სერტიფიკატის მიღებას ელოდება. მისი აზრით, რუსეთის ბაზრის გახსნა ადგილობრივ ფერმერებს შვებას მისცემს.

დიცის მცხოვრები ზაქარია ვატიტაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია კონფლიქტის ზონაში დიდი ბაზრობა გაიხსნას, სადაც ექსპორტიორები და დაინტერესებული პირები ადგილზევე შეძლებენ პროდუქციის შეძენას, ეს კი მცირემიწიანი ფერმერებისთვისაც მოგების მომტანი იქნება. მისი აზრით, ასეთ ბაზრობაზე ხელისუფლების მხრიდან მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს, რათა არც გამყიდველი დაჩაგროს ვინმემ და არც მყიდველი.

რუსეთის ბაზარი გორული ვაშლისთვის შარშან გაიხსნა, წელს კი, ბოსტნეულის გარდა, უკვე კურკოვანი და კენკროვანი ხილის გატანაც შესაძლებელი ხდება. გარდა ამისა, რუსეთის ექსპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებთან კონტაქტი უკვე დაამყარეს და ბიზნესწინადადებებიც გაცვალეს. ადგილობრივი სპეციალისტების აზრით, ეს კავშირები ტვირთების გადაზიდვას უფრო გააადვილებს.

XS
SM
MD
LG