Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროკავშირისკენ, რუსეთი რისკენ?


რაც უფრო ახლოვდება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თარიღი, 27 ივნისი, საქართველოში კიდევ უფრო იზრდება ინტერესი - როგორ უყურებს ამ ყველაფერს რუსეთი და მოსალოდნელია თუ არა საფრთხე მისგან. რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, მოსკოვს თბილისთან სამომავლო დეტალების გარკვევა სურს. რა პასუხი აქვს საქართველოს? პარალელურად, ხელმოწერამდე ორიოდე დღით ადრე, ევროკავშირი კიდევ ერთხელ აფასებს ასოცირების შეთანხმებისგან მოსალოდნელ სარგებელს.

ყველასათვის ცხადია და ამას ევროკავშირის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადებაც შეგვახსენებს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მომავალ პარასკევს, უკრაინისთვის, მოლდავეთისა და საქართველოსთვის ახალი რეფორმების ვრცელი და ძალიან შრომატევადი პროცესი დაიწყება. მაგრამ ევროპული ოჯახი ყოველმხრივ (და მათ შორის ფინანსურადაც) დაეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ამ სამ ქვეყანას, რომ რაც შეიძლება სწრაფად და უპრობლემოდ განვითარდეს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი. ამავე განცხადების თანახმად, სარგებელი ხილული და ხელშესახები იქნება:

”მაგალითები მოიცავს: მომხმარებელთა უკეთ დაცვას - უფრო დაბალი ფასებისა და უფრო ხარისხიანი პროდუქციის ჩათვლით; მეტ ბიზნესშესაძლებლობას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის - სამომხმარებლო ბაზრების ფართოდ გახნის საშუალებით და, როგორც შედეგს, მეტ სამუშაო ადგილსა და ნაკლებ ემიგრაციას. აქვე იგულისხმება: უკეთესი ხელმისაწვდომობა გაუმჯობესებულ ჯანდაცვაზე; ენერგეტიკული რესურსების გონივრული ხარჯვა და განახლებული ენერგეტიკული რესურსების განვითარება; უკეთ მოქმედი სასამართლო სექტორი; გაძლიერებული კანონის უზენაესობა და გაზრდილი გამჭვირვალობა”.

განიხილებოდა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და მათ შორის საკითხი იმის თაობაზე, რომ უახლოეს მომავალში გაიმართოს საექსპერტო კონსულტაციები სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების გარშემო, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის სეგმენტის ხელმოწერის კონტექსტში...
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

მოლდავეთისა და საქართველოსგან განსხვავებით, რომლებიც მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მიიწევდნენ წინ ევროკავშირთან ასოცირების გზაზე, ამ ორბიტაზე უკრაინის დაბრუნება მხოლოდ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოხერხდა. უკრაინაში რუსეთის სისხლიანი ქმედებების ფონზე, რაც დიდწილად სწორედ ევროკავშირთან დაახლოების სურვილის ჩახშობას ისახავდა მიზნად, საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა: რა არის მოსალოდნელი რუსეთისგან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე და ხელმოწერის შემდეგ?

ამ კონტექსტში ყურადღება მიიქცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულმა განცხადებამ, რომ 23 ივნისს შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს შორის.

”განიხილებოდა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და მათ შორის საკითხი იმის თაობაზე, რომ უახლოეს მომავალში გაიმართოს საექსპერტო კონსულტაციები სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების გარშემო, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის სეგმენტის ხელმოწერის კონტექსტში”, - ვკითხულობთ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. აქვე გავიხსენოთ, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს თავისუფალი არჩევანია, მაგრამ თბილისში კარგად უნდა ესმოდეთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში რაღაცები ამ ფაქტორის შესაბამისად შეიცვლება.

მე მგონია, რომ ემბარგო არ იქნება და ეს არ არის რაღაც იდეალური წარმოდგენა. ეს არის, მე ვფიქრობ, რეალისტური შეფასება, რადგანაც არა მგონია, რუსეთის ინტერესებში იყოს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში წინგადადგმული ნაბიჯებიდან უკან დახევა...
მაია ფანჯიკიძე

ზურაბ აბაშიძის განმარტებებით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთი ამ ეტაპზე არანაირად არ ეწინააღმდეგება საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ და ორი ქვეყნის ექსპერტთა შეხვედრა რუსეთს ზეწოლის ბერკეტად ვერ გამოადგება, რადგანაც იმ დროისთვის საქართველოს ხელი უკვე მოწერილი ექნება ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე. ზურაბ აბაშიძე არ აკეთებს პროგნოზს, თუ რა შეიძლება მოხდეს ხელმოწერის შემდეგ, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც უკვე ბრიუსელში იმყოფება, სადამსჯელო სანქციებს არ მოელის:

”მე მგონია, რომ ემბარგო არ იქნება და ეს არ არის რაღაც იდეალური წარმოდგენა. ეს არის, მე ვფიქრობ, რეალისტური შეფასება, რადგანაც არა მგონია, რუსეთის ინტერესებში იყოს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში წინგადადგმული ნაბიჯებიდან უკან დახევა, რაც აუცილებლად მოხდება, თუკი რუსეთი ასეთ კატეგორიულ ზომებს მიმართავს... ეს ტენიკური შეხვედრაც იმას ემსახურება, რომ სხვადასხვა დეტალი გაირკვეს, თუ როგორ მოხდება შემდეგ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან”.

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონა წინააღმდეგობაში არ მოდის რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებთან. ეს გამორიცხულია. რუსეთს შეუძლია, უბრალოდ, ჯინაზე, გაბრაზებულ გულზე გააკეთოს ეს...
კახა გოგოლაშვილი

რუსეთი ჯერჯერობით, ბევრის აზრით, მართლაც მოსალოდნელზე მშვიდად მოქმედებს, მაგრამ არის თუ არა ხიფათის მომასწავებელი ეს სიმშვიდე? ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთს, ახლა უკრაინაში გამწვავებული მოვლენების გამო, ძალიან ბევრი პრობლემა და თავსატეხი დაუგროვდა და საქართველოსთან ანგარიშის გასასწორებლად დრო ისედაც ცოტა რჩება. ამასთან, ანალიტიკოსი თვლის, რომ რუსეთს საქართველოსთან დაპირისპირება არ აძლევს ხელს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ სამომავლოდ ეს მაინც მოხდეს.

”ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონა წინააღმდეგობაში არ მოდის რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებთან. ეს გამორიცხულია. რუსეთს შეუძლია, უბრალოდ, ჯინაზე, გაბრაზებულ გულზე გააკეთოს ეს. ორი რამ შეუძლიათ მათ: შეზღუდონ ვაჭრობა საქართველოსთან და, მეორე, სამხრეთ ოსეთში ჩაატარონ რეფერენდუმი და დაიწყონ მისი ანექსია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას კახა გოგოლაშვილმა.

საუბრები ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების სურვილთან დაკავშირებით ცხინვალში ე.წ. პარლამენტის ახალი შემადგენლობის მხრიდან, მართლაც, განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო დღეებში. თუმცა, სააგენტო ”რია ნოვოსტის” ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი თვლის, რომ ”ეს იდეა არ არის დამუშავებული და არ არის შეთანხმებული რუსეთთან”.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG