Accessibility links

logo-print

ზუგდიდის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ადგილობრივი მთავრობისგან ითხოვს. მიმდინარე თვეს ძლიერი ქარისგან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ე.წ. დაბალი ზონის სოფლები მნიშვნელოვნად დაზარალდა, მათ შორის დარჩელი, ორსანტია და განმუხური. თხილი, რომელიც ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ერთადერთი წყაროა და წლიდან წლამდე თავი სწორედ მისი გაყიდვით გააქვთ, უმრავლესობას სანახევროდ გაუნადგურდა.

სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება ორსანტიაში გელენავების ოჯახი. პენსიონერი ცოლ-ქმარი გენდრი გელენავა და ლეილა კირთაძე ამბობენ, რომ მოსავლის - 400 კილოგრამი თხილის -ძირითადი ნაწილი წინასწარ უკვე გაყიდული ჰქონდათ, ახლა კი ვალების გასტუმრება უწევთ:

„2 მანეთად გავყიდე. რა ვქნა, საჭმელი ხომ მინდა? უმწოს თანხას ვაგროვებ და ის უნდა მივცე, ის კაცი მაცლის“, - ამბობს ლეილა კირთაძე. მისი მეუღლე კი დასძენს: „ოთხასი ლარი ხომ მომცა ახლა მე იმ კაცმა, წელს ორასი კილო თუ არ მივეცი, მომავალ წელს 400 მექნება მისაცემი“.

აღმოსავლეთში ბოსტანი გაუნადგურდებათ, რაღაცას აძლევენ, ყურძენი გაუნადგურდებათ, რაღაცას აძლევენ. ჩვენ რა, ჩვენც გვინდა მოხედვა, არ გვინდა?! ჩვენ მარტო თხილი გვაქვს. ვთქვით, აქცია ჩავატაროთო...

მოსავლის ნაწილი გაუნადგურა ძლიერმა ქარმა ორსანტიელ ბორის თორიასაც, რომლის მიწის ნაკვეთზე, დაახლოებით, ათასი ძირი თხილი ხარობს.

„რწმუნებულის მოადგილე მამუკა გელენავა გამომეხმაურა. მაგან მითხრა, მოვლენო, მაგრამ არასამთავრობოებიო. არ ვიცი, ვინ უნდა მოსულიყო, მაგრამ არავინ მინახავს”,- ამბობს ბორის თორია.

ანალოგიური მდგომარეობაა მეზობელ სოფლებში. მაგალითად, დარჩელის მკვიდრი ეთერ კოდუა ამბობს, რომ შარშან, დაახლოებით, სამ ტონამდე თხილის მოსავალი მოიწია, თუმცა წელს ძლიერმა ქარმა თითქმის ერთი ტონა გაუნადგურა. ის სამეგრელოში იმავე პრაქტიკის დანერგვას ითხოვს, რაც აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებშია.

„აღმოსავლეთში ბოსტანი გაუნადგურდებათ, რაღაცას აძლევენ, ყურძენი გაუნადგურდებათ, რაღაცას აძლევენ. ჩვენ რა, ჩვენც გვინდა მოხედვა, არ გვინდა?! ჩვენ მარტო თხილი გვაქვს. ვთქვით, აქცია ჩავატაროთო, მაგრამ მერე ისევ უარი ვთქვით, სად უნდა წავიდეთ, ვის შევჩივლოთ, დახმარებას არ იძლევიანო“, - ამბობს ეთერ კოდუა.

წერილი რეაგირებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროშია გადაგზავნილი. ველოდებით რეაგირებას. ალბათ, კომისია შეიქმნება იმათი თანამონაწილეობით და მერე დაიწყება ამაზე მუშაობა...

მსგავსი ვითარებაა მის თანასოფლელ ვახტანგ კალანდიას ოჯახშიც. ის ამბობს, რომ ყოველწლიურად ორ ტონა-ნახევრიდან ოთხ ტონამდე თხილის მოსავალი აქვს, წელსაც ბლომად ესხა, თუმცა თითქმის ერთ ტონამდე გაუნადგურდა:

„რამდენიმე საათის განმავლობაში იყო ძლიერი ქარი. რომ მოვედი ნაკვეთზე, საშინელება იყო. გული დაგწყდებოდა კაცს - ნამუშევარია და ასე რომ ჩამოგიყრის. ეგაა ჩვენი შემოსავალი. ხილიც იყო ჩამოყრილი. ჩვენთან ისე არ არის, როგორც აღმოსავლეთში, მაგრამ რაც გვქონდა, ნახევარზე მეტი ჩამოყრილია. ტყემალი არ არის, ვენახი გაანადგურა სანახევროდ“.

სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის საპასუხოდ ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის ადგილობრივმა სამსახურმა შეისწავლა შექმნილი ვითარება და ინფორმაცია საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მიაწოდა.

„წერილი რეაგირებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროშია გადაგზავნილი. ველოდებით რეაგირებას. ალბათ, კომისია შეიქმნება იმათი თანამონაწილეობით და მერე დაიწყება ამაზე მუშაობა“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გურგენ სართანიამ. მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, ხელისუფლება რა ფორმით დაეხმარება სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას.

XS
SM
MD
LG