Accessibility links

logo-print

ყველა ადგილი დაკავებულია


ავტორი: ანა შარაძე

ახმეტელის მეტროსთან გავლა არასდროს ყოფილა ისეთი არაკომფორტული როგორც ახლა. იმისათვის, რომ დანიშნულების ადგილამდე ანუ მეტრომდე ჩააღწიო ვიწრო ბილიკების გავლა გიწევს, გარემოვაჭრეებს შორის ისე ოსტატურად უნდა გაიარო, რომ არც მათი გამოტანილი საქონელი დააზიანო და მომავალი ხალხის ნაკადიც გაატარო, საცობი, რომ არ შეიქმნას ან უბრალოდ თავი, რომ აირიდო იმ უსიამოვნო რეპლიკისგან „ან გაიარე ან გამატარე“- რომ ჰქვია და ყოველთვის აგრესიული ტონით არის გამოთქმული.მოდით მივყვეთ გზას. გამოხვალ თუ არა მეტროდან მოგიწევს გამოიარო პრომო გოგონების კარიბჭე, თუ გამოწვდილ ფურცელს გამოართმევ „მაკდონალდსის“ მოლარესათვის ჩვეული ღიმილით დაგასაჩუქრებენ. მათი დაღლილი სახეებისა და გამკივანი ხმის შემდეგ კი შეგხვდებათ ქალბატონი, რომელიც ლიმონს ყიდის. ეტყობა ასაკიანია ან შავი ტანისამოსი ჰმატებს შეხედულებას, მისი ჭაღარა კი რაღაცა დადებითი გრძნობით განგაწყობს და, რომ არა ბევრი ლიმონი, რომელიც ჩაისთვის ისედაც გყოფნის, ალბათ არ დაიშურებდი ლარს 5 ლიმონისათვის. მათ შემდეგ კი იწყება აბლაბუდა რომელსაც ის ადამიანები, რომელთაც ყოველდღე უწევთ ამ გზის გავლა, აბსოლუტურად დალაგებულ სისტემად მიიჩნევენ. ამ დეზორგანიზაციის სისტემატიზაციაში დამეხმარა თათო ტურავა, რომელიც ყოველდღე ამ გზით დადის, რათა მეტროთი უნივერსიტეტამდე მიაღწიოს,- „ყოველდღე ერთნაირი სიტუაციაა, კატასტროფაა ამდენი ხალხი და ასეთი მცირე სივრცე, ვერც წარმომიდგენია ოდესმე თუ თავისუფლად გავივლი ამ ადგილას - ალბათ მხოლოდ თავსხმა წვიმის დროს“ . ხელმარცხნივ ყვავილებს ყიდის საშუალო ასაკის ქალბატონი, ოღონდ ხელოვნურია, მიმითითებს თათო ყვავილებზე, რომელიც შორიდან მშვენივრად გამოიყურება, უფრო ახლოდან თუ დააკვირდები კი არც თუ ისე სახარბიელოდ. მის დახლს მოყვება ინტერნეტ-კაფე, ათასი წვრილმანის მაღაზია, აფთიაქი, ბაზრობაში შესასვლელი კიბეები და ამით მარცხენა ფლანგი სრულდება. ხელმრაჯვნივ კი დიდი ქაოსია. დახლები ერთმანეთზეა მიწყობილი, ქართველი, ბოშა და ინდოელი გამყიდველები მიყოლებით დგანან და თითოეული მათგანი ტანისამოსს ჰყიდის. „ეს ჩემი ადგილია“- ისმის ერთ-ერთი გამყიდველის განწირული ხმა, რომელიც მეორე გამყიდველს უჩივის. მას მწვანე კურტკა და ყვითელი მაისური აცვია, ადგილი მართლაც მისია თუ არა გარჩევას ვეღარ ვასწრებთ, რადგან საპატრულო პოლიციის დანახვისას ყველა გამყიდველი ერთსულოვნად ტოვებს მეტროს ტერიტორიას- კანონით, ხომ გარემოვაჭრეობა აკრძალულია.

იფიქრებთ, ამის შემდეგ დაბრკოლებების გავლა აღარ მოგიწევსო, მაგრამ თუ ცხვირწინ წამოჭიმული მშენებარე სავაჭრო ცენტრის ხმაური და მტვერი დაბრკოლებად არ მიგაჩნიათ, ცდებით. მოგიწევს ან მიწისქვეშა გადასასვლელით ისარგებლო, რათა საბოლოოდ დააღწიო თავი ახმეტელის მეტროს ამ ჩაკეტილ წრეს ან მშენებარე კომპანიის მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული „გვირაბით“, რომელიც დიდი კიბეების სანაცვლოდ შესთავაზეს იქ მცხოვრებლებს. თუ მიწისქვეშა გადასასვლელით არ ისარგებლებ, მოგიწევს შეაბიჯო მშენებარე სავაჭრო ცენტრის დროებითი სარგებლობის კიბეზე და გაიარო ახლადწამოჭიმულ ნაცრისფერ იატაკზე. გაგიმართლათ თუ დღეა, საწინააღმდეგო შემთხვევაში სიბნელის შიშის დაძლევაა საჭირო, რადგან მშენებლებს, და არამარტო მათ, არც კი გახსენებიათ, რომ დახურულ სივრცეში დღისითაც და ღამითაც ბნელა და ყველა ფანრით როდი დადის. ამ ფაქტით მათ პრიორიტეტებზეც შეგიძლიათ დასკვნის გაკეთება, რომელსაც ჩემი შეფასება აღარც სჭირდება. შ.პ.ს „გლდანი მოლის“ ხელმძღვანელობას, როგორც ჩანს, მოსახლეობისთვის არ სცალია.

სიტუაციის შემხედვარე ხვდები, რომ კომფორტი და ხალხმრავლობა ერთმანეთისგან ძალიან შორს დგანან. ამ ადგილს კიდევ ერთი შენობა ან გარე მოვაჭრე ვეღარ დაემატება და ისიც ერთადერთი მიზეზის გამო- ყველა ადგილი დაკავებულია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG