Accessibility links

logo-print

პუტინის საყურადღებო მოწოდება პარლამენტისადმი


„კრემლის პირველი პრაქტიკული ნაბიჯი“ აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის მოგვარების მიმართულებით - ასე აფასებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თავისი რუსი კოლეგის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის შესახებაც 24 ივნისს გახდა ცნობილი.

რუსეთის პრეზიდენტი პარლამენტის ზედა პალატას - ფედერაციის საბჭოს - მოუწოდებს, გააუქმოს დადგენილება, რომლის შესაბამისადაც დაშვებულია უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრა. პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ასეთი ნაბიჯის მიზნად ასახელებს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების ნორმალიზებას.

პუტინის მიმართვას მალევე მოჰყვა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკოს გამოხმაურება: მან მოითხოვა საკითხის მომდევნო დღესვე, 25 ივნისს, განხილვა და აღნიშნა, რომ მომზადდება შესაბამისი დადგენილება. ფედერაციის საბჭოს დეპუტატის, საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი კლიმოვის შეფასებები ეჭვს არ ტოვებს, რომ პუტინის ინიციატივა დეპუტატების მტიცე მხარდაჭერას მიიღებს.

„ჩემი აზრით, მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვუმტკიცებთ, რომ რუსეთი - ეს არის ქვეყანა, რომელიც ლაპარაკობს სხვადასხვა სახის სადავო საკითხების მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ-სამართლებრივი გადაჭრის აუცილებლობაზე“, განაცხადა რუსმა დეპუტატმა ტელეარხ „როსია 24“-თან ინტერვიუში.

შეკითხვას, რა მიაჩნია მიზეზად - რატომ აღარ სჭირდება რუსეთს მანდატი უკრაინაში ჯარების შესაყვანად, ანდრეი კლიმოვმა ასე უპასუხა: „ექსტრაორდინარული ვითარება, რომელსაც შეეძლო დიდი, უზარმაზარი რაოდენობის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მასობრივი, უბრალოდ, მასობრივი საფრთხის შექმნა - ასეთი საფრთხე ახლა, რასაკვირველია, უბრალოდ, აღარ არსებობს და ის, რომ საკითხი ახლა პოლიტიკურ-სამართლებრივ ჩარჩოში გადაგვყავს, იმაზე მეტყველებს, რომ არსებობს კარგი შანსი დაძაბულობის მაქსიმალურად შესამცირებლად“.

საყურადღებოა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 23 ივნისს მოუწოდეს რუსეთის პრეზიდენტს, გაუქმდეს უკრაინაში ძალის გამოყენების მანდატი. ეს ზომა რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა წელს, 1 მარტს, ვიდრე მოსკოვი მოახდენდა ყირიმის ანექსიას.

უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გაუქმებისაკენ ბრიუსელის მოწოდებას თან ახლდა გაფრთხილება, რომ ევროკავშირი ახალ სანქციებს დაუწესებს რუსეთს, თუ მოსკოვი მხარს არ დაუჭერს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, სამშვიდობო გეგმას.

XS
SM
MD
LG