Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო საქართველოსთვის საგანგებო პაკეტს შეიმუშავებს


ნატო შეიმუშავებს საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან პაკეტს, რომელიც მას კიდევ უფრო დააახლოებს ალიანსთან - განუცხადა ბრიუსელში ჟურნალისტებს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. დღეს ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს შეხვდა. სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, რასმუსენმა და ფანჯიკიძემ განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები, მათ შორის საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ასახვის შესაძლებლობები ნატოს სამიტზე, რომელიც სექტემბერში უელსში გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიულოცა წარმატებით ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები და ის, რომ 27 ივნისს ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. "გენერალურ მდივანთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დავაფიქსირე, თუ რა არის საქართველოს მოლოდინი და ამბიცია ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით - ეს არის ნატოს წევრობა და ამ გზაზე ინტეგრაციული ნაბიჯების გადადგმა“ - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ მაია ფანჯიკიძემ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეხვედრისას ისაუბრეს იმის თაობაზე, რომ საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პარტნიორია და ამ პარტნიორობის გასაღრმავებლად შეიძლება კიდევ ბევრი რამ გაკეთდეს. ფანჯიკიძის განცხადებით, რასმუსენთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ ნატოს მომავალ სამიტზე საქართველო მისი პროგრესის ადეკვატურად ასახვას ელის.

XS
SM
MD
LG