Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი მრჩევლები ერაყში ჩავიდნენ


ამერიკელი სამხედრო მრჩევლების პირველი ჯგუფი, რომელიც ერაყის ხელისუფლების დასახმარებლად შეიქმნა, ბაღდადში ჩავიდა. ისინი ერაყის ხელისუფლებას ტერორისტებთან ბრძოლაში დაეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ვიცე-ადმირალი ჯონ კირბი. კირბის სიტყვებით, ეს ჯგუფი იმ 90 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება, რომლებიც ადრე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გადიოდნენ სამხედრო სამსახურს. ისინი შეუერთდებიან 40 ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც უკვე განთავსებულნი არიან ბაღდადში ამერიკის საელჩოს უსაფრთხოების დასაცავად. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, ბაღდადში ჩასული სამხედროების დავალებაა, შეისწავლონ ერაყის უსაფრთხოების ძალების მზადყოფნა და ასევე განსაზღვრონ ეფექტიანი გზები ამერიკელი მრჩევლების გამოსაყენებლად. ერაყში 300 ამერიკელი სამხედრო მრჩევლის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასულ კვირაში მიიღო.

XS
SM
MD
LG