Accessibility links

logo-print

დღევანდელ სიუჟეტში საუბარს განვაგრძობ კუბურ ორკესტრ „ირაკერეზე“, რომელიც 1973 წელს პიანისტმა და კომპოზიტორმა ჩუჩო ვალდესმა დააარსა. როგორც უკვე ვთქვი, მან, ტრადიციული კუბური რიტმიკის ნაცვლად, კარკასად აფრიკული გამოიყენა, რითაც უფრო დაუახლოვდა ჯაზის იმპროვიზაციულ ბუნებას. ნოვაცია მრავალფეროვანი არანჟირების საშუალებას იძლეოდა და, ანსამბლის მუსიკოსების მაღალი საშემსრულებლო დონის გათვალისწინებით, სოლო თუ კოლექტიური იმპროვიზირების სივრცეებს მნიშვნელოვნად აფართოებდა. არტისტებს კი, მართლაც, ერთმანეთზე უკეთესებს მოუყარა თავი: საყვირზე ხორხე ვარონასა და ქართველი მსმენელისათვის კარგად ნაცნობ არტურო სანდოვალს მოუხმო, საქსოფონზე - პაკიტო დე რივერას, ბასზე - კარლოს პუერტოს, დრამზე - ენრიკე პლას, ხოლო პერკუსიული საკრავები ოსკარ ვალდესსა და არმანდო კუერვოს ანდო.

​დიახ, ჩუჩო ვალდესის რეცეპტმა გაამართლა. „ირაკერე“ კუბის წამყვან კოლექტივად და „მოძმე სოციალისტურ ქვეყნებში“ ეროვნული კულტურის მთავარ საექსპორტო პროდუქტად იქცა. „საბჭოთა სამყაროში“ მოპოვებული არნახული პოპულარობის მიუხედავად, თავად არტისტებისათვის გაცილებით ღირებული ამერიკელი კოლეგების ყურადღება და შეფასება გახდლათ. ასე ნანატრი აღიარება კი 1977 წელს ეწვიათ, როცა „თავისუფლების კუნძულს“ დიზი გილესპი და სტენ გეტცი ეწვივნენ. ეს ვიზიტი რამდენიმე მიზეზის გამო გახლდათ მნიშვნელოვანი: ჯერ ერთი, თითქმის 20 წლით შეწყვეტილი მუსიკალური დიალოგი განახლდა და, მეორეც, „ირაკერეს“ ამერიკელი მსმენელის გულების დაპყრობის საშუალება მიეცა. მოსმენილით აღფრთოვანებულმა დიზი გილესპიმ ორკესტრის ჩანაწერები სამშობლოში გაიყოლა და ხმის ჩამწერი სტუდია „CBS“-ი დააინტერესა. ამ უკანასკნელმა კი „ირაკერეს“ ჯერ სადებიუტო ამერიკული ალბომი გამოაცემინა, ხოლო მოგვიანებით სახელოვან ნიუ-პორტის ფესტივალზეც მიიპატიჟა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: „ირაკერე“ მსმენელმაც და კრიტიკოსებმაც მსოფლიო ჯაზური სცენის ერთ-ერთ საუკეთესო ფიუჟენ ბენდად მონათლეს. ორკესტრის აღიარებით კუბის ხელისუფლებამაც იხეირა. სპორტსმენებთან ერთად, „ირაკერეს“ წარმატება როვოლუციის მთავარ მონაპოვრად გამოცხადდა.

„ირაკერემ“ კუბის მთავრობას პრობლემებიც შეუქმნა - უფრო ზუსტად კი, საქსოფონისტმა პაკიტო დე რივერამ, რომელიც 1981 წლის მადრიდული საგასტროლო კონცერტისას გაუჩინარდა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიაშურა, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით. ფიდელ კასტროსთვის ეს ფაქტი ისეთივე დრამატული და სკანდალური მარცხი გახლდათ, როგორც საბჭოთა კავშირისთვის ნურიევის ან მიხაილ ბარიშნიკოვის გაქცევა. ჩუჩო ვალდესი და „ირაკერეს“ წევრები აიძულეს კოლეგა საჯაროდ გაეკიცხათ და რევოლუციის მოღალატედ მოენათლათ. არადა, დე რივერას მასშტაბის მუსიკოსის წასვლამ, პირველ რიგში, თავად ორკესტრს მიაყენა სერიოზული დარტყმა, რადგან მისი წონის წამყვანი საქსოფონისტისა თუ კლარნეტისტის მოძიება არცთუ მარტივი საქმე გახლდათ. თუმცა ჩუჩო ვალდესმა მაინც მოახერხა მიღწეული წარმატების შენარჩუნება. „ირაკერე“კვლავაც ბევრს გასტროლირებდა მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე, რომელთა შორის ლონდონში, რონი სკოტის ჯაზკლუბში, გამართულ ყოველწლიურ ანგაჟემენტებს გამოვყოფდი. ჰოდა, დღევანდელი სიუჟეტის ბოლოს ერთ-ერთი მათგანის - 1991 წლის გამოსვლის - ჩანაწერის ნაწილს გთავაზობთ, სადაც პიანისტი ჩუჩო ვალდესი და „ირაკერეს“ მუსიკოსები აფრო-კუბურ მოტივებზე იმპროვიზირებენ.

XS
SM
MD
LG