Accessibility links

logo-print

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა პოლიტიკური პარტიების დონორების კავშირი სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან. გამოკვლევის თანახმად, რომელიც 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 30 მაისამდე პერიოდს მოიცავს, სახელმწიფო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს უმეტეს შემთხვევაში იღებდნენ სახელისუფლებო პარტიის დონორებთან კავშირში მყოფი შემომწირველები. წინა წლებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიებისგან შემოწირულებები მიიღეს ოპოზიციურმა პარტიებმაც, თუმცა, მმართველ პარტიასთან შედარებით, გაცილებით ნაკლები რაოდენობის. რა კავშირია პოლიტიკურ პარტიებს, დონორებსა და სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებულ კომპანიებს შორის?

2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 30 მაისამდე პერიოდში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 700-მდე შემომწირველისგან 8 მილიონამდე ლარის შემოწირულება მიიღო. ნინო ბურჯანაძის პარტიამ „დემოკრატიულმა მოძრაობა – ერთიანმა საქართველომ“ იმავე პერიოდში 300-მდე შემომწირველისგან 2 მილიონ 600 ათასამდე ლარი, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 300-მდე შემომწირველისგან 700 ათასამდე ლარი მიიღო. ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, პოლიტიკური პარტიების 400-მდე დონორი 875 კომპანიასთანაა დაკავშირებული, პირდაპირი და უშუალო კავშირი კი, 20 შემომწირველის შემთხვევაში, 22 კომპანიასთან იკვეთება:

ეკა გიგაური

ეკა გიგაური

„2013-2014 წლების განმავლობაში იმ პირებმა, რომლებმაც შესწირეს „ქართულ ოცნებას“, გამარტივებული და კონკურენტული ტენდერით მიიღეს კონტრაქტები, რომელთა საერთო ღირებულება იყო, დაახლოებით, 40 მილიონი ლარი, და აქედან მხოლოდ 10 მილიონი იყო გაფორმებული როგორც გამარტივებული წესით მიღებული“.

ეკა გიგაურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, მთლიანობაში, 2 მილიონამდე ლარის, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 1,5 მილიონი ლარის კონტრაქტები მიიღეს. ფრაგმენტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასკვნიდან:

„ის ტენდენცია, რომელიც ფიქსირდებოდა გასული წლების განმავლობაში, როდესაც თითქმის 99% შემთხვევაში სახელმწიფო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის დონორებთან კავშირში მყოფი შემომწირველები იღებდნენ, არ არის შენარჩუნებული. ასევე, არ შენარჩუნდა ის ტენდენცია, როდესაც იურიდიულ პირებთან კავშირში მყოფი შემომწირველები მხოლოდ სახელისუფლებო პარტიებს სწირავდნენ თანხებს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ იურიდიული პირები და მათთან კავშირში მყოფი კომპანიები ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ შემოწირულებებს ახორციელებენ, თუმცა მმართველი კოალიციის სასარგებლოდ გაკეთებული შემოწირულებები მეტია“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გაკეთებული ამ დასკვნის პასუხად, ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ვითარება აღწერილზე მეტად მძიმეა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა:

„ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ ჰყავს შემომწირველები და ჩვენი დაფინანსების 99% არის სახელმწიფო ბიუჯეტით კვალიფიცირებული საარჩევნო სუბიექტებისათვის განსაზღვრული დაფინანსება. აბსოლუტურად ყველა შემომწირველს, ვინც კი ჰყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“ წინა წლებში, დღევანდელმა ხელისუფლებამ შეუქმნა სერიოზული პრობლემები და ადამიანებს აღარ უნდათ გაიღონ თანხები „ნაციონალური მოძრაობისათვის“. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მაქსიმალური გამჭვირვალობა იყოს ტენდერების ჩატარების პროცესში, რათა „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს ასეთი ხელოვნური შემოწირვების მიღების საშუალება“.

უნდა შევისწავლოთ ეს სტატისტიკა და თუ საჭირო იქნება, უნდა გამოვიდეთ საკანონმდებლო ინიციატივით, რათა სახელისუფლებო პარტიებს შემოწირებულებების ზღვრული ოდენობა დავუწესოთ...

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებასა და მმართველი პარტიის დაფინანსებას შორის პირდაპირი კავშირი წლებია არსებობს და ხელისუფლების შეცვლით ეს ურთიერთობა არ დარღვეულა:

„საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნესია ხელისუფლებაში ყოფნა და, შესაბამისად, შენი მეგობრებისათვის და ვასალი ბიზნესმენებისათვის იმ შეკვეთების მიცემა, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სახით კეთდება. სახელმწიფო შესყიდვებში ისეთივე სიბნელეა, როგორიც იყო წინა ხელისუფლების დროს. ტენდერები ფორმალურია. იმარჯვებს ის, ვინც ახლოა ხელისუფლებასთან და, ბუნებრივია, ეს წარმოქმნის ვალდებულებებს. არაფერი ახალი არ ხდება“.

პასუხად მმართველ კოალიციაში აცხადებენ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბიზნესი გათავისუფლდა და, შესაბამისად, პარტიების დაფინანსებაც ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს, რის გამოც ბიზნესი მმართველ პარტიასთან ერთად ოპოზიციურ პარტიებსაც აფინანსებს, თუმცა, როგორც უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე ამბობს, თვალშისაცემია დისბალანსით გამოწვეული უხერხულობა:

„უნდა შევისწავლოთ ეს სტატისტიკა და თუ საჭირო იქნება, უნდა გამოვიდეთ საკანონმდებლო ინიციატივით, რათა სახელისუფლებო პარტიებს შემოწირებულებების ზღვრული ოდენობა დავუწესოთ. რაღაც ფონმით უნდა გაჩნდეს იმის წინაპირობა, რომ მმართველ პარტიას არ ჰქონდეს დიდი ფინანსური უპირატესობა სხვა პოლიტიკური სუბიექტების მიმართ“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ კვლევის შედეგად კანონის დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა, თუმცა კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებული ეჭვების გასაფანტად ორგანიზაციამ კვლევის მასალები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მაინც გადაუგზავნა.

XS
SM
MD
LG