Accessibility links

logo-print

25 ივნისს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ციხეებში არსებული ვითარების ამსახველი ანგარიშის - „მსჯავრდებულთა უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები“ - პრეზენტაცია გამართა. აშშ-ის ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) მხარდაჭერით მომზადებულ ანგარიშში 2013 წელსა და 2014 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მდგომარეობის ამსახველი მასალა შევიდა. როგორია ციხეებში მსჯავრდებულთა ცემისა და არაადამიანური მოპყრობის თუ პატიმართა გარდაცვალების მხრივ არსებული ვითარება, გამოძიებულია თუ არა ეს საქმეები და რამდენად აუცილებელია ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგი?

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტების მიერ მომზადებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამება და არაადამიანური მოპყრობა სისტემური დანაშაული აღარ არის, თუმცა, გატარებული რეფორმების მიუხედავად, კვლავაც რჩება პრობლემები, რაც მსჯავრდებულთა მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობის თვითკმაყოფილების მიზეზი არ უნდა გახდეს ის ფაქტი, რომ ციხეებში პატიმრებს აღარ აწამებენ. საქართველოს პენიტენციარული სისტემის ევროსტანდარტებთან მისაახლოებლად ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი, აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი. მისი თქმით, ციხეებში პატიმართა ჯანდაცვა კვლავაც პრობლემაა:

ალეკო ცქიტიშვილი

ალეკო ცქიტიშვილი

„გვიანდება ხოლმე რეაგირება პატიმრების განცხადებებზე მაშინ, როდესაც ისინი ითხოვენ მკურნალობას ან ოპერაციას. ზოგჯერ ამ ადამიანების გაუსაძლისი ყოფა წამებასაც კი უახლოვდება. თუმცა ჩვენ, ცხადია, ვხედავთ, რომ გაზრდილია ამ სფეროს დაფინანსებაც და რეაგირებაც, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“.

ბევრი ადამიანი მძიმე სენით ციხეებში სწორედ წამების შედეგად დაავადდა, ამიტომაც სახელმწიფოს მათ მიმართ ორმაგი ვალდებულება აქვს, ამბობს ალეკო ცქიტიშვილი. მისივე განცხადებით, მართალია, დღეს უკვე წამებას ციხეში ტენდენციის სახე აღარ აქვს, მაგრამ ბოლო ხანებში პატიმრების ცემის არაერთი ფაქტი გახმაურდა:

„და ეს ფაქტები შეიძლება იყოს სიგნალიც სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლებისათვის, რომ თუ რეაგირება არ იქნება უფრო სწრაფი და საყვედურს არ გამოუცხადებენ ან არ მიუთითებენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ამაში, მაშინ პატიმრების უფლებების დარღვევა ისევ ტენდენციად და სისტემურ დანაშაულად შეიძლება იქცეს“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტებს, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, ციხეში პატიმრების მონახულება ხშირად უწევთ. ანგარიში სწორედ მათ მიერ წარმოებულ საქმეებს ეყრდნობა. ანგარიშის ავტორი თამარ ავალიანი გვეუბნება, რომ დღეს ციხეების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავაც რჩება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლება.

ხშირია პატიმრებისათვის ფსიქოტროპული საშუალებების განუსაზღვრელი დოზით მიცემის ფაქტებიც, თუმცა ეს პრობლემის გადაწყვეტის გზა არ არის:

„მაგალითისთვის, მე მყავდა ერთი პატიმარი მეშვიდე დაწესებულებაში, რომელსაც ჯერ აძლევდნენ ერთ დიაზეპამს, შემდეგ სამს და, ბოლოს, რვას და ცხრასაც, რაც მას უფრო აგრესიულს ხდიდა და უკურეაქციას იწვევდა. ეს მაშინ, როცა ამ ადამიანს კომპლექსური მკურნალობა ესაჭიროებოდა. ამ პრობლემას ჩვენ წავაწყდით მე-15 და მე-17 დაწესებულებებში“.

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატიმართა პრობლემებს. კერძოდ, დღემდე პრობლემად რჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ასეთი პატიმრებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა. თამარ ავალიანი ასევე ამბობს, რომ, დაგვიანებული სამედიცინო ჩარევის შედეგად, ბოლო ხანებშიც არაერთი პატიმარი გარდაიცვალა:

„ბოლო, ყველაზე გახმაურებული საქმე იყო ავთანდილ მაისურაძის საქმე. ქუთაისის მე-14 დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს და, სწორედ დაგვიანებული რეაგირებიდან გამომდინარე, გარდაიცვალა. მას არ უტარდებოდა ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა. იყო პატიმართა გარდაცვალების სხვა ფაქტებიც და, მიუხედვად იმისა, რომ ეს არ არის სისტემური ხასიათის, მაინც არ უნდა დავიმშვიდოთ თავი“.

ძალიან უცნაურია, როცა ანგარიშში ვაწყდებით დრამატულ სათაურს გარდაცვალების შემთხვევების შესახებ და მხოლოდ ერთი ფაქტია მოყვანილი, მაისურაძის შემთხვევა, რომელზეც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დეზინფორმაცია გაავრცელა დიპლომატიური არხების საშუალებით და ამაზე ჩვენ პასუხიც გავეცით. ამ პასუხს ისინი თავადაც დაეთანხმნენ, თუმცა ის ანგარიშში არ მოხვდა...

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე „ადამიანთა უფლებათა ცენტრის“ მიერ მომზადებულ ანგარიშს სამოყვარულოს უწოდებს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ მასში ბევრი უზუსტობაა და, რაც მთავარია, მიღწეული პროგრესის მიჩქმალვას ისახავს მიზნად. თუ ეს ასე არ არის, ამბობს არჩილ თალაკვაძე, მაშინ არასერიოზულია მხოლოდ 17 მაგალითით მსჯელობა, მაშინ როდესაც ბოლო ორ წელიწადში 49 000 პატიმარს გაეწია სამედიცინო მომსახურება. არჩილ თალაკვაძე ჩამოთვლის იმ მიღწევებს, რომლებიც ანგარიშში ნახსენებიც არ არის:

„8 700-ზე მეტმა პატიმარმა მიიღო სამედიცინო მომსახურება სამოქალაქო საავადმყოფოებში ამ ბოლო წლინახევრის განმავლობაში. 11-ჯერ არის შემცირებული ტუბერკულოზის შემთხვევები, რაც მართლა უპრეცედენტო შემცირებაა ბოლო ოცი წლის განმავლობაში. დაიწყო C ჰეპატიტის პროგრამა, რაშიც ჩართულია 172 პაციენტი და არა 40 პაციენტი, როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წერს ანგარიშში. 40 000-ზე მეტი ამბულატორიული პროცედურა და მკურნალობა ჩაატარეს თვითონ პენიტენციური ჯანდაცვის ექიმებმა. სამედიცინო პერსონალი, ექთნები გადავამზადეთ და, ზოგადადაც, პერსონალი, დაახლოებით, 30%-ით განვაახლეთ. გაიხსნა ახალი სამედიცინო ცენტრები, სიკვდილობის მაჩვენებელი უპრეცედენტოდაა შემცირებული. ისტორიულად, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 2013 წელს, სულ - 25 პატიმარი, მაშინ როდესაც 2011 წლის მხოლოდ მარტში არის გარდაცვლილი 22 ადამიანი“.

იმ ფაქტების შესახებ კი, რომლებიც ანგარიშში მოხვდა, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ისინი ან არაზუსტია, ან საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს:

„მაგალითად, ანგარიშში არ წერია, რომ ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების 99% თავმოყრილია ერთ სამედიცინო ცენტრში და რომ ამ მხრივაც შემცირებულია სიკვდილობა. რაც შეეხება ე.წ. აქტირების კომისიას, რომელზეც საუბარია ანგარიშში, ისევ ვაწყდებით არასწორ და, ჩემი აზრით, ძალიან მიკერძოებულ მონაცემებს, როცა ამბობენ, რომ ეს კომისია არაეფექტურად მუშაობს. ამ კომისიამ 2013 წელს 104 პატიმარი გაათავისუფლა, ეს მაშინ, როცა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კომისიას არავინ გაუთავისუფლებია ციხიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ძალიან უცნაურია, როცა ანგარიშში ვაწყდებით დრამატულ სათაურს გარდაცვალების შემთხვევების შესახებ და მხოლოდ ერთი ფაქტია მოყვანილი, მაისურაძის შემთხვევა, რომელზეც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დეზინფორმაცია გაავრცელა დიპლომატიური არხების საშუალებით და ამაზე ჩვენ პასუხიც გავეცით. ამ პასუხს ისინი თავადაც დაეთანხმნენ, თუმცა ის ანგარიშში არ მოხვდა“.

არჩილ თალაკვაძეს ანგარიშის მიმართ კიდევ არაერთი პრეტენზია აქვს, თუმცა ყველაზე მეტად ის ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარებასთან დაკავშირებულმა შეფასებებმა აღაშფოთა. ის აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფსიქოტროპული მედიკამენტების უტილიზაცია 65%-ით არის შემცირებული, ხოლო ნარკოლოგიური დახმარება ასზე მეტ პატიმარს აღმოუჩინეს, რაც მანამდე, ფაქტობრივად, ხელმიუწვდომელი იყო.

ნაზი ჯანეზაშვილი

ნაზი ჯანეზაშვილი

ციხის საერთაშორისო რეფორმის პროგრამის კოორდინატორი ნაზი ჯანეზაშვილი არ უარყოფს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარება მკვეთრად განსხვავდება ორი წლის წინანდელი სიტუაციისგან, თუმცა იმასაც ამბობს,რომ ასე მოკლე ხანში რადიკალურად პროგრესი ვერ მიიღწევა. დღეს ის უპირველეს ამოცანად საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნას ასახელებს და ამბობს, რომ სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის პარალელურად თუ საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმიც იარსებებს, ჩვენ კიდევ უფრო უტყუარი ინფორმაცია გვექნება ციხის შიგნით არსებული ვითარების შესახებ:

„ეს უმნიშვნელოვანესი რამ არის იმისათვის, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ საზოგადოებამ უკეთ გაიგოს და, მეორე მხრივ, ამ სფეროში მომუშავე ხალხმა შეამოწმოს, რეალურად რა ვითარებაა ციხეში. ადვოკატებისათვის მიცემული ინფორმაცია არის სულ სხვა ტიპის ინფორმაცია, ის პატიმრის მონათხრობს ეყრდნობა და მტკიცებულებები ნაკლებად ახლავს ხოლმე. წლების წინ პატიმრები არაერთ პრობლემაზე ლაპარაკობდნენ ადვოკატებთან, - ვგულისხმობ თუნდაც წამების გახმაურებულ კადრებს, - მაგრამ ეს ბევრისთვის არ იყო დამაჯერებელი სწორედ იმ მიზეზით, რომ მტკიცებულებები არ ახლდა. ახლა რომ აღარ აღმოვჩნდეთ ამ პრობლემების წინაშე და საზოგადოებამ მუდმივად აკონტროლოს ციხეში რა ხდება, ამიტომ არის საჭირო საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის არსებობა. თუმცა ჯერჯერობით კიდევ არ გვაქს პასუხი, შეიქმნება თუ არა ეს მექანიზმი“.

XS
SM
MD
LG