Accessibility links

რუსეთის ფედერაციის საბჭომ გააუქმა უკრაინაში ინტერვენციაზე ნებართვა


კენჭისყრის პროცესი

კენჭისყრის პროცესი

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ გააუქმა რუსეთის ჯარისთვის უკრაინაში ინტერვენციაზე გაცემული ნებართვა.

ფედერაციის საბჭოში 25 ივნისს გამართულ კენჭისყრაზე ნებართვის გაუქმებას მხარი დაუჭირა 153-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო ერთი.

კენჭისყრამდე ინიციატივის შესახებ დებატები არ გამართულა.

მანდატი მარტში გაიცა და რუსეთს უფლებას აძლევდა საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია მოეხდინა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 24 ივნისს გამოაცხადა, რომ დეპუტატებს მიმართა ნებართვის გაუქმების თხოვნით. პუტინის განცხადებით, ეს ნაბიჯი უკრაინაში სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერას ემსახურება.

რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი სტატუსი, რომ ის დიდ ძალას წარმოადგენს, დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის საგარეო პოლიტიკის კურსს და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს...

ფედერაციის საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში მიღებისთანავე შევიდა.

საბჭოს პრესმდივნის მოადგილე ილია უმახანოვმა განაცხადა, უკრაინაში რუსეთის ჯარის გაგზავნის თაობაზე 1 მარტს მიღებული რეზოლუცია სწორ დროს გადადგმული სწორი ნაბიჯი იყოო.

„რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი სტატუსი, რომ ის დიდ ძალას წარმოადგენს, დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის საგარეო პოლიტიკის კურსს და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს“, - განაცხადა უმახანოვმა.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციაზე უფლების გაუქმებით რუსეთის სენატორებმა შეცდომა კი არ გამოასწორეს, არამედ უცხოელ კოლეგებს მისცეს საშუალება რუსეთის პარლამენტთან ნორმალურ სამუშაო ურთიერთობას დაუბრუნდნენ.

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, 24 ივნისს მიესალმა პუტინის განცხადებას და მას კრიზისის განმუხტვის მიზნით რუსეთის მიერ გადადგმული „პირველი პრაქტიკული ნაბიჯი“ უწოდა.

მოგვიანებით პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა იძულებული გახდეს გააუქმოს თავის მიერვე გამოცხადებული ზავი, რადგან პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს უკრაინის სამხედრო ვერტმფრენი და ცხრა ჯარისკაცი იმსხვერპლეს.

პოროშენკოს მიერ დეკლარირებული ზავი დროდადრო ისედაც ირღვევა, სპონტანური შეტაკებების შედეგად.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა, 25 ივნისს ბრიუსელში, ნატო-უკრაინის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ასეთი განცხადება გააკეთა:

პავლო კლიმკინი

პავლო კლიმკინი

„ზავის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის. როგორც ითქვა, გუშინდელი დღის შემდეგ საქმე გვაქვს რამდენიმე შემაშფოთებელ გარემოებასთან. თუმცა ჩვენ სრულად ვუერთგულებთ სამშვიდობო გეგმას. სრულად ვუერთგულებთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ სამშვიდობო შეთანხმებისთვის. ნებისმიერი სამომავლო გადაწყვეტილება თუ ნაბიჯი, ცხადია, დამოკიდებული იქნება უახლოეს დღეებში განვითარებულ პროცესებზე“.

25 ივნისს ბრიუსელში ნატოს გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გახსნა განცხადებით რუსეთის მხრიდან უკრაინაში გამოყენებულ „ბუნდოვან“ ბრძოლის მეთოდებზე. თავის გამოსვლაში ანდერს ფოგ რასმუსენმა თქვა, ნატო მომსწრეა მოსკოვის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ „ახალი, სხვა ტიპის ომის“ წარმოების და „ვერანაირ ნიშანს“ ვერ ხედავს იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთი თავისი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულიაო.

XS
SM
MD
LG