Accessibility links

ატოცში აღებული მავთულხლართები და შეშფოთებული მოსახლეობა


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში რუსეთის მესაზღვრეებმა სოფლის განაპირას გავლებული მავთულხლართები ახსნეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს. ეს ინფორმაცია ადგილობრივმა ახალგაზრდებმა სპეციალურად შექმნილი საკომუნიკაციო პლატფორმის მეშვეობით გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, მესაზღვრეებმა იმ ადგილას, სადაც მავთულხლართები აშალეს, ახლა ვაგონი ჩადგეს და საგუშაგო მოაწყვეს. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი პატრულირებენ როგორც ქვეითად, ისე სამხედრო მანქანებით. ადგილობრივმა მცხოვრებმა გიორგი ციქუბაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მესაზღვრეებმა დაახლოებით კილომეტრ-ნახევარზე აშალეს მავთულხლართები და ამ ქმედებამ ადგილობრივი მოსახლეობა უფრო შეაშფოთა. სოფელში იმაზე ალაპარაკდნენ, რომ შესაძლოა საოკუპაციო ძალებს ეგრეთ წოდებული საზღვრის სოფლის სიღრმეში გადმოტანა აქვთ ჩაფიქრებული. ატოცელები ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს ვერ მიდიან, რადგან არ იციან, იქვე მყოფი მესაზღვრეები როდის დააკავებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა რატიანი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ატოცის სიახლოვეს, გარკვეულ მანძილზე, საოკუპაციიო ძალების წარმომადგენლებმა ძელები და მავთულხლართები, მართლაც, მოხსნეს და იქვე დროებითი სადგომი მოაწყვეს. რატიანი ამბობს, რომ რუსულ მხარესთან ცხელი ხაზის მეშვეობით კონტაქტი შედგა და რომ ეგრეთ წოდებული საზღვრის წინ გადმოწევასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთება უსაფუძვლოა. ატოცელების უსაფრთხოების მიზნით მესაზღვრეების სადგომთან ახლოს ქართველი სამართალდამცავებიც პატრულირებენ.

ატოცში დე ფაქტო ხელისუფლებისა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების მონტაჟის პროცესი სოჭის ოლიმპიადის დასრულებისთანავე განაახლეს, რასაც დიდი ხმაური მოჰყვა. ადგილობრივი მოსახლეობის 30 ჰექტარზე მეტი მიწა მაშინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა სოფლის მინდორი, ტყის მასივი და წყლის რეზერვუარიც. მაშინ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს თეთრ სახლში ესაუბრა საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მათ ამერიკულ მხარეს აცნობეს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოჭის ოლიმპიადის დასრულებიდან მეორე დღესვე განაახლეს საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლება. ატოცელებმა მინდორში გასვლა შეწყვიტეს, რადგან ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ამ ადგილებში არაერთი საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

მარტის დასაწყისში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ატოცში ჩასულმა მოქალაქეებმა მავთულხლართებთან დიდი საპროტესტო აქცია გამართეს და მცოცავი ოკუპაციის შეწყვეტა მოითხოვეს. მაშინ აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ, ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის გარდა, ეს აქცია ადგილობრივი მცხოვრებლების გასამხნევებლადაც იყო მოწყობილი.

ატოცში ის ადამიანები, ვინც მიწა დაკარგა, მავთულხლართების აღების შემდეგაც ვერ ახერხებენ საკუთარ ნაკვეთებში მისვლას, რადგან იქვე ახლოს რუსეთის მესაზღვრეები პატრულირებენ და მიახლოების შემთხვევაში მათ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავებენ.

XS
SM
MD
LG