Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძე: ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სერიოზული წარმატებაა


მიუხედავად იმისა, რომ ბევრს არ სჯეროდა, მივედით დღემდე, როცა ხელს მოვაწერთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და რუსეთი ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ. მისივე თქმით, ეს ყველაფერი თავისთავად არ მომხდარა და დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, მონდომება და პროფესიონალიზმი. „ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სერიოზული წარმატებაა“, - განაცხადა აბაშიძემ. რაც შეეხება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მომცველი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში რუსეთის შემდგომ ნაბიჯებს, აბაშიძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი უახლოეს ხანში გაირკვევა. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ივლისის პირველ ნახევარში პრაღაში შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს, მანამდე კი გაიმართება ექსპერტთა შეხვედრა სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებზე. “იქ გავიგებთ, თუ რას ფიქრობს რუსეთი საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მომავალზე, ამიტომ ამ ეტაპზე არ ვარ მომხრე, რომ ზედმეტი დრამატიზება მოვახდინოთ და კატასტროფული სცენარების მოლოდინში ვიყოთ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკურ პარამეტრებს გადახედოს. საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელს 27 ივნისს მოაწერს. ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში დღეს გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG