Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედროებმა მოხსნეს ატოცთან გავლებული მავთულხლართები


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფმა რუსეთის სამხედროებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან გავლებული მავთულხლართები მოხსნეს. ადგილობრივმა მცხოვრებმა გიორგი ციქუბაძემ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართები კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთიდან აიღეს. მისივე ინფორმაციით, ამ ფაქტმა ატოცელები შეაშფოთა, რადგან ივარაუდეს, რომ რუს სამხედროებს ე.წ. საზღვრის სოფლის სიღრმეში გადატანა სურთ. მავთულხლართების მოხსნის ფაქტი დაადასტურა საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოჩა რატიანმა. მისი განცხადებით, რუსულ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდნენ და მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ატოცის სიღრმეში ე.წ. საზღვრის გადატანის საფრთხე არ არსებობს. გოჩა რატიანის ცნობით, ამჟამად ატოცთან გახსნილია რუსეთის საოკუპაციო ძალების საგუშაგო და მის სიახლოვეს, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირებენ საქართველოს სამართალდამცავები. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფმა რუსეთის სამხედროებმა ოსურ მხარესთან ერთად სოფელ ატოცთან მავთულხლართები სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ გაავლეს, რის შედეგადაც სოფლის კუთვნილი 30 ჰექტარზე მეტი მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

XS
SM
MD
LG