Accessibility links

logo-print

შსს უსაფუძვლოდ მიიჩნევს შეშფოთებას ატოცთან მავთულხლართების მოხსნის გამო


საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, გოჩა რატიანი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სოფელ ატოცის მოსახლეობის შეშფოთებას, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსეთის სამხედროები შესაძლოა აპირებდნენ მავთულხლართების ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის შიგნით გადაწევას. ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებას გამოთქვამს მას შემდეგ, რაც, 26 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა მოხსნეს მავთულხლართები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გაავლეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან. გოჩა რატიანის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ძელების და მავთულხლართების მოხსნის გარდა, იქვე მოაწყეს, რატიანის თქმით, დროებითი სადგომი. რატიანის ინფორმაციით, ცხელი ხაზის მეშვეობით რუსულ მხარესთან შედგა კონტაქტი. ამ კომუნიკაციის საფუძველზე, საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი უსაფუძვლოდ მიიჩნევს ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთებას, რომ საოკუპაციო ძალები შესაძლოა აპირებდნენ მავთულხლართების ატოცის სიღრმეში გადაწევას. თუმცა, ცნობების თანახმად, კვლავ გაურკვეველია, რატომ მოხსნეს საოკუპაციო ძალებმა ატოცთან გავლებული მავთულხლართები.

XS
SM
MD
LG