Accessibility links

კარლ ბილდტი: ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის


შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ახალ, უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის. ბილდტმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა თბილისში, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე: ”საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები გადადის ახალ, უფრო იმედისმომცემ და უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე. ამისათვის ჩვენ ერთად ვმუშაობდით იმ დროს, როდესაც თავად საქართველო იყო მნიშვნელოვანი დემოკრატიული ცვლილებებისა და გარდაქმნის პროცესში. მინდა მოგილოცოთ ადგილობრივი არჩევნების კარგად ჩატარება ... იყო ცალკეული დარღვევები, მაგრამ ვხვდები, რომ ეს საკითხი მოგვარდება. დემოკრატიის უწყვეტი რეზონანსისა და ხარისხის პატივისცემა წარმოადგენს ერთ-ერთ საყრდენს ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებისათვის,” - განაცხადა კარლ ბილდტმა, რომელიც თბილისს ეწვია სამიოდე დღეში მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ქართველ კოლეგა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრამდე ის ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს შემდეგ ესტუმრება მოლდავეთსა და უკრაინას, რომლებმაც, ისევე როგორც საქართველომ, 27 ივნისს მოაწერეს ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებებს.

XS
SM
MD
LG