Accessibility links

logo-print

„ნაცრისფერ სიაში“ გადაინაცვლა საქართველოს საზღვაო დროშამ


1 ივლისიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვაო დროშამ პარიზის ურთიერთგაგების მემორანდუმის ე.წ. შავი სიიდან ოფიციალურად გადაინაცვლა „ნაცრისფერ სიაში“, რასაც ქვეყანა 1998 წლიდან ელოდებოდა - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ. მისი განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვაო დროშა მსოფლიოს „შავ სიაში“ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც გემების სახელმწიფო რეესტრი ღია რეესტრად გამოცხადდა. მიქელაძის ინფორმაციით, ქვეყნისთვის არასახარბიელო სიტუაციის გამოსასწორებლად საქართველოს მთავრობამ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ბოლო ხანს განახორციელეს წარმატებული რეფორმები, კერძოდ, გამკაცრდა საქართველოს დროშით რეგისტრირებული გემების ტექნიკური ზედამხედველობა, კანონმდებლობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად შეიცვალა, გაუმჯობესდა საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის მომსახურების პირობები და შემცირდა ტარიფები. ნათია მიქელაძის განცხადებითვე, რეფორმების შედეგად საქართველოს სახელმწიფო საზღვაო დროშა შავი სიიდან ოფიციალურად ამოიღეს და აღარ მოიაზრება მაღალი რისკის დროშად. პარიზის ურთიერთგაგების მემორანდუმი ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს, კანადას და რუსეთს აერთიანებს და საზღვაო დროშებს შავ, ნაცრისფერ და თეთრ კატეგორიებს ანიჭებს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, საქართველო 1998 წლის შემდეგ პირველად აღმოჩნდა „ნაცრისფერ სიაში“, რაც მთელ მსოფლიოში აამაღლებს სახელმწიფო საზღვაო დროშის რეპუტაციას და სანდოობას და ქვეყნის ეკონომიკას დამატებით სარგებელს მოუტანს.

XS
SM
MD
LG