Accessibility links

ბარზანი: ერაყელი ქურთები დამოუკიდებლობის რეფერენდუმს „რამდენიმე თვეში“ გამართავენ


ერაყის ავტონომიური ქურთთა რეგიონის ლიდერი, მასუდ ბარზანი აცხადებს, რომ რამდენიმე თვეში აპირებს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამოცხადებას. „ბიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბარზანი ამბობს, რომ ახლა საამისოდ ხელსაყრელი დრო დადგა, ვინაიდან ერაყი ფაქტობრივად უკვე დანაწევრებულია. „ქურთისტანში რეფერენდუმს ჩავატარებთ, ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და ვუერთგულებთ და ვიმედოვნებთ, რომ სხვებიც ასევე მოიქცევიანო“ - განაცხადა ბარზანიმ. მისი თქმით, რეფერენდუმის დღე ჯერჯერობით დანიშნული არ არის, მაგრამ ეს „ნამდვილად რამდენიმე თვეში მოხდება“. ამასთან, ბარზანის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ქურთთა რეგიონულმა პარლამენტმა უნდა მიიღოს. ბარზანის განცხადებების ფონია „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი, სუნიტთა ექსტრემისტული ჯგუფის მიერ ივნისში განხორციელებული შეტევა, რომლის შედეგად ექსტრემისტებმა ერაყის ჩრდილოეთში და დასავლეთში არაერთ ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი და „ხალიფატი“ გამოაცხადეს ერაყისა და სირიის დაკავებულ ტერიტორიებზე.

XS
SM
MD
LG